ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინტერნეტ-გამოცემა sports.kz ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის “მეტალურგსა” და პავლოდარის “ირტიშს” შორის გასამართი პირველი მატჩის წინ, ქვემოქართლელთა შესახებ აზრს ამ გუნდის ყოფილ ფორვარდ რევაზ ბარაბაძეს დაეკითხა.
- რას ამბობენ საქართველოში? ვინ არის ფავორიტი “მეტალურგი”- “ირტიშის” წყვილში?
- ამბობენ, რომ ყაზახური გუნდის გავლა შეიძლება.
- რუსთაველები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ?
- ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც შემტევს, მაგრამ არც დაცვითს. საკმაოდ დაბალანსებული გუნდია.
- ვინ არიან გუნდის ლიდერები?
- შეტევის ხაზის მოთამაშეებს – ირაკლი მოდებაძესა და რევაზ გეწაძეს გამოვარჩევდი. გასულ სეზონში, მოდებაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, დაახლოებით 15 გოლი გაიტანა (მოდებაძის ანგარიშზე 16 გოლია, რედ.).
- “მეტალურგის” ორივე მეკარე 30 წელსაა გადაცილებული. ალბათ, ეს გუნდის ყველაზე გამოცდილი ხაზია...
- დიახ, დაცვის ხაზი და მეკარეები ყველაზე გამოცდილი ჰყავთ.
- ტრავმის მორჩენის შემდეგ, სათამაშო ფორმას რომ აღიდგენთ, “მეტალურგთან” მოლაპარაკებას განაახლებთ?
- არა მგონია. სხვა გუნდში გადავალ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა