სტატიები

17:53 | 30.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი

 

გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს არაერთი მაღალი რანგის სპეციალისტი წვრთნიდა, თუმცა, მათ შორისაც კი, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰელმუტ შიონს, რომელმაც ბუსდესგუნდს მსოფლიოს პირველობებზე ჩემპიონობა, მეორე და მესამე ადგილები მოაპოვებინა, ევროჩემპიონატებზე კი ოქრო და ვერცხლი მოაგებინა. ამასთან, დამრიგებლის რანგში მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ სტადიაზე ჰელმუტ შიონს ყველაზე მეტი, 14 მოგება აქვს მოპოვებული. გერმანელთა ეროვნული გუნდის კიდევ ერთმა ლეგენდარულმა წინამძღოლმა ზეპ ჰერბერგერმა 1964 წელს თავისი 28-წლიანი სამთავარმწვრთნელო კარიერა დაასრულა და მისივე რეკომენდაციით, გერმანიის ნაკრების გაძღოლა ჰელმუტ შიონს მიანდეს.

შიონის ფორმაციის ნაკრებმა წარმატებას პირველივე ტურნირზე, ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატზე მიაღწია. ნისლიან ალბიონზე თავისი პირველი მუნდიალი ითამაშა ფრანც ბეკენბაუერმა. მის  მხარდამხარ უვე ზეელერი ასპარეზობდა, რომელმაც ნაკრებში ჯერ კიდევ 1954 წელს აიყვანეს. გუნდის წამყვანი მოთამაშეები, აგრეთვე, გამოცდილი კარლ-ჰაინც შნელინგერი (იმხანად იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი) და “კიოლნის” ლეგენდა ვოლფგანგ ოვერატი იყვნენ. მთელმა საფეხბურთო სამყარომ იხილა ჰელმუტ შიონის გუნდის მძლავრი თამაში და ფსიქოლოგიური მდგრადობა. გერმანიამ ფინალამდე დამაჯერებლად გააღწია და აზერბაიჯანელი არბიტრის ტოფიკ ბახრამოვის მიერ მიღებული, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო გადაწყვეტილება რომ არა, არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა “უემბლის” სტადიონზე მიმდინარე მუნდიალის გადამწყვეტი მატჩი.
მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შიონი ნაკრების გაახალგაზრდავებას შეუდგა. ბუნდესნაკრებში მან რამდენიმე ფეხბურთელი მიიწვია, რამაც გუნდის თამაში კიდევ უფრო გააძლიერა. 1966 წლის მიწურულს გფრ-ის ეროვნულ გუნდში ჰქონდა დებიუტი ზეპ მაიერს, რომელიც მოგვიანებით გერმანიის ყველა დროის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. ოდნავ მოგვიანებით კი, შიონმა ნაკრებში გერდ მიულერი აიყვანა. შემდგომში მას “ერის ბომბარდირს” შეარქმევენ (მიულერმა 62 სანაკრებო მატჩში 68 გოლი გაიტანა), გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულიდან კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრები თანდათან უმნიშვნელოვანესი გამარჯვებებისთვის ემზადებოდა.
მექსიკის მუნდიალის მეოთხედფინალში ალემანებმა სერ ალფ რამსეის ინგლისთან რევანში აღება შეძლეს. ეს კი იმხანად უკვე ტრადიციადქცეული “გერმანული ხასიათის” მეშვეობით მოახერხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში შიონის გუნდი 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ბეკენბაუერისა და ზეელერის გოლებით გუნდმა ჯერ ანგარიში გააყაიმა, ოვერტაიმში კი მიულერის მორიგმა ზუსტმა, მეკარისთვის მზაკვრულმა დარტყმამ გერმანია ნახევარფინალში გაიყვანა. 1970 წლის 17 ივნისს მეხიკოს “აცტეკაზე” მუნდიალების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ოსტატური ორთაბრძოლა ჩატარდა. იტალიასთან დამატებითი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე, მეკარის მოედნის ხაზიდან დარტყმით შნელინგერმა ბონინსენიას გოლი გაქვითა, რის შემდეგაც მსოფლიომ საფეხბურთო თრილერი იხილა. 21 წუთის განმავლობაში გუნდებმა 5 (!) ბურთი გაიტანეს, ამასთან, მინდორზე მოვლენები კალეიდოსკოპური სიხშირით იცვლებოდა. 111-ე წუთზე ჯანი რივერამ “სკუადრა აძურა” 4:3 დააწინაურა, დარჩენილი 9 წუთი გერმანელები ენრიკო ალბერტოზის კარს არ მოსცილებიან, მაგრამ, ამჯერად, შიონის გუნდმა ასპარეზობის მიწურულს მატჩის ხსნა ვერ მოახერხა. შიონის გუნდის მარცხი, იტალიელთა ბრწყინვალე თამაშის გარდა (“სკუადრა აძურას” რიგებში ფაკეტი, მაცოლა, რივერა, რივა თამაშობდნენ) ობიექტური მიზეზითაც იყო გამოწვეული. მატჩის მსვლელობისას ტრავმა მიიღო ბეკენბაუერმა, შიონს შეცვლათა ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და დამატებით დროში გერმანელები პრაქტიკულად ათნი თამაშობდნენ. ეს კი მექსიკურ გამთანგველ სიცხეში ლამის გადამწყვეტ ფაქტორად იქცა.
ევროპის 1972 წლის ჩემპიონატზე კი, გერმანიის ნაკრები ფავორიტად სავსებით სამართლიანად ითვლებოდა. მოლოდინი გამართლდა – ალემენებმა დამაჯერებლად გააღწიეს ფინალამდე, ბრიუსელის “ეიზელის” სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრაში კი, საბჭოთა ნაკრები უშანსოდ დატოვეს (3:0).
ცალკე საუბრის თემაა ჰელმუტ შიონის ნაკრების გამოსვლა გერმანიის მსოფლიოს ჩემპიონატზე.
შიონმა ნაკრები პატარა ქალაქ მალენტეს სპორტულ ბაზაზე დააბანაკა და ფეხბურთელთა სამუნდიალოდ მომზადებას შეუდგა. თითქოს ყველაფერი წინასწარ დასახული მიზნით უნდა წარმართულიყო, მაგრამ 5 ივნისს გუნდში ბუნტი “ბაიერნის” მოთამაშეებმა წამოიწყეს. მიუნხენელები შეკრებაზე ჩემპიონთა თასის ორი ფინალის (მადრიდის “ატლეტიკოსთან” გამარჯვებული გადათამაშებამ გამოავლინა) შემდეგ გადაღლილები ჩავიდნენ, სეზონის მსვლელობისას ზომაზე მეტი შეხვედრის ჩატარება მოუხდათ, ამიტომაც, შიონის მომქანცველი ორჯერადი ვარჯიშები და ტესტ-მატჩები გააპროტესტეს. მთავარ მწვრთნელს კი ძირითადი შემადგენლობა ბოლომდე გარკვეული არ ჰქონდა და ამხანაგური მატჩებიც ოპტიმალური თერთმეტეულის გასარკვევად სჭირდებოდა. საღამოს გუნდის ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელთა დელეგაცია მივიდა ფრანც ბეკენბაუერის მეთაურობით. სხვა მოთხოვნებთან ერთად, ფეხბურთელებმა, მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვების შემთხვევაში, საპრემიო თანხის მკვეთრად გაზრდის იდეა წამოაყენეს. მალენტეში ფრანკფურტიდან სასწრაფოდ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური პირები ჩავიდნენ და ფეხბურთელებთან ნამდვილი ვაჭრობა გაიმართა. ჰელმუტ შიონი ნირწამხდარი ჩანდა, დიალოგში პრატიკულად არ მონაწილეობდა და ისიც კი განაცხადა, ამგვარ სიტუაციაში პასუხისმგებლობას თავიდან ვიხსნი და სახლში მივდივარო. დამრიგებელს არ დაუმალავს, რომ მოთამაშეებმა, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში მუშაობდა და წარმატებისა თუ პოპულარობის მიღწევაში ყოველმხრივ ეხმარებოდა, გული ატკინეს. მხარეებმა კომპრომისულ შეთანხმებას 6 ივნისს, გამთენიისას მიაღწიეს. საფეხბურთო კავშირმა ჰონორარის თანხა გაზარდა, დილით კი შიონმა საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და გულშემატკივრებს ცვლილებებს დაჰპირდა. ქომაგთა ძირითადი მოთხოვნა სასტარტოში გიუნტერ ნეტცერის დაბრუნება იყო (შიონმა მას მადრიდის “რეალში” გადასვლა არ აპატია და ძირითადიდან გამოიყვანა). გერმანელებმა პირველი ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ნაკლებად დამაჯერებლად ჩაატარეს. გულშემატკივრები ჩილესა და ავსტრალიასთან (გერმანელებმა შესაბამისად 1:0 და 3:0 იმარჯვეს) ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა არ დააკმაყოფილა, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან კი შიონის გუნდმა სულაც 0:1 წააგო. მატჩი ჰამბურგში ჩატარდა და ასპარეზობის დაწყების მომენტიდან მაყურებელი მინდორზე ნეტცერის შეყვანას ითხოვდა. გიუნტერი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო (ვოლფგანგ ოვერატი შეცვალა), მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა – შპარვასერის გოლით “დემოკრატიულმა” გერმანიამ იმარჯვა.
მეორე ჯგუფური სტადიის წინ ჰელმუტ შიონმა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. გუნდს “სისხლის გადასხმა” დასჭირდა და მწვრთნელმაც სწორედ მაშინ ჩართო საქმეში ახალგაზრდა ფეხბურთელები რაინერ ბონჰოფი და ბერნდ ჰოლცენბაინი. მათ ის შემატეს გუნდს, რაც იმ მომენტში იყო საჭირო. მუნდიალის დასრულების შემდეგ სპეციალისტები აღნიშნავდნენ, შიონმა თავიდანვე თავისი გუნდის ყველა კოზირი არ გამოაჩინა და ცვლილებები დროულად განახორციელაო. ამის შემდეგ გერმანელებმა ლოგიკურად მიიყვანეს საქმე ტრიუმფამდე. ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავდათ ჰოლანდიელებს, მაგრამ გერმანელთა გამარჯვების კანონზომიერებაში ეჭვის შეტანა არასწორად მიგვაჩნია. ჰელმუტ შიონი ამ გუნდს რამდენიმე წლის განმავლობაში დიდი გულისყურით, საქმის ცოდნით აყალიბებდა. მთავარი მწვრთნელი ცვლიდა ფეხბურთელებს, ამასთან, გუნდის საერთო კლასი, ნებისყოფა, ბრძოლისუნარიანობა იზრდებოდა. საერთო აღიარებით, ჰელმუტ შიონის მიერ 1972-74 წლებში ჩამოყალიბებული გუნდი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა...  

გოჩა კაჭარავა



 

0.117561