საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გერმანიიდან დაბრუნდა. ქალაქ დორტმუნდში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რევაზ ლაშხმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველ კლასიკოსებს ევროპული ოქრო 2007 წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული. თბილისის აეროპორტში გუნდს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ქართული სპორტის მაღალჩინოსნები დახვდნენ.
“ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ. უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატი იყო და ჩვენი ნაკრებიც ღირსეულად წარსდგა. ბერძენ-რომაელებმა ოქროს მედალი მოიპოვეს, თავისუფლებმა კი 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ეს შედეგი არა მარტო საქართველოსთვის, სხვა ქვეყნებისთვისაც სასურველი იქნებოდა” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა გეწაძემ.
მოკლე კომენტარი ევროპის ჩემპიონმაც გააკეთა:
“ამ ტიტულის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთე. მინდოდა საკუთარი თავისთვის და ყველასთვის დამემტკიცებინა ჩემი შესაძლებლობები და გერმანიაში საქართველოს ჰიმნი მომესმინა. ბედნიერი ვარ, რომ ამდენი წლის შრომა დამიფასდა” – განაცხადა რევაზ ლაშხმა.
ოთარ მაღლაკელიძე