საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი, რევაზ მინდორაშვილი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო ხალიჩას უბრუნდება. მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი, მომავალი სეზონიდან, სანაკრებო კონკურენციაში ჩაერთვება და თავიდან გალიდერებასა და ოქროს დიდი მონაგარის კიდევ უფრო მეტად გაზრდას შეეცდება. პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, მინდორაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და ამ იძულებითმა პაუზამ რამდენიმეჯერ, მისი აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებაც ააგორა ჭორი. თავად სპორტსმენს ეს ინფორმაცია ერთხელაც არ დაუდასტურებია. ახლახან კი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ხელფასდანიშნულ ქართველ სპორტსმენთა სია წარუდგინეს, ყველანაირი ჭორი საბოლოოდ გაიფანტა. “რევაზ მინდორაშვილი ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ, მიზნის მიღწევა არც გაუჭირდება” – განაცხადა მაშინ სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა.
84 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველა ტიტულის მომგებმა გურჯაანელი მოჭიდავემ მკურნალობის კურსი გერმანიაში გაიარა. საქართველოში გუშინწინ დაბრუნდა და “მსოფლიო სპორტს” იძულებით პაუზასა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
- პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ერთხელ თქვით, შეიძლება აქტიურ სპორტს შევეშვაო. მას შემდეგ აღარსად გიჭიდავიათ და ბევრმა უკვე წასულადაც ჩაგთვალათ...
- საერთოდ, ასეთ განცხადებებს ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობამ ჩამაფიქრა. ოლიმპიადის შემდეგ რამდენიმეჯერ დავაპირე ტურნირში მონაწილეობის მიღება და ამ პრობლემის გამო ერთხელაც ვერ შევძელი.
- კონკრეტულად რა პრობლემაა?
- სპორტული ტრავმა ნამდვილად არაა. ამ მხრივ, საბედნიეროდ ყველაფერი რიგზეა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ შემაფერხა და მეტად დაკონკრეტება არ მსურს. 2009 წლიდან მოყოლებული, გერმანიაში 4-ჯერ ჩავედი სპეციალური კურსის გასავლელად.
- საქართველოში რატომ არ იმკურნალე?
- სამწუხაროდ, კონკრეტული დიაგნოზი ვერ მითხრეს. ისღა დამრჩენოდა, მეგობრების რჩევისთვის დამეჯერებინა და გერმანიაში ჩავსულიყავი. სხვა არჩევანი არ მქონდა, თორემ ყველა მიხვდება, ეს ყველაფერი რამხელა ხარჯებთნ იქნებოდა დაკავშირებული.
- მოქმედ სპორტსმენს მკურნალობის ხარჯს, როგორც წესი, სპორტის ზემდგომი ორგანოები უფინანსებენ. ყურადღების ნაკლებობამ ხომ არ გაგანაწყენა?
- უბრალოდ გულდასაწყვეტი იყო. სპორტსმენს რომ გაუჭირდება, გვერდში დადგომა სჭირდება...
- უკვე ბოლომდე გამოჯანმრთელდი?
- ყველაფერი რიგზეა, თუმც, როგორც პროფესორმა მითხრა, გერმანიაში ჩასვლა კიდევ დამჭირდება. უკვე აქტიური ვარჯიშის დაწყების ნება დამრთო, მაგრამ დატვირთვების გაზრდა მისი მეთვალყურეობით უნდა მოხდეს. ისე, გერმანიაში ყოფნისასაც ვახერხებდი ვარჯიშს.
- როგორ ფიქრობ, სპორტული ფორმის აღსადგენად დიდი დრო დაგჭირდება?
- ახლა ამის თქმა შეუძლებელია. ხალიჩაზე ხვალიდან შევალ და ალბათ სავარჯიშო პროცესში, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ შევატყობ თავს. ძალიან გამეწელა პაუზა და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. იქნებ ეს იძულებითი დასვენება პირიქით, სასიკეთოდაც წამადგეს.
- ევროპის ჩემპიონატისთვის შესარჩევ შეჯიბრად მიჩნეულ საქართველოს ჩემპიონატზე არ გიჭიდავია. გამოდის, ევროპირველობასაც გამოტოვებ?
- 84 კილოგრამში ძალიან კარგი ახალგაზრდა გამოჩნდა. ნაკრებში ადგილი დავით მარსაგიშვილისაა. ვფიქრობ, შეუძლია შედეგი ევროპის ჩემპიონატზეც აჩვენოს. ჩემი მხრიდან კი ევროპირველობაზე მოსახვედრად ბრძოლა ნამდვილად არ იქნებოდა გამართლებული.
- გამოდის, შიდა კონკურენციაში ზაფხულში ჩაერთვები, ბალავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირით?
- ასე ვაპირებ, თუმც იქამდე ალბათ რომელიმე საერთაშორისო ტურნირშიც მივიღებ მონაწილეობას.
- ახლახან, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ იმ სპორტსმენთა სიაში შეგიყვანა, ვისზეც ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიას გეგმავს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მისაღები თანხით ხელფასიც დაგინიშნა...
- გასახარია, რომ ჩემი ეიმედებათ. ვეცდები იმედი არ გავუცრუო. რაც შეეხება ხელფასს, არ მინდა ვინმემ თქვას, ფულის გულისთვის ჭიდაობსო. ასე მართლა არაა.
- იძულებითმა შესვენებამ წონა ხომ არ შეგმატა?
- ამ მხრივ სანერვიულო არ მაქვს. ზუსტად ის წონა ვარ, რაც პეკინის ოლიმპიადის წინ, მოსამზადებელი ციკლისას ვიყავი.
- დაბოლოს, ბოლო-ორ წელიწადში ალბათ აქტიურად ადევნებდი თვალს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებს და კონკრეტულად შენს წონით კატეგორიას...
- რა თქმა უნდა. მიმაჩნია, რომ 84 კილოგრამში ორი წლის წინ გაცილებით ძლიერი კონტიგენტი იყო, ვიდრე ამჟამადაა. არ მინდა ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ, რომ არა ის პაუზა, კიდევ რამდენიმე მედალს მოვიპოვებდი.
ოთარ მაღლაკელიძე