ევროტურნირები თავისებური ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც თვალსაჩინოდ უჩვენებს, ვინა ხარ, რა დონის ფეხბურთს თამაშობ და რისთვის იხარშებოდი საკუთარ წვენში მთელი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში.
იგი გადატანითი მნიშვნელობით წიწილებს რომ ითვლიან, იმ შემოდგომას ჰგავს და პირდაპირი მნიშვნელობით შემოდგომაზე წიწილების თვლას რაც შეეხება...
არ დაიზარებ და კი დაითვლი, მაგრამ ქართული გუნდები რომ იშვიათად აღწევენ იქამდე?! მათგან მსგავსი რამ იმდენად იშვიათად ხდება, სათქმელადაც არა ღირს.
მოკლედ: შედეგი არ გვაქვს!
სამაგიეროდ, გვაქვს ლოზუნგები. პირდაპირ სავსეა ჩვენი საფეხბურთო სამყარო ლოზუნგებით. გუშინ რაც ვიყავით, ის დღეს ვერა ვართ, მაგრამ ხვალ აუცილებლად გავხდებით - აი ნებისმიერი ქართული დანაქადნისა და ლოზუნგის თავი და ბოლო.
ვერა და ვერ გავცდით კლდიაშვილისეული ეკვირინე ქამუშაძის „გადასახედს“ - გუშინდელს, დღევანდელსა და ხვალინდელს ზუსტად ასე რომ აკავშირებდა.
დავით კლდიაშვილი კი გენიალური მწერალი იყო და პერსონაჟებიც დიდებული შექმნა, მაგრამ სასაცილომდე გულუბრყვილო დედაბრის ფილოსოფია რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც აქტუალური იქნება, იქ რაღაზეა საუბარი.
ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ასეთი რამ მარტო ფეხბურთსა და სპორტში არა, ყველა სფეროში, ზოგადად ქვეყანაში ხდება - ვერა და ვერ გავცდით დაპირებებს, მოჟამულ დღევანდელობას და „გაის ამ დროს უმაგალითო მოსავალზე“ ფიქრს...
თუმცა, რახან ფეხბურთზე ვსაუბრობთ, ვისაუბროთ მხოლოდ ფეხბურთზე.
ჩიხში ვართ. ბურთის ის ბაგა-ბუგი, რომლითაც ვინმეს დავაყრუებთ გვგონია, დეპოდან ისმის - ფეხბურთი საზოგადოების საქმედ, საკეთებლად და ბიზნესად კი არა, თითებზე ჩამოსათვლელი ფულიანი ადამიანების გასართობად და ჰობად იქცა და სხვათათვის კი თავშესაფარია.
კიდევ უფრო ცუდი: ამ ფულიანი ადამიანებიდან (ვისაც ფეხბურთი გასართობად და ჰობად სჭირია), ფეხბურთის მცოდნე თითო-ოროლაა და დანარჩენისა რა გითხრათ - აქ გუბერნატორი, იქ მინისტრი ან მავანი გავლენიანი პიროვნების შირმა...
არაფერს ვამეტებ - მეტად იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას ფეხბურთი თავის გატანის საშუალებად ექცა და მხოლოდ!
ასე პროგრესი არა და ვერ იქნება. მწარედ ცდება ის, ვისაც ჰქონია, რომ ერთ დღესაც დაიბადება „ნიჭიერი თაობა“ და ბიჭები ძველ, კეთილ, შედეგებით დახუნძლულ დროს დააბრუნებენ.
არა და არა! დადგა დრო, როცა ფეხბურთში ნიჭით, ტრადიციით და ზერელე დამოკიდებულებით ვერაფერს მიაღწევ - ასკეცი ოფლი და სისხლია საჭირო, რათა რამე გამოგივიდეს.
ნიჭს სწორად განვითარება სჭირდება - მითუმეტეს, თანამედროვე ფეხბურთი ცოტა მეტია, ვიდრე კარში დარტყმა და ზუსტი პასი.
ამას დავუმატოთ ინფრასტრუქტურა, სპორტული სამედიცინო სისტემა, ფიზიკური მომზადების საკუთარი სკოლა, საფეხბურთო ინტერნატები და აკადემიები, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი შეღავათები, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა შინ და გარეთ და უმთავრესი: წესიერება!
როცა ფული საქმისთვის იხარჯება და როცა საქმის მკეთებელთაგან ნებისმიერ იერარქიულ საფეხურზე მდგომი თუ მჯდომი ისჯება.
და კიდევ ერთი: ბოლოსდაბოლოს უნდა შევეშვათ ამ ბიუჯეტის ბურჯგნას და მის ხარჯზე ამა თუ იმ რეგიონში ფეხბურთის „აღორძინებას“ - დამოუკიდებლობის სულ ოციოდე წელიწადს ვითვლით, დავიწყებით არავის არაფერი დაავიწყდებოდა და თუნდაც ერთი მაგალითი გავიხსენოთ ისეთი, რომელიც ბიუჯეტის საწოვარაზე მყოფი კლუბის არსებობას გაამართლებს.
ხანმოკლე სიხარულებიც სიხარულებია (რა თქმა უნდა), მაგრამ მათ მერე სისტემა ინგრევა.
ღმერთმა ჰქნას, გორის „დილა“ ერთი და ორწლიანი კლუბების მწარე გამოცდილებას ასცდენოდეს, მაგრამ ძნელია ფეხბურთი მომგებიანად იქცეს იქ, სადაც ყველაფერი „რაიკომის მდივნის“ ან „ცეკას გავლენიანი მუშაკის“ ხასიათსა და სურვილზეა დამოკიდებული.
ფეხბურთს სახელმწიფოდან გადასახადების შემცირების ხარჯზე თუ ექნება შველა, მასში ფულის ჩადების მოსურნე ბიზნესმენების წახალისებით, თორემ დოტაციურ-სუბსიდიური ან სხვა სახის დამოკიდებულებამ აქამდე რა ხეირიც მოგვიტანა, იმასვე მოგვიტანს შემდეგშიც...
აი, გამოვარდა „ტორპედო“... ციცაბოს პირას დგას „ზესტაფონი“... ფავორიტად არ მოვიაზრებით, მაგრამ ვიბრძოლებთო, დაგვპირდნენ რუსთავიდან და აჰა...
როგორც იტყვიან, ყველ;აფერი ნათელია და ცალსახა - კანონზომიერებად გვექცა არა მოგებაზე, შემდეგ წრეში გასვლაზე ფიქრი, არამედ ბრძოლა, მინდორზე „ჯიგრის დადება“, „ფეხების არმოფრთხილება“ და „ქომაგის გაუწბილებლობა“...
კარგი ლოზუნგებია - ბრძოლაც, ყველაფრის გაღებაც და ქომაგის პატივისცემაც, მაგრამ ასეთ რამეს პროფესიონალი არ უნდა ამბობდეს.
პროფესიონალის შტრიხ-კოდი არც „მინდორზე დამწვარი ჯიგრის სუნია“, არც დალურჯებული ფეხები და არც ის, თუ რამდენჯერ „მივიდა პაკლონზე“ ამა თუ იმ ტრიბუნასთან - პროფესიონალის დონის მაჩვენებელი ტაბლოა, უფრო უტყუარი და უღალატო საშუალება ჯერ ფეხბურთში არ გამოუგონიათ. ქართულ ტაბლოებზე კი კარგი აღარაფერი წერია...
ბევრი მიეთ-მოეთი არ არის საჭირო: სისტემა პრობლემურია - ნებისმიერი საფეხბურთო მექანიზმი მოშლილია და ეს საერთო-სახალხო ჟრიამულიც, დეპოდან რომ გვასმენინებენ, ფარსია, თავის მოტყუება და მეტი არაფერი...
ვერ იქნება სხვანაირად: ლოზუნგების ქვეყანაში ფეხბურთიც პლაკატებსა და ბანერებს შერჩა...
კონსტანტინე გოგიშვილი