საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის მოსკოვური მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დღე პირველზე უკეთ კი დაიწყო, მაგრამ... ქართველებმა მხოლოდ ორ-ორი გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. დღეს მედლები 60, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში თამაშდება და ბეგი დარჩიას შვიდეულიდან ხალიჩაზე რევაზ ლაშხი (60 კგ), ვლადიმერ გეგეშიძე (84 კგ) და გურამ ფერსელიძე (120 კგ) გავიდნენ.
ლაშხმა თურქ აბდულსამეტ უგურლისთან შეხვედრა წაგებული პირველი სეტის შემდეგ შეატრიალა სათავისოდ. ლიტველ ედგარას ვენსკაიტისს შედარებით იოლად გასცდა. მეოთხედფინალში კი იაპონელ რიუტარო მაცუმოტოსთან მესამე სეტში დამარცხდა და ოქრო-ვერცხლზე ფიქრიც დაასრულა.
გეგეშიძემაც წაგებული სეტით გახსნა ჩემპიონატი, სომხეთის სახელით მოჭიდავე დენის ფოროვთან, მაგრამ მაინც იმარჯვა. იაპონელი ნორიკაცუ საიკავა უპრობლემოდ ჩამოიცილა და მერვედფინალში გავიდა, სადაც კუბელ პაბლო ენრიკე შორეი ჰერნანდესთან დაძაბულ სამსეტიან ბრძოლაში წააგო.
ფერსელიძისთვის ამერიკელი დრემიელ დეშონ ბაიერსი აღმოჩნდა დაუძლეველი ბარიერი. იქამდე კი, ქართველმა მძიმეწონოსანმა სერბ მილოშ სპასიჩსა და ყირგიზ მურატ რამონოვს აჯობა.
რევაზ ლაშხისა და ვლადიმერ გეგეშიძის მძლეველები – მაცუმოტო და ჰერნანდესი ფინალში გავიდნენ და ქართველებს რეპეშაჟის გზა გაუხსნეს. ლაშხმა უკრაინის სახელით მოჭიდავე ლენურ ტემიროვის ძლევით “ბრინჯაოს ფინალში” ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთკორეელი ჯი-იუნ იუნგი იქნება. გეგეშიძემ კი ყაზახ ალხაზურ ოზდიევთან მარცხით დაკარგა სამეულში შესვლის შანსი.
ოთარ მაღლაკელიძე