თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა რევაზ ჩელებაძემ football magazine-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. საინტერესო კითხვა-პასუხია, სადაც საუბარი ეხება ჯანო ანანიძეს (ვისი ოფიციალური აგენტიცაა), მის სატრანსფერო ამბებს, კიევის “დინამოდან” ჭაბუკის წასვლის ისტორიას... ამ ინტერვიუდან დეტალებსაც შეიტყობთ, მაგალითად, როგორ ვერ მოხვდა ჯანო მიუნხენის “ბაიერნში” და როგორ ცოტა დააკლდა დონეცკის “შახტარამდე”.
- რევაზ ვლადიმიროვიჩ...
- რეზო დამიძახეთ, ასე უფრო მოსახერხებელია.
- სიმართლეა, რომ ჯანო ანანიძეს ადრე უცხოური კლუბები იწვევდნენ?
- რა თქმა უნდა. გერმანიასა და ინგლისში.
- რომელი კლუბები?
- მაგალითად, “ბაიერნი” და “დორტმუნდი”. ეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მაშინდელი მწვრთნელის, ჰერბერტ ცანკერის რეკომენდაცია იყო. გერმანიაში მშვენივრად იციან ახალგაზრდებთან მუშაობა. ცანკერი ჯანოს ტალანტს ხედავდა და მასზე ზრუნავდა.
- რატომ მოხდა, რომ ჯანო “სპარტაკამდე” კიევის “დინამოში” ჩამოვიდა?
- იმიტომ, რომ ყველა ევროპული კლუბი აგენეტების მეშვეობით გვიკავშირდებოდა, მე და ამირანს (ჯანოს მამა – ი.ნ.) კი, პირდაპირ კავშირზე გასვლა გვსურდა. “სპარტაკში” ევგენი გრადილენკოს ვესაუბრეთ, რომელიც ბრწყინვალე ადამიანია და ძალიან დიდ პატივს ვცემ.
- სმოლენცევი?
- ასევე. “სპარტაკის” ყოფილი ტექნიკური დირექტორი. მასთან ერთად საქმიანობა სასიამოვნოა.
- ჯანო როგორ გაიცანით?
- ჯანოს დედა რუსია, მამა კი ქობულეთში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ამირან ანანიძე იმ კლუბში თამაშობდა, რომლის პრეზიდენტიც ვიყავი.
- ჯანოს მამა კარგი ფეხბურთელი იყო?
- საქართველოს კვალობაზე – მშვენიერი. საბჭოეთის დროს, ბათუმის “დინამოში”, I ლიგაში შეეძლო თამაში, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი ამბავი – ამირანი გოგონებთან გაერთო და შეკრებაზე დააგვიანა. დაბრუნდა ქობულეთში და გუნდის კაპიტანი გახდა, ხოლო მერე მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. ამირანმა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა. და ამ დროს, როგორ შვილს ზრდიდა!.. ჯანო პატარაობაში მყავს ნანახი და ბურთით ისეთ რამეებს აკეთებდა, გავოცდი. მამა გვერდიდან არ სცილდებოდა ჯანოს.
- როგორ მოხვდა ჯანო კიევის “დინამოს” აკადემიაში?
- ჯერ თბილისში თამაშობდა, ხოლო 14 წლის ასაკში კიევში წავიყვანეთ. ერთი კვირა ივარჯიშა და იოზეფ საბომაც შეამჩნია: “ეს ბიჭი ვინ არის? აუცილებლად უნდა ავიყვანოთ, სასწაული ტალანტია!" ჯანომ ერთი წელი გაატარა “დინამოს” ჭაბუკთა გუნდში, უკრაინის ჩემპიონიც გახდა. და ამ დროს მოუვიდა მოწვევა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებიდან, თუმცა კიეველთა ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელმა, ანატოლი კროშჩენკომ პირდაპირ თქვა: “ჯანო არსად არ წავა, საქართველოს სახელით ვერ ითამაშებს”! მე გავბრაზდი: “რას ჰქვია, ვერ წავა. სწორედაც რომ წავა!”. კროშჩენკომ კი: “აჰ, ასეა? მაშინ გავაგდებთ კიევის “დინამოდან”.
- და ჯანო წავიდა საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა. ორ კვირაში კიევიდან მოდის წერილი: “ჯანო ანანიძე კიევის “დინამოს” სკოლიდან გარიცხულია”. და ასე წავედით “სპარტაკში”.
- როგორ ფიქრობთ, კიევში ნანობენ ასეთი ტალანტის დაკარგვას?
- არ ვიცი. შემდეგ გაირკვა, რომ იმ წერილით უბრალოდ დაგვმუქრებიან, რათა ჯანო მალე დაბრუნებულიყო კიევში. ალბათ, ეგონათ, რომ მე მივიდოდი და მუხლებზე დავდგებოდი, ჩემი ფეხბურთელი დააბრუნეთ-მეთქი.
- კიევის “დინამოს” ხელმძღვანელობა ამ ყველაფერზე ინფორმირებული იყო?
- კლუბის პირველი და მეორე პირები ჭაბუკებს დიდად არ აკვირდებიან, ეს საქმე ახალგაზრდული აკადემიის მწვრთნელებს აქვთ მინდობილი. შემდეგ უკრაინულ პრესაში დაწერეს, ალბათ, ჩელებაძე იტყუებაო. არასოდეს არ ვიტყუები და არც მომიტყუებია!
- სხვათა შორის, მოსკოვის “ტორპედოში” მარატ იზმაილოვის ტალანტი ვერ შეამჩნიეს და ამის გამო ის მწვრთნელი გაუშვეს. კროშჩენკო ისევ მუშაობს კიევის “დინამოში”?
- მუშაობს. ღმერთმა ქნას, დიდხანს იმუშაოს და ოჯახი არჩინოს. უბრალოდ, კიევის “დინამო” ჩემთვის ოჯახივით იყო და მინდოდა, იქ სრული სიმართლე სცოდნოდათ. მათ კლუბიდან გარიცხეს პატარა ბიჭი და ჩვენც წავედით იქ, სადაც ჯანოს ტალანტს აფასებდნენ. რაც მართალია, მართალია!
- ჯანოსთვის უკრაინის მოქალაქეობის მიცემა – ეს არ შემოგთავაზეს?
- შემოგვთავაზეს. სურკისთანაც იყო ამაზე საუბარი – მას სურდა, ჯანო უკრაინელი გამხდარიყო, ჩვენს ნაკრებში ითამაშოსო.
- და ჯანომ რა უპასუხა?
- კატეგორიული უარი უთხრა. თუმცა, მალე ჯანო და მამამისი წაიყვანეს ერთ-ერთ სოფელში და ვფიქრობ, სწორედ “უკრაინელობაზე” დასაყოლიებლად. და ამ დროს ჯანო საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში გამოიძახეს, რაც დიდი სიხარულით მიიღო. შესაძლოა, ანანიძის კიევიდან გარიცხვა სწორედ იმის ბრალია, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე ვერ დაიყოლიეს.
- “სპარტაკში” ხომ არ უწყენინებიათ მინიატურული ანანიძისთვის?
- ჯანო ამის უფლებას არავის მისცემს. ასეთი ბიჭია!
- გაბედულია?
- ამაყი და კარგად გაზრდილი. მე და ამირანმაც ვასწავლეთ, რომ ვარჯიშებზე უფროსებს უნდა მოუსმინოს. აი, მაგალითად, ბრაზილიელები თამაშობენ ჯანოს გვერდით, ალექსისგან ბევრის სწავლა შეიძლება. ბიჭი “სპარტაკს” მომენტალურად შეეწყო.
- და ვის უნდა გადავუხადოთ მადლობა იმისთვის, რომ ჯანო “სპარტაკშია”?
- ჩემი აზრით, სმოლენცევს. მისი პრინციპულობა გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.
- და რომ არა ეს პრინციპულობა?
- მაშინ ჯანო სხვა კლუბში ითამაშებდა.
- და რომელში? “ბაიერნში”?
- კიევის “დინამოსთან” გადამხდარი ამბების შემდეგ, “შახტარის” სასელექციო განყოფილების ხელმძღვანელთან, ვლადიმირ პლოსკინასთანაც მქონდა საუბარი...
- პლოსკინა მოულოდნელად გარდაიცვალა...
- ეს რომ გავიგე, შოკში ვიყავი. ამბობენ, სიმსივნე ჰქონდაო, არადა, 55 წლის იყო. მოკლედ, “სპარტაკის” ვარიანტი რომ არ გამოსულიყო, შესაძლოა, ჯანო დღეს “შახტარის” ფეხბურთელი ყოფილიყო. დიდხანს ვმსჯელობდით – სად, მოსკოვში თუ დონეცკში? ამასთან, ევროპული კლუბების ვარიანტებსაც არ გამოვრიცხავდით. იცით, “შახტარს” უფრო ვუახლოვდებოდით, როცა ჩემმა მეგობარმა ტელეფონით ხელში მოირბინა და მეუბნება: “სმოლენცევი გეძებს!”. ვიღებ ტელეფონს ხელში და მესმის: “ჩქარა ჩამოდით, მოსკოვში გელით”! და ჩვენც ჩავედით...
ილია ნანობაშვილი