საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ისტორიულ მატჩამდე რამდენიმე საათი რჩება და ქართული დელეგაციაც განსაკუთრებულ მზადების რეჟიმზეა გადასული. ევრობასკეტზე ბელგიასთან სადებიუტო შეხვედრის მნიშვნელობა ყველას კარგად აქვს გათავისებული და განწყობაც შესაბამისია. “დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, რომლის მოსაგებადაც მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. ამ თამაშში ბევრი რამ წყდება”, - განაცხადა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელსაც სასტუმრო “ამბერტონის” ფოიეში გავესაუბრეთ.
- ჩინებულ განწყობაზე ვართ. უდიდეს საკალათბურთო ფორუმზე ვიმყოფებით და ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ნაკრები ამგვარი დონის ტურნირზე პირველად მოხვდა და მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც კი გაგვითავისებია, სად ვიმყოფებით.
- ბელგიასთან მომავალ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება...
- ახლა, მხოლოდ ამ თამაშზე ვფიქრობთ. კარგად გვახსოვს, რომ შესარჩევ ციკლში ბელგიელებთან ორივე შეხვედრა წავაგეთ, ამდენად, რევანში გვაქვს ასაღები. განსაკუთრებით, თბილისურმა მატჩმა დაგვწყვიტა გული. მაშინ გამარჯვებაში ვიყავით დარწმუნებულნი, წაგებამ კი გული დაგვწყვიტა. ვეცდებით, დანაკლისი ამჯერად ავინაზღაუროთ.
- შანსებს როგორ შეაფასებდი?
- ძნელი სათქმელია. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრაში რაიმეს დაგეგმვა რთულია. თუმცა, ბოლო დღეებში ისეთი რამ მოხდა, რამაც სიტუაცია ნამდვილად შეცვალა. ვგულისხმობ აქსელ ერველეს ტრამვას, ვინც ბელგიის ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენდა. ჩვენმა მეტოქემ იგი დიჯეი მბენგათი კი ჩაანაცვლა, თუმცა, იგი სულ სხვა სტილის მოთამაშეა, რომელიც ჩვენთვის უფრო მისაღები უნდა იყოს. მოკლედ, ბელგიას ერთი მინუსი უკვე დაეწერა, ჩვენ კი – პლიუსი.
- მომავალი შეხვედრის წინ, იგორ კოკოშკოვმა აქცენტი რაზე გააკეთა. განსაკუთრებით, ყურადღებას რაზე გაამახვილებთ?
- ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბელგიელების ძირითადი კოზირი უკანა ხაზია. წაგებულ მატჩებში სწორედ პერიმეტრზე კარგი თამაშით მოგვიგეს. ახლა, იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ,
- ბელგიელთაგან განსაკუთრებით ხომ არ უფრთხით ვინმეს?
- პირადად მე, ვან როსომს გამოვარჩევდი. თბილისურ შეხვედრაში “აგვიკლო” და მისი შეჩერება ამჯერად მაინც უნდა მოვახერხოთ.
- ჩვენი კოზირი რაღა უნდა იყოს?
- დაცვაში კარგი თამაში. მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ მეტოქეს გასაქანი არ მივცეთ. კარგად ვიცით, რომ დღეს ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.
- გულშემატკივრის ფაქტორზეც ვთქვათ. სხვადასხვა მონაცემებით, 6-ათასიან დარბაზში ათასიდან ორი ათასამდე ქართველი ქომაგი იქნება. ეს პატარა ძალა ნამდვილად არ უნდა იყოს.
- ასეა და აღნიშნული დამატებით პასუხისმგებლობას გვძენს. თითქმის ისე გამოდის, რომ თამაში შინაურ კედლებში მოგვიწევს, ეს კი ჩვენთვის დიდი პლიუსია. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებს საუკეთესო მატჩები შინ აქვს ჩატარებული და ამ ფაქტორის ძალიან გვეიმედება.
მატჩის დღეს საქართველოს ნაკრებს არ უვარჯიშია. ბელგიელთა მწვრთნელმა კი შეგირდები ადგილობრივი დროით 9:00 საათზე შეჰყარა და ერთი საათის განმავლობაში ტვირთავდა. ვარჯიშის დროს ყველაზე ხშირად ზაზა ფაჩულიას გვარი ისმოდა, რომლის წინააღმდეგაც მეტოქე არაერთ დაცვით ვარიანტს ამუშავებდა. კრისტოფ ბეგინმა, ტომას ვან დენ შპიგელმა და დიჯეი მბენგამ ბევრი შენიშვნა მიიღეს, ხოლო თუ რამდენად მოახერხებენ კასტილსის შეგონებების მოედანზე გადატანას, რამდენიმე საათში გაირკვევა.
და ქართველი გულშემატკივრები. მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება და წარმომიდგენია, დარბაზში რას უნდა ველოდეთ. სასიამოვნოა, ქომაგებს ორგანიზებულად მოქმედებისთვის ეროვნული დროშები, მაისურები, საყვირები და სხვა ეროვნული ატრიბუტიკა ურიგდებათ, ამდენად, ტრიბუნებზე ქართული გულშემატკივრობის ხილვაც ერთი სიამოვნება უნდა იყოს.
დათო მანჯავიძე კლაიპედადან