ინტერვიუები

10:31 | 1.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

რევაზ ჩომახიძე: "მთავარი მიზანი, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაა"

საქართველოს წყალბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა (1993-1994წწ.), 23 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით, უკრაინის ღია ჩემპიონატის II ტურში იასპარეზა, სადაც ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა 5 თამაშიდან 3 მოიგეს, ერთი ფრედ ითამაშეს, ხოლო ბოლო მატჩი წააგეს და მე-4 ადგილი დაიკავეს.
“მსოფლიო სპორტი” ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რევაზ ჩომახიძეს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად იტალიის დედაქალაქ რომში იმყოფება.
- როგორ შეაფასებდით ნაკრების გამოსვლას უკრაინაში?
- ჩვენ ეს შეჯიბრი გამოვიყენეთ აგვისტოში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების პირველ ეტაპად. მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ფორმაში არ ვიყავით, რამდენიმე თამაში მოვიგეთ.
- ახალგაზრდებმა რამდენად გაამართლეს თქვენი იმედები?
- ამ თამაშებზე განსაკუთრებულ იმედებს არ ვამყარებდით. როგორც გითხარით, ეს იყო პირველი მოსამზადებელი ეტაპი ევროპის ჩემპიონატისთვის. ფაქტობრივად, რასაც ველოდით, ის მივიღეთ - ჩვენმა სპორტსმენებმა ნორმალურად ითამაშეს. მართალია, სრული დატვირთვით ვვარჯიშობდით, მაგრამ არ მეგონა, თუ იმდენ ქულას ავიღებდით, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა. ამიტომ, ჯამში კმაყოფილი ვარ.
- დაფინანსების მხრივ რა მდგომარეობაა?
- ჩვენ, ვარჯიშებს და შეკრებებს ვგეგმავთ იქიდან გამომდინარე, რა დაფინანსებაც გვაქვს. დღევანდელი ფინანსები, ამ ეტაპისთვის საკმარისია. რაც შეეხება პრობლემებს, შედარებაც არ შეიძლება - რა თქმა უნდა, გამოსწორდა. ამჟამად სულ სხვა პირობებში ვმუშაობთ, ვიდრე ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ჩვენ გავედით ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩავატარეთ საერთაშორისო ტურნირი თბილისში. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ გასულ წლებთან შედარებით, სულ სხვა დონეზე ვართ.
- შარშან, როდესაც საქართველოში ჩამოხვედით, ინტერვიუში განგვიცხადეთ, რომ წყალბურთის აღორძინებით ბევრი ადამიანია დაინტერესებული...
- ამ საკითხზე ვმუშობთ, ყველა ვინც დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ძალიან ბევრ პრობლემას, დღესდღეობით ადვილად ვწყვეტთ, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული მხარში დაგვიდგეს და დაგვეხმაროს, ამიტომ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ.
- ანუ, საქართველოში წყალბურთი განვითარების მხრივ წინ მიიწევს...
- მაგაში დარწმუნებული რომ არ ვიყო, არცერთ შემთხვევაში არ დავიწყებდი ამ სფეროში მუშაობას.
- უახლოეს მომავალში რას გეგმავთ?
- ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ევროპის ჩემპიონატია და ამისთვის ვემზადებით, შესაბამისად, ფედერაციაში მიდის ინტენსიური მუშაობა, რათა მოვამზადოთ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. ვგეგმავთ კიდევ ერთი ახალგაზრდული ნაკრების ჩამოყალიბებას, ანუ დღემდე თუ გვყავდა სამი, სექტემბრიდან ოთხი გვეყოლება.
- ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი აგვისტოშია, მანამდე რას აპირებთ?
- 5 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, მივემგზავრებით წახკაძორში შეკრებაზე, ამის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, შესაძლოა, ინგლისის ნაკრებთან ერთად გავიაროთ ერთობლივი მზადება. იგივე საკითხზე, რამდენიმე ევროპულ ფედერაციასთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება.
- ევროპაში ამ მიზნით ხომ არ იმყოფებით?
- დიახ, იტალიაში ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვარ ჩამოსული.

მაკა თოიძე
 

0.118597