საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, უსიამოვნო 4-წლიანი პაუზა ერთი კვირის წინათ, გერმანიაში დაარღვია. 2007 წლის შემდეგ, ქართული დროშის ქვეშ მოჭიდავე კლასიკოსებს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ოქროს მედალი ერთხელაც არ ჰქონდათ მოპოვებული. საქართველოს ჰიმნი სამ აპრილს, დორტმუნდში მიმდინარე ევროპირველობაზე, რევაზ ლაშხის (60 კგ) გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა. 23 წლის ქართველი ამ რანგის შეჯიბრზე კვარცხლბეკზე პირველად ავიდა და უმალ უმაღლეს საფეხურზე.
რევაზ ლაშხმა ჭიდაობა 9 წლის ასაკში, ბორჯომში დაიწყო, გიორგი რაზმაძესთან. 2003 წელს ვარჯიში თბილისში, ოთარ ტატიშვილთან გააგრძელა, ხოლო შარშან აკაკი ჩაჩუასთან გადავიდა. თავი ასაკობრივ ნაკრებებშიც გამოიჩინა, მაგრამ ჩემპიონი არ გამხდარა. 2004 წელს ჭაბუკთა ევროპირველობაზე ფინალში დამარცხდა, 2005-ში კი ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო ირგუნა. ბოლო წლებში ძირითადი ნაკრების ერთ-ერთ სტაბილურ წევრად იქცა, მაგრამ შედეგამდე, უმეტესწილად, სულ ცოტა აკლდებოდა ხოლმე.
რევაზ ლაშხი: ადრეც სრული დატვირთვით ვვარჯიშობდი და თითქოს მზადაც ვიყავი ხოლმე შედეგისთვის, მაგრამ ასეთი მობილიზებული აქამდე ერთხელაც არ ვყოფილვარ. შედეგი ამ შემართებამ მოიტანა. წინა წლების წარუმატებლობების უმთავრესი მიზეზიც, ალბათ, არასაკმარისი მონდომება იყო.
- თვლი რომ, ფიზიკურ-ტექნიკურად ახლაც ისევე იყავი მომზადებული, როგორც წინა წლებში?
- არა. ტექნიკური ხარვეზები ნელ-ნელა გამოვასწორე, ჭიდაობაც დავხვეწე და ეს პირველყოვლისა, მწვრთნელების დამსახურებაა. მათი დახმარებით და მხარში დგომით, ჩემპიონატს საუკეთესო ფორმაში შევხვდი. საკუთარი თავის რწმენა და ეს შემართებაც კარგი მომზადების შედეგია.
- კენჭისყრისას აშკარად არ გაგიმართლა. როდის ნახე შენი ბადე?
- ჭიდაობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. შემეძლო წინა საღამოსაც გამეგო, რომელი მეტოქით ვიწყებდი და ვინ იყვნენ სავარაუდო მოწინააღმდეგეები, მაგრამ ასე არასოდეს ვაკეთებ, მერე ძალაუნებურად მთელი ღამე მაგაზე რომ არ ვიფიქრო.
- 5 შეხვედრიდან 4 ისე მოიგე, ერთი რაუნდიც არ დაგითმია. ყველაზე მძიმე ბრძოლად, ალბათ, სწორედ იმ სამრაუნდიან შეხვედრას მიიჩნევ, რომელშიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონს, ბოლო სამ წელიწადში დაუმარცხებელ აზერბაიჯანელს, ჰასან ალიევს დაუპირისპირდი...
- ეს შეხვედრაც ორ რაუნდში უნდა მომეგო, მაგრამ მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილების გამო ვერ მოვახერხე. ისეთი მომენტი იყო, თავისუფლად შეიძლებოდა ფსიქოლოგიურად გავეტეხე, მაგრამ მწვრთნელებს იქით ვამშვიდებდი, მაინც ჩემი შეხვედრაა, ფინალში მე გავალ მეთქი. მოწინააღმდეგეებიდან მხოლოდ ალიევთან არ მქონდა აქამდე ნაჭიდავები. სხვებს ყველას ვიცნობდი, მეტ-ნაკლებად. ევროპის რუმინელ ჩემპიონთან, ეუსებიუ დიაკონუსთან შარშან წავაგე.
- როდის ირწმუნე, რომ ჩემპიონის ტიტული შენი იყო?
- სწორედ ალიევთან მოგებული შეხვედრის შემდეგ მივხვდი, რომ ფინალში არაფრით არ წავაგებდი. ისეთი ძლიერი ბადიდან გავედი, ვიცოდი, ბულგარელ სერაფიმუ ანგელოვთან არ უნდა გამჭირვებოდა.
- ჩემპიონატზე გამგზავრების წინ რა შედეგს გეგმავდი?
- რა თქმა უნდა, ჩემპიონობაზე ვფიქრობდი. ყოველთვის ასეა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე უფროსებში, ამ რანგის შეჯიბრზე არც ერთი მედალი არ მქონდა მოპოვებული, ოქროს მედლის წინასწარ დაგეგმვაც ცოტა ძნელი იყო.
- წინ სეზონის უმთავრესი შეჯიბრი - მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელზეც ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც უნდა გათამაშდეს...
- მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ დიდი დროა. ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული.
ოთარ მაღლაკელიძე
თომას გერმანის ფოტოები დორტმუნდიდან
საგანგებოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდისათვის