ჭიდაობა

22:57 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

რეალური ვერცხლ-ბრინჯაო და ორი ბრინჯაოს რეალური შანსი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრ ლევან ქავჟარაძის (58 კგ) მიერ ჩერნოგორიის ქალაქ ბარიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუშინ მოპოვებულ ვერცხლის მედალს დღეს გიორგი კურტანიძემაც (54 კგ) ვერცხლი, თემურ შავაძემ (46 კგ) კი ბრინჯაო მიამატა.

კურტანიძემ შეჯიბრება დანიელი პატრიკ პედერსონის ძლევით გახსნა. შემდეგ რუმინელ ოვიდიუ ადრიან დუმიტრუს აჯობა. მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში უმთავრესი კონკურენტები, რუსეთის ნაკრების წევრი თეიმურაზ ყაბალახოვი და აზერბაიჯანელი ნიაზი მამადოვი ჩამოიშორა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უკრაინელ მაქსიმ ევტუშენკოსთან დამარცხდა.

შავაძემ ჩემპიონობისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი ნახევარფინალში დაკარგა, სომეხ ედგარ ტამაზიანთან წაგებით და “ბრინჯაოს ფინალზე” გადაერთო, სადაც ბულგარელი სტოიან კუბატოვი დაამარცხა. ამ ორ შეხვედრამდე ქართველმა მოჭიდავემ ორი მეტოქის: აზერბაიჯანელი ნამაზ რუსტამოვისა და ხორვატი ფილიპ ფრანკოლის ძლევა მოასწრო.

მინდია ბოლქვაძეს (63 კგ) ევროკვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა – რეპეშაჟის ფინალში რუსეთის ნაკრების წევრ აზამატ ტახოევთან დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში ბოლქვაძემ ოთხი შეხვედრა ჩაატარა. ბერძენ დიმიტრიოს კარავასილისს, შვედ ჰამპუს შებასტიან სვენსონსა და თურქ მურატ ჩევიკს კი აჯობა, მაგრამ უკრაინელ ვალენტინ ლოჟინსკისთან ვეღარას გახდა.

დღესვე ჩერნოგორიულ ევროპირველობაში ირაკლი თარხნიშვილი (76 კგ) და ზვიად პატარიძეც (100 კგ) ჩაერთნენ. წესით, ჩემპიონ-პრიზიორები მათ წონით კატეგორიებშიც გამოვლენილნი უნდა იყვნენ, მაგრამ ტურნირის მიმომხილველ ოფიციალურ ვებგვერდზე სატურნირო ბადეების განახლება რამდენიმე საათია შეწყვიტეს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ორივე ქართველი რეპეშაჟის ფინალში გავიდა.

0.119279