ეროვნულ ფეხბურთს კიდევ ერთი ცნობილი სპეციალისტი დაუბრუნდა, თუმცა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელ ადგილას და ამპლუაში. პირველ ლიგაში მოასპარეზე ლაგოდეხის “ჰერეთის” პრეზიდენტმა ისაკო ცქიფურიშვილმა, “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა ცნობა იმის შესახებ, რომ გუნდის კონსულტანტი, რევაზ ძოძუაშვილი გახდა. “მიხიჩას” სახელს უკავშირდება ფეხბურთელთა ინდივიდუალური მზადების პრაქტიკაც, რომლის ერთ-ერთი შუალედური ეტაპი, გასულ ზამთარს თურქულ შეკრებაზე საკუთარი გუნდის წაყვანა იყო.
რევაზ ძოძუაშვილთან საუბარი, სწორედ მისი საკონსულტანტო პრაქტიკის სიახლეზე დავიწყეთ. შევეხეთ სხვა არაერთ საკითხს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარს, ალბათ, დააინტერესებს.
- ბატონო რეზო, ახალი ამბავი გავიგეთ. თქვენი მწვრთნელად მუშაობა ახალი ამბავი არაა, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგისთვის არ გვემეტებით.
- იცით, საქმე რაა? მყავს ჯგუფი, სადაც ფეხბურთელებს ვამზადებ. ლაგოდეხის “ჰერეთს” ამ მომენტში მოთამაშეთა სიმცირე ჰქონდა და მოვიდა პრეზიდენტი თხოვნით, რომ, თუ შეიძლება, რამდენიმე მათგანი თქვენი გუნდიდან მივიწვიოთო. დავთანხმდი და ჩემი ბიჭების თამაშის საყურებლად, რამდენიმე თამაშს დავესწარი. ის, რომ იქ ოფიციალურად, როგორც მწვრთნელი ვმუშაობდე, ჯერჯერობით ასე არაა.
კარგი კი იქნებოდა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ამ ეტაპზე, გუნდის აწყობაზე უფრო ვზრუნავ. მთავარია, ეს გუნდი არ დაინგრეს, პირველ ლიგაში შეუნარჩუნდეს ადგილი კახეთს - ამიტომ მივაწოდე ჩვენი მომზადებული ბიჭები. ჩვენ ისინი თურქეთში გვყავდა შეკრებაზე და იქ მომზადებულმა ათმა ბიჭმა, ჯერჯერობით, პირველი ლიგის 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა და მერე, ვნახოთ.
- ეს, ალბათ, იმ ჯგუფზე ამბობთ, შარშან ზაფხულიდან იპოდრომზე რომ ემზადებოდა.
- როცა უცხოეთში მიწევდა მუშაობა და საქართველოში ვბრუნდებოდი, ყოველთვის მაინტერესებდა ახალი თაობის ფეხბურთელები - ვინ რას წარმოადგენდა. ამდენად, მომეცა მათი ერთად შეკრების საშუალება და როგორც აღვნიშნეთ, უკვე 7-8 თვეა, ერთად ვამზადებთ. მიმაჩნია, რომ ფეხბურთის სიმდიდრეა ის ხალხი, რომელიც კონკრეტული გუნდის გარეშეა დარჩენილი, გაურკვევლობაში არიან, არ იციან სად წავიდნენ და ვიდრე მონახავენ გუნდს, მანამდე ჩვენთან ვარჯიშობენ.
მაგალითად, შარშან, ვიდრე რუსთავის” ოლიმპში” გადავიდოდა, ჩვენთან ემზადებოდა და ჩემი აზრით, ახლა თავის ადგილზე ერთ-ერთი საუკეთესოა გიორგი ჭედია. რამდენიმე ვარჯიში აქვს ჩვენთან ჩატარებული თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე მაქსიმე ქვილითაიას. სანამ თავისუფალი იყო, ჩვენთან რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა ზაალ ელიავამ. მოკლედ, იყო ფეხბურთელებისთვის პერიოდები, სად წასულიყვნენ არ იცოდნენ და ჩვენთან მოდიოდნენ.
ამ და კიდევ სხვა ცნობილ ფეხბურთელებთან ვქმნიდით ჯგუფს, რომლებსაც არ აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ჩემპიონატში. დავიწყეთ ერთეულებით და ახლა, ჩვენთან რომ მოხვიდეთ, 40 კაცამდე გაიზარდა მოვარჯიშეთა რაოდენობა.
პრინციპი მათი მომზადებისა ასეთია - ვინც ამ სირთულეებს ლახავს, მათ შორის მართლაც შეიძლება ნიჭიერი ფეხბურთელების მოძებნა. როგორც მშრომელი ადამიანი “შავი მუშის” ამპლუაში იწყებს კარიერას, ისეა აქ ყველა.
- იქნებ, ახლა რომ უცნობები არიან მათი ვინაობა გაგვიმხილოთ და მერე, როცა კარგი ფეხბურთელები დადგებიან, ყველას ეცოდინება, რომ თქვენი სკოლა აქვთ გავლილი.
- იცით, მეშინია - რომ დავასახელო ზოგიერთი მათგანი, შეიძლება კლუბების პრეზიდენტებმა შეავიწროვონ და გასაქანი აღარ მისცენ. ამიტომ, მოდით, ამ ეტაპზე, მათ ვინაობას საიდუმლოდ შევინახავ. დარწმუნებული ვარ, ისინი სულ ცოტა ხანში გამოიჩენენ თავს და გამორიცხული არაა, რამდენიმემ უცხოურ კლუბებშიც ითამაშოს.
- თურქული შეკრება ახსენეთ და იქ რა ხდებოდა?
- ჩვენ გვყავდა წაყვანილი ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც სხვა გუნდთან შეხება არ ჰქონდათ და ვეთამაშეთ გუნდებს, რომლებთან თურქეთში საქართველოს უმაღლესი ლიგის გუნდებმაც ითამაშეს და ვერ მოუგეს. ჩვენ კი, სულ 13 მატჩი ჩავატარეთ და 13-ივე მოვიგეთ.
- მეტოქეებს ხომ ვერ დაგვიკონკრეტებთ?
- იყო გუნდები რუმინეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან.
- თურქეთში მე-4 დივიზიონიცაა და პირველიც...
- რასაკვირველია, უმაღლესი ლიგის გუნდებთან ჩვენ არ გვითამაშია. მთავარი სხვა რამეა. აბა, სცადეთ, დააგროვეთ შემადგენლობა, ეთამაშეთ ნებისმიერი, თუნდაც დაბალი ლიგის გუნდს და ამდენი თამაში მოუგეთ. ეს მაინც საერთაშორისო თამაშია - იგივე თურქეთის მესამე ლიგის გუნდებთან.
- ამდენი ხნით ყოფილხართ თურქულ შეკრებაზე და თუ გუნდების დასახელებასაც გვეტყოდით - კონკრეტულად ვის მოუგეთ ეს 13 საერთაშორისო მატჩი, თქვენთვის კარგი რეკლამაც იქნებოდა, ჩვენთვის კიდევ, მკითხველისთვის სრული ინფორმაციის მიწოდების საშუალება.
- ჩვენ გვყავს პიროვნება, ვისაც ყველაფერი უწერია ვის, როდის და როგორ ვეთამაშეთ, მაგრამ ახლა თან არ მაქვს ის სია. არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ, დღეს თუ ხვალ, მზად ვიქნებით ქართულ გუნდებს ვეთამაშოთ - შორს არაა ის პერიოდი, როცა გუნდები შუასასეზონო მზადებას დაიწყებენ.
- თურქეთში თქვენი გუნდის წასვლის მიზანი იყო, რომ გუნდში მომზადებული ფეხბურთელებისთვის ევროპისკენ გზა გაგეხსნათ. რომელიმესთან, უცხოურმა კლუბმა გააფორმა კონტრაქტი?
- დიახ, ჩვენთან მოდიან ფეხბურთელები და გვეუბნებიან - გვინდა კარგი ფეხბურთის თამაში. შენ ჩემთან რომ მოდიხარ, მე უნდა გასწავლო როგორ გახვიდე იმ ასპარეზზე. ამიტომ, ამ დიდი ფეხბურთისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა არის, რომ მათ ნახონ, რას ნიშნავს ევროსტანდარტების დონის შეკრება. ჩვენ სწორედ ამ გზის დასანახვებლად გვყავდა ისინი წაყვანილი.
- თურქეთში, დაახლოებით 20 ფეხბურთელი გეყოლებოდათ წაყვანილი. კლუბი არა ხართ და სპონსორი არ გყავთ და როგორ მოახერხეთ ასეთი არცთუ იაფი შეკრების დაფინანსება?
- ყველაფერს ვერ იტყვი, მაგრამ არიან უკვე წარმომადგენლები, რომლებმაც ჩვენს გუნდში დაინახეს ნიჭიერი თაობა. მათ თქვეს - მე ამას მოვუვლი, შემიძლია მისი წამოსვლა დავაფინანსო; არიან მშობლებიც, რომლებსაც უნდათ, რომ თავიანთი შვილები დიდ ფეხბურთს ეზიარონ. პრინციპში, იმდენად ცოტა თანხა იყო საჭირო (კარგი ქართველის სასტუმროში ვცხოვრობდით, მოედანიც დაბალ ფასებში გაგვიკეთა), ასე შეგროვილი თანხა საკმარისი გამოდგა. თუ გინდა, რომ ფეხბურთელი გაიზარდო და თან გაქვს ამის საშუალება, უკან არ უნდა დაიხიო - ამიტომ წავედით შეკრების ასეთი ფორმით ორგანიზებაზე.
- ისე, ამდენ ხანს ფუნქციონირებთ და გუნდისთვის სახელიც ხომ არ შეგირჩევიათ?
- სურვილი მქონდა ჩემი აკადემია ჩამომეყალიბებინა, მაგრამ როგორც კი მივიდოდი კონკრეტულ საქმემდე, მაშინ მოდიოდა მიწვევები ხან რუსეთიდან, ხან ყაზახეთიდან. ახლა ისეთი სიტუაციაა, ყველანაირი საბუთი მაქვს ამისათვის და ცოტა ხანში, ალბათ, ოფიციალურად დავაფუძნებ.
ახლო მომავალში, თბილისის მერიას შევაწუხებ, რომ იქნებ სადმე გამომიყონ ტერიტორია მოედნისთვის. ახლა, კი მომცა ეროვნულმა სტადიონმა იმის საშუალება, რომ კვირაში 3-4-ჯერ სათადარიგო მოედანზე ვავარჯიშო გუნდი, მაგრამ სხვაგანაც თუ მომეცემა ამის საშუალება, ურიგო არ იქნება.
როგორც მოგეხსენებათ, დავიწყეთ იპოდრომიდან და პირობები ნელ-ნელა უმჯობესდება. თუმცა, ფეხბურთელისთვის მთავარი მაინც ისაა, იმ პირობებში როგორ გამოიყურებოდა. იმ იპოდრომიდან მომავლებთან ერთად, უკვე “ომში წასვლაც შეიძლება”.
- გატყობთ, კმაყოფილი ხართ, მაგრამ ფეხბურთელები თუ არიან კმაყოფილი - ისინი ხომ, ალბათ, ძირითადად, უცხოურ კლუბებში მოწყობის იმედად არიან.
- გეთანხმებით, ძალიან ბევრი იმ დროს მოდის, სატრანსფერო პერიოდი რომაა და სხვაგან გასვლა უნდათ. აქ ხომ ისეა, თუ მოხვედი ჩემს გუნდში, მე უნდა მომიწერო ხელი და მე მივხედავ შენს მომავალს. ბევრს არ აწყობს ასეთ კონტრაქტზე ხელის მოწერა.
ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ლაგოდეხში 8-10 ფეხბურთელის მოწყობა ცუდი არაა. მით უფრო, პირველი ლიგის ლიდერებთან 3 თამაშიდან 2 მოიგეს (მცირედი შესწორება - “ჰერეთმა” 1:0 მოუგო მე-7 ადგილზე მყოფ ოზურგეთის “მერცხალს”, ხოლო 2:1 - მე-12 ადგილოსან ხობის “კოლხეთს” - რედ.).
- ახლა, თქვენი მშობლიური ქალაქის გუნდს, “ტორპედო-2008”-ს ეთამაშებით.
- და არაა გამორიცხული, კიდევ 2 ახალი ფეხბურთელი დაიმატოს “ჰერეთმა”. ამ ეტაპზე, ჩვენთვის მთავარი მაჩვენებელი, სწორედ ესაა.
- კარგია, რომ კახეთში ფეხბურთის აღორძინება გინდათ, მაგრამ უმაღლესი ლიგის გუნდებიდან სამუშაოს შემოთავაზება, არ გქონიათ?
- მართალი გითხრათ, ვერ ვნახულობ პიროვნებას დღეს, რომ ადგე, მასთან იმუშავო და იგი აჰყვეს იმ დონეს, რისი გაკეთებაც მე შემიძლია. მე თუ ვკიდებ ხელს გუნდს, ყოველთვის ან ევროპაზე გავდივარ, ან 7-8 კაცი მიდის უცხოეთში კარიერის გასაგრძელებლად.
- გამოდის, იმათზე მეტი მოთხოვნები გაქვთ პრეზიდენტების მიმართ, ვიდრე უმაღლესი ლიგის წამყვანი გუნდების მწვრთნელებს.
- ყველას თავისი წარსული აქვს - ვინ რას აკეთებს, რა შექმნა, რომელი ფეხბურთელი გაზარდა და რა არენაზე გადიოდა, თუნდაც ფეხბურთელობაში. არსებობს ამ საკითხის მეორე მხარე - ვის უნდა ეს ყველაფერი. იმ უმაღლესი ლიგის მწვრთნელები იმის კმაყოფილები არიან, გუნდი ევროტურნირზე გაიყვანონ. მე ვკითხულობ - მე რა, იქით?
არის კიდევ ასეთი საკითხი - ვისთან მუშაობ. პრეზიდენტები არიან, გავიდნენ სამეულში და მეტი არაფერი უნდათ. სწორედ ამიტომ მაქვს მე მათთან ეს დიდი შეხლა-შემოხლა - იმათ უნდათ პრეზიდენტობა, მაგრამ ფეხბურთისკენ მიმავალი გზა არ იციან.
ხომ გახსოვთ “ოლიმპის” პრეზიდენტი რომ იძახდა, რეზო ძოძუაშვილს მოუძველდა ვარჯიშებიო. მგონი, საქართველოში პირველი ადგილის აღება იოლი საქმე არასდროს იყო - გავხდი ჩემპიონი და გამიშვეს. გავიდა ის გუნდი ევროპაზე და ძალიან მძიმე თამაშები მოუწიათ.
დღეს რაც ქართულ ფეხბურთში ტრიალებს, არც მინდა ამ ყველაფრის თანამონაწილე ვიყო. დიდი ფეხბურთის გზებგამოვლილი სპეციალისტები ვითომ დაასაქმეს ფედერაციაში, ნაკრებებში და კიდევაც პატარა აღორძინება დავინახეთ. ალბათ, მოვა ის დრო, როცა ყველა იმ ნიჭიერ ხალხს გამოიყენებენ, ვინც დიდი ფეხბურთის ყველა ნიუანსი იცის.
ჩემი აზრით, ის შემადგენლობა, სადაც ჩვენ უნდა ვტრიალებდეთ, ჯერ ბოლომდე არაა შექმნილი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ქართული ფეხბურთი გავამდიდრო. თქვენ ნახავთ პატარა ხანში, რამხელა სიმდიდრე მოვა ამ იპოდრომიდან, ამ ქუჩიდან, ამ პატარა “შავი მუშებიდან” და “ველურობიდან” დაწყებული ფეხბურთიდან.
ფრიდონ კერვალიშვილი