საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ახლახან თბილისში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ორ-ორი ოქროსა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი შეჯიბრებისთვის გუნდი ვეტერანმა მოჭიდავემ, რევაზ მინდორაშვილმა მოამზადა. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონისთვის ეს ევროპირველობა მწვრთნელის რანგში პირველი გამოცდა იყო და საკმაოდ წარმატებულადაც ჩააბარა. ქართული შვიდეულის გამოსვლა მინდორაშვილმა “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში შეაჯამა.
- კმაყოფილი ხართ ევროპირველობაზე ნაჩვენები შედეგით?
- ვფიქრობ, უკმაყოფილების მიზეზი არ მაქვს, რადგან შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში მედალი ავიღეთ, მაგრამ პატარა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა კი ნამდვილად დამრჩა. ჩვენგან დამოუკიდებელი ერთი-ორი პრობლემა რომ არა, გაცილებით კარგი შედეგის მიღწევაც შეიძლებოდა.
- თუ საიდუმლო არაა, რა შედეგს გეგმავდით ტურნირამდე?
- ვფიქრობდი, რომ ორი ოქროს მედალი კარგი შედეგი იქნებოდა. მართლაც ორ წონაში მოვიგეთ, მაგრამ უფრო მეტიც შეგვეძლო.
- თუმცა გიორგი ედიშერაშვილისგან, ალბათ ნაკრების რამდენიმე გამოცდილ მოჭიდავესთან შედარებით, ნაკლებად ელოდით ევროპის ჩემპიონობას...
- ედიშერაშვილის გამორჩეულად მეიმედებოდა და ამის შესახებ ბორჯომულ მოსამზადებელ შეკრებაზე ჩამოსულ ვეტერან მოჭიდავეს, გურამ საღარაძეს ვუთხარი კიდეც. ვარჯიშზე დააკვირდა და დამეთანხმა, მართლა სერიოზული შანსი აქვსო. გიორგი საოცარი მონდომებით უდგებოდა თითოეულ ვარჯიშს და ოპტიმალურ ფორმას ზუსტად ტურნირის წინ მიაღწია. ძალიან ძლიერად იჭიდავა და ოქროც ალალად დაიმსახურა.
- გუნდის რომელიმე წევრმა ვერ შეძლო ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომა?
- ფუნქციონალურად შვიდივე მზად იყო. ძალიან კარგი მოსამზადებელი ციკლი გავიარეთ და დასკვნითი შეკრების დასრულების შემდეგ მათი მზადყოფნით კმაყოფილი ვიყავი.
- 60 კილოგრამში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გულშემატკივრებისთვის ფინალს მიღმა მისი დარჩენა უკვე წარუმატებლობას ნიშნავდა...
- დიდი ხანი არაა, რაც 55 კილოგრამიდან 60-ში გადავიდა. ახალ წონასთან შეჩვევა საკმაოდ ძნელია, მაგრამ ლადოს შემთხვევაში ეს პრობლემა უკვე ბოლომდე მოგვარებულია. მასში უდიდეს პოტენციალს ვხედავ. უკვე წონის ერთ-ერთი ლიდერია და რაც ყველაზე სასიხარულოა, დღითიდღე უმატებს. რუსეთის ნაკრების გამოცდილ და ტიტულოვან წევრთან, ოპან სატთან ერთი პატარა შეცდომის გამო დაკარგა უმნიშვნელოვანესი ქულები და შეხვედრის მოგება ვეღარ შეძლო, მაგრამ მას აუცილებლად დაამარცხებს.
- 66 კილოგრამში ნაკრების დებიუტანტმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა ევროპირველობაზე გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულა...
- ამ წონაში შიდა კონკურენცია ისეთ მაღალ დონეზე ვერაა, როგორც სხვა წონებში, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ სიტუაცია უიმედოა. ხაბალაშვილი პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენია და ჯერ გამოცდილება აკლია. აუცილებლად მოუმატებს. ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ ყოჩაღად დაიწყო – ალბანელი მეტოქე დაამარცხა, მაგრამ მერე რუსეთის ნაკრების წევრ ბეკბულატოვთან წააგო და სამწუხაროდ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც აღარ მიეცა.
- დავით ხუციშვილმა (74 კგ) ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ერთი ნაწილი მხრის ტრავმის გამო გამოტოვა. ტურნირზეც იგივე ტრავმა მიიღო. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჯობდა, არ გაგერისკათ?
- ხუციშვილი 74 კილოგრამის შიდა კონკურენციაში გამოკვეთილი ლიდერია და ევროპის ჩემპიონობისთვისაც მზად იყო. განაცხადში მისი შეყვანით არ გამირისკავს, რადგან მოსამზადებელ ეტაპზე მიღებული ტრავმა ბოლომდე ჰქონდა მოშუშებული და სარეაბილიტაციო პერიოდიც ბოლომდე გაიარა. ევროპის ჩემპიონატზე ძველი ტრავმა კი არ გაუმიზეზდა, ახალი მიიღო. ეს ნებისმიერ მოჭიდავეს შეიძლებოდა მოსვლოდა. დათოს ჭიდაობით მაინც კმაყოფილი ვარ. სიმართლე გითხრათ, ძირითად ბადეში წაგების შემდეგ ვურჩიე, რომ რეპეშაჟში ხალიჩაზე აღარ გასულიყო, მაგრამ დაიჟინა და წინააღმდეგობას ვერაფრით გავუწევდი. ყველამ ნახა, როგორი შემართებით გააგრძელა ჭიდაობა და როგორ მოიგო ერთი შეხვედრა ცალი ხელით.
- კიდევ უფრო წინ წასვლაც შეეძლო, რომ არა ერთი უცნაური ეპიზოდი, როდესაც მსაჯმა პერიოდი წააგებინა. გაპროტესტებით სამართლიანობის აღდგენა შეიძლებოდა, მაგრამ რატომღაც თავი შეიკავეთ...
- იმ შეხვედრისას ხუციშვილს სეკუნდანტად პირადი მწვრთნელი ეჯდა და სადავო მომენტი გააპროტესტა კიდეც, მაგრამ თავად სპორტსმენმა თქვა უარი. შეიძლება მართლაც სჯობდა, მწვრთნელს დათანხმებოდა, მაგრამ ასე ჩათვალა საჭიროდ. სამწუხაროდ ნატკენი მხარი უკვე ისე აწუხებდა, რომ მედლის მოპოვების მინიმალური შანსიც აღარ ჰქონდა.
- მივადექით 84 კილოგრამამდე წონით კატეგორიას – დავით მარსაგიშვილის წონას...
- მარსაგიშვილის ჭიდაობა ყველაზე ადვილი შესაფასებელია. უნაკლოდ გააკეთა თავისი საქმე, ყველა მოწინააღმდეგეს ისე აჯობა, პატარა შანსიც კი არ დაუტოვა. ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა ტურნირს და შედეგიც სახეზეა – დათო ევროპის უკვე ორგზის ჩემპიონია.
- თუმცა ნახევარფინალში, ანზორ ურიშევთან შეხვედრის ბოლო წამებზე რუსეთის ნაკრების მწვრთნელებს მსაჯების მისამართით პრეტენზიები ჰქონდათ. რას აპროტესტებდნენ?
- ეს ბოლო იმედის პროტესტი იყო. ოქროს მედალი უკვე დაკარგული ჰქონდათ და გაპროტესტებით სცადეს სასურველი ქულის დაწერა, მაგრამ არ გამოუვიდათ.
- 96 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე ევროპირველობის წინ, საერთაშორისო ტურნირზე ისე კარგად გამოვიდა, გულშემატკივრებს გაუჩნდათ იმედი, რომ თბილისშიც მინიმუმ ბრინჯაოსთვის იბრძოლებდა, მაგრამ ჩემპიონატზე ძალიან პასიური ჩანდა და საწყის ეტაპზევე დამარცხდა...
- ოდიკაძეს რეალურად შეეძლო მედლისთვის ბრძოლა, მაგრამ თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ვერ მოახერხა. სავარაუდოდ, საკუთარი კედლების ფაქტორმა შებოჭა. გარდა ამისა, მსაჯის მიერ მიღებულმა საკამათო გადაწყვეტილებამაც დააზარალა. გაფრთხილებით რომ არ დასჯილიყო, მესამე წრეში გადიოდა და ეს წარმატება თვითრწმენასაც შემატებდა.
- მძიმე წონაში ევროგანაცხადში დებიუტანტ გენო პეტრიაშვილის დაყენება საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილება იყო. 18 წლის ბიჭისგან მედალს თავიდანვე ელოდით?
- რა თქმა უნდა. მის პოტენციალს ვხედავდი და ვატყობდი, რომ სამეულში მოსახვედრად მზად იყო. რისკის ფაქტორი, რა თქმა უნდა, არსებობდა, რადგან გენოს უფროსებში ჭიდაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ თავადაც ნახეთ, როგორ იჭიდავა ლამის მამისტოლ მეტოქეებთან. საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რამაც ძალიან გამახარა. ოქრო-ვერცხლამდე კი ის ფიზიკური ძალა დააკლდა, რომელიც წლებმა უნდა მოიტანოს. თან ნახევარფინალის წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ჰქონდა მოგებული რუს მოწინააღმდეგესთან და ჯერ კიდევ ეიფორიაში იყო.
- წილისყრაში არცერთ ქართველ მოჭიდავეს გაუმართლა. ბევრმა ვეტერანმა სპორტსმენმა ეჭვიც გამოთქვა ამ პროცესის “სისუფთავეზე”. აქვს ამ მოსაზრებას საფუძველი?
- არ ვიცი. მხოლოდ ერთს გეტყვით: თუ ჩემპიონობა გინდა, ყველაზე უიღბლო კენჭისყრისთვისაც მზად უნდა იყო. ხალიჩაზე უნდა გახვიდე და ყველას აჯობო. ტრადიციულად, ჩვენს უმთავრეს კონკურენტად რუსეთის ნაკრები მიიჩნევა, მაგრამ პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რუს მოწინააღმდეგეს პირველ წრეში შევხვდებოდი თუ ფინალში.
- ქართულ-რუსული დაპირისპირება შვიდივე წონით კატეგორიაში ვნახეთ და რუსებმა საერთო ჯამში 5:2 მოიგეს. რეალურად ამხელა უპირატესობა აქვთ?
- მოდი, ხუციშვილს ნუ მივათვლით. ტრავმა რომ არა, დარწმუნებული ვარ, მოიგებდა. ოდიკაძის შემთხვევაში კი უსამართლო გაფრთხილება აღმოჩნდა გადამწყვეტი.
- ნაკრების მთავარ მწვრთნელად საცდელი ვადით, 2013 წლის ბოლომდე ხართ დანიშნული. თუ ისაუბრეთ ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ევროპირველობის შემდეგ? რამდენად კმაყოფილები არიან?
- არ გვისაუბრია და არც ის ვიცი, როგორ აფასებენ ჩვენს გამოსვლას. სიმართლე გითხრათ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. ჩემი მთავარი საფიქრალი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატისთვის გუნდის კარგად მომზადებაა. მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ ჭიდაობის ქართველი მოყვარულების გასახარებლად.
- უკვე შეუდექით მზადებას?
- ორჯერად ვარჯიშებზე გადავედით. შეკრებებს კი ზაფხულიდან დავიწყებთ - მას შემდეგ, რაც საქართველოს თასი (21-23 ივნისი) გათამაშდება. მასზე შიდა კონკურენციას კიდევ ერთხელ დავაკვირდებით და ნაკრების ახალი შემადგენლობაც გამოიკვეთება.
- ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა უფრო სანერვიულო სპორტსმენობისას იყო თუ მწვრთნელის რანგში?
- შედარებაც არაა, მწვრთნელის რანგში გაცილებით დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია. ამ შემთხვევაში მთელი გუნდი მაბარია, სპორტსმენობისას კი მხოლოდ ჩემი თავის პატრონი ვიყავი. რამდენი ტურნირი მომიგია ისე, რომ სიხარული ვერც კი შევიგრძენი. მწვრთნელის ამპლუაში წარმატებას სულ სხვა გემო აქვს და წარუმატებლობასაც გაცილებით მძიმედ აღიქვამ.
ლაშა კუპრაშვილის ფოტო