ფეხბურთი

20:01 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ძოძუაშვილი: „ყველაფერი კლუბის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული"

როგორც ფეხბურთის მოყვარულებს მოეხსენებათ, კომპანია ,,ვისოლი“ ქუთაისის ,,ტორპედოდან“ წავიდა, თუმცა სეზონის ბოლომდე გუნდის შესანახად 350 000 ლარამდე  გამოჰყო. კლუბის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად დანარჩენი თანხის დამატებას მერია აპირებს. ქალაქის ხელმძღვანელობის პირველი ნაბიჯი ის გახლდათ, რომ გუნდიდან წასული ესპანელი მწვრთნელის ჟერარდ სარაგოსას ნაცვლად ,,ტორპედოს“ დამრიგებლად ცნობილი ქართველი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი მიიწვიეს.

,,ვისოლის“ კლუბიდან წასვლას ფეხბურთელების მასიურად გადინება მოჰყვა და ახალ მწვრთნელს პრაქტიკულად ახალი გუნდის შენება მოუწევს.

რევაზ ძოძუაშვილი გუნდში მუშაობას 10 იანვრიდან შეუდგა და ,,ტორპედოს“ ბაზის ხელოვნურსაფარიან მინდორზე პირველი ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობას დუბლშემადგენლობაში დარჩენილი ფეხბურთელები და გასინჯვაზე მყოფი მოთამაშეები იღებდნენ.

ვარჯიშის დამთავრების შემდეგ ,, მსოფლიო სპორტმა“ ,,ტორპედოელთა“ ახალ მწვრთნელს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

რევაზ ძოძუაშვილი: მე ამ ქალაქის მკვიდრი ვარ და მის სიყვარულში ბევრი ვერ გამეჯიბრება. თუ ცხოვრებაში რაიმეს მივაღწიე, ეს ქუთაისის დამსახურებაა, რადგან ფეხბურთში პირველი ნაბიჯები სწორედ აქ გადავდგი და მერე გავედი დიდ ასპარეზზე. ძალიან დავალებული ვარ ჩემი ქალაქიდან და მისთვის რაც უნდა ბევრი გავაკეთო, მის ამაგს ვერასოდეს გადავიხდი. ახლაც, თავიდან გულშემატკივრები დამიკავშირდნენ და გუნდის გაძღოლა მთხოვეს. უფლება არ მქონდა მათთვის უარი მეთქვა. შემდეგ ამას ქალაქის ხელმძღვანელობის სურვილიც დაერთო. ერთ წუთსაც არ დავფიქრებულვარ ისე მივიღე გამოწვევა. უკვე აქ ვარ და მთელ ჩემს გამოცდილებას და ენერგიას ქუთაისის ,,ტორპედოს’’ კეთილდღეობას მოვახმარ.

- მაინც რა მიზნებს ისახავთ მიმდინრე სეზონში?

- ყველას კარგად მოგეხსენებათ რა რთული მდგომარეობაა. პრაქტიკულად ახალი გუნდის შენება მიწევს, თუმცა მსგავს სიტუაციაში სხვა დროსაც ვყოფილვარ. ახლა ჩვენ ერთდროულად ორი განსხვავებული მიზანი გვაქვს. ყველაფერი კლუბის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება ბრძოლა უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მოგვიწიოს, ასევე შესაძლებელია, რომ დავით ყიფიანის სახელობის თასზე წარმატებით ვიასპარეზოთ და ევროსაგზური მოვიპოვოთ.

- კლუბის გაძლიერებას თუ გეგმავთ?

- ეს კლუბის ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული. დავჯდებით, დავილაპარაკებთ, თუ სათანადო თანხა იქნება 7-8 გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას ვაპირებ. მათ სხვადასხვა დროს ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაუცავთ. ისინი ჩემი ტელეფონის ზარს ელოდებიან და მზად არიან თავიანთი კარიერა ,,ტორპედოში’’ გააგრძელონ.

- ზამთრის შეკრების გავლას სად აპირებთ?

- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. თუ თანხა გამოიყო, შეიძლება შეკრება საზღვარგარეთ გავიაროთ, თუ არა და ადგილზე მოვემზადებით. დღეს ზარი უკვე ჩამოვკარით, რითაც გულშემატკივრებს სეზონის განახლება ვამცნეთ. ,,ტორპედოს’’ კარი ყველასთვის ღიაა. თუ ვინმეს გუნდში ჩარიცხვა უნდა, თავის გამოჩენის შანსი ყველას მიეცემა. ჩვენც სათანადოდ დავაკვირდებით და მათგან ღირსეულებს შევარჩევთ. ,,ტორპედოს’’ რიგებში გამოსვლა ყველასთვის დიდი პატივია და ეს თითოეულმა ფეხბურთელმა კარგად უნდა გააცნობიეროს.


0.114328