ერთთვიანი ინტერვალის შემდეგ, დღეს, ქუთაისის “ტორპედო“ მორიგ კალენდარულ მატჩს საკუთარ კედლებში გამართავს. იმერლები 16:00 საათიდან თბილისის “ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდებიან. თამაშზე დასწრება ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.
გასული მატჩების მსგავსად, “ტორპედოს” ტრავმის გამო ვალერი აბრამიძე, ალექსი ბენაშვილი და ნიკო კვასხვაძე დააკლდებიან. მოედანზე ვერ ვიხილავთ მამუკა ღონღაძესაც, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
მომავალი შეხვედრის წინ ქუთაისელთა ოფიციალურ ვებ-გვერდთან კომენტარი გააკეთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა.
“სპარტაკთან“ წინა თამაშის სცენარს თუ გადავავლებთ თვალს, მიუხედავად გასვლითი მატჩისა, უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი ჩვენ შევქმენით, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ არის მთავარი. მოკლედ რომ ვთქვათ, ის დღე “ტორპედოსთვის“ არ გამოდგა იღბლიანი.
გუნდიდან როინ კვასხვაძის წასვლის შემდეგ, ჩვენ დიდი საფიქრალი მოგვეცა ახალ მეკარეზე, ნახეთ, წინა თამაშში, რომ 19 წლის თებიძეს მივეცით შანსი, რომელსაც გოლი არ გაუშვია. ჩვენ ვცდილობთ, ბრძოლით გამოვიჩინოთ თავი. ფეხბურთელს ვერ ეტყვი გინდა თუ არა ყველა თამაში მოიგეო, რადგან ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ჩვენ მეტ ყურადღებას ვაქცევთ დაცვის ხაზს. მგონი, რომ ეს მხარე ბევრად უკეთესად მოქმედებს, ვიდრე თავდასხმა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, წინა ხაზში სასურველი კონკურენცია არ გვაქვს, თუმცა, რადგან საგოლე მომენტები არის, ალბათ, გოლებიც იქნება.
დავინახეთ, რომ დღევანდელ პირველობაზე სუსტი გუნდი არ არსებობს, ეს მოიტანა იმ სტრატეგიამ, რაც შექმნა ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობამ და მივესალმები იმას, რომ უმაღლესი ლიგა ასეთი მრავალრიცხოვანი გახდა.
ყველა გუნდთან სათამაშოდ თანაბრად ვემზადებით. “ვიტ ჯორჯია“ ანგარიშგასაწევი ძალაა და მართალია, რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, მოგება ძალიან გვჭირდება. იმედია, რომ ჩვენს შეცდომებზე გაკეთებული ანალიზი დადებით შედეგს მოგვიტანს”.