ნუკრი რევიშვილი ახალ სეზონს რუსეთში დაიწყებს და დიდი ალბათობით, ეს პრემიერლიგური გუნდი იქნება – ჯერჯერობით, კლუბი არ კონკრეტდება, რადგან მოლაპარაკება დასრულებული არაა. რევიშვილმა რუსეთში გადასვლაზე თავად განაცხადა timesofmalta-სთან საუბარში.
როგორც იცით, რევიშვილი, ირაკლი მაისურაძე და აბაიომო ოვონიკოკო მალტის ჩემპიონები გახდნენ “ვალეტას” შემადგენლობაში და 1 მაისს თასის ფინალი ელით “სლიმა უონდერერსთან”.
რევიშვილი: “იანვარში მივიღე მალტიდან წინადადება. რამდენიმე დღე ვიფიქრე და დავთანხმდი. შევხედე ჩემპიონატის ცხრილს, “ვალეტა” 6 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ “ბირკირკარას” და ეს მცირე სხვაობა არ იყო, თუმცა ჩემპიონობისთვის უნდა გვებრძოლა.
... მალტა გამოწვევა იყო, მე კი მიყვარს გამოწვევები და ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის, რომ დღეს “ვალეტაში” ვარ. “ვალეტაში” იმაზე უკეთესი საფეხბურთო სიტუაცია დამხვდა, ვიდრე ველოდი. პროფესიონალიზმს ვხედავ, ისინი ერთად მუშაობენ წარმატებისთვის და წარუმატებლობასაც ერთად განიცდიან.
... “ბირკირკარასთან” ბოლო ტურის მატჩი რომ დასრულდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემპიონები გავხდით. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო ჩემს კარიერაში. ჩვენ მთელი ამ თვეების განმავლობაში მეორე ადგილზე ვიყავით, მაგრამ ბოლო ტურში ლიდერს სტუმრად ვძლიეთ და პირველზე გავედით.
... მომდევნო სეზონს რუსეთში დავიწყებ, სადაც კარიერის უმეტესი ნაწილი გავატარე. ამ ეტაპზე კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ “ვალეტას” გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და ისინი ჩემს გულში დარჩებიან. მინდა, სამომავლოდ წარმატება ვუსურვო ჩემს თანაგუნდელებს. გულწრფელად გეტყვით, მალტას არასოდეს დავივიწყებ”.
მალტური გამოცემა წერს,რომ იშვიათად, რომელიმე ფეხბურთელს ასეთი წვლილი შეეტანოს “ვალეტას” ჩემპიონობაში, როგორც რევიშვილს. კლუბმა ახალი კონტრაქტი შესთავაზა საქართველოს ნაკრების მეკარეს, თუმცა როგორც უკვე ვთქვით, რევიშვილი ერთ-ერთ რუსულ კლუბში გადავა.