ფეხბურთი

2:09 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალმა” “გალათასარაის” საქმე უკვე მოუმთავრა

“მალაგამ” და “დორტმუნდმა” უგოლოდ ითამაშეს

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ოთხშაბათის მატჩები ისე წარიმართა, როგორც მოსალოდნელი იყო და ლოგიკური შედეგებითაც დასრულდა. მადრიდში, “რეალი” “გალათასარაის” იოლად გაუმკლავდა, ხოლო მალაგაში, ადგილობრივმა გუნდმა მასზე  ძლიერ “დორტმუნდს” ვერ მოუგო. თამაშები ერთმანეთს იმით ჰგავდა, რომ მათი პირველი ტაიმები უფრო საინტერესო გამოდგა, ვიდრე მე-2.

“რეალისა” და “გალათასარაის” წყვილს თავიდანვე გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა და შეიძლება ითქვას, რომ ამ გუნდმა 1/2-ფინალის საგზური უკვე მოიპოვა. საკუთარ კედლებში თუნდაც 3:0 მოგება შემდეგ ეტაპზე გასვლის 100%-იან გარანტიას არ იძლევა, თუმცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართულმა შეხვედრამ დაგვანახა, რომ თურქებს ესპანელებამდე ძალიან ბევრი უკლიათ. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჟოზე მოურინიოს შეგირდები ძალების სრული მობილიზებით არ თამაშობდნენ. მიუხედავად ამისა, მათ მეტოქის კარში 3 უპასუხო ბურთის გატანა მაინც მოახერხეს.

მასპინძელთა შეტევებით დაწყებულ შეხვედრაში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. იოზილის კარგი გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში, დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილმა რონალდუმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და გაიტანა რა მე-9 გოლი, ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

20 წუთის შემდეგ, მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ესიენმა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს რონალდუ ვერ შესწვდა, მაგრამ ის ბენზემამდე მივიდა, რომელმაც კარგად ითამაშა და გოლი ახლო კუთხეში გაიტანა.

სტუმრებმა, პირველ ტაიმში, ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ საჯარიმოში, კარგ სიტუაციაში აღმოჩენილმა ებუემ დიეგო ლოპესს ვერ აჯობა.

მე-2 ნახევარში, “რეალმა” აქტიურობას უკლო, მაგრამ მადრიდელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეს. 73-ე წუთზე, ჩაბი ალონსოს მიერ საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, იგუაინმა თავით კარგად ითამაშა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

სტატუსი გაიმყარა მე-2 წყვილის ფავორიტმაც, მაგრამ “დორტმუნდს” “რეალის” მსგავსად მშვიდად ყოფნის უფელბა მაინც არ აქვს. იურგენ კლოპის გუნდმა, “მალაგას” ანდალუსიაში კი აჯობა, მაგრამ ეს ანგარიშზე ვერ აისახა და ერთ კვირაში, გერმანელებს მოგებისთვის ბრძოლა მოუწევთ.

პირველ ტაიმში, “დორტმუნდს” გოლის გატანის რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ვილი კაბალიერომ გერმანელებს ანგარიშის გახსნის საშუალება არ მისცა. მე-2 ნახევარში, სტუმრებმა ერთი ისეთი მომენტი შექმნეს, საგოლე რომ ეთქმის, მაგრამ გიოტცემ ბურთი კარს ააცილა.

“მალაგამ”, მთელი თამაშის განმავლობაში, 2 განსაკუთრებით სახიფათო მომენტი შექმნა. პირველ ტაიმში, სავიოლას დარტყმა გაუცუდდა, ხოლო მე-2 ნახევარში, ისკოს ვაიდენფელერმა აჯობა.

ამ წყვილში, ყველაფერი ერთ კვირაში, “ვეშტფალენშტადიონზე” გაირკვევა.

 

რეალი-გალათასარაი 3:0 (2:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-2-3-1): ლოპესი, ესიენი, რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, ალონსო, დი მარია (პეპე 85), იოზილი (მოდრიჩი 80), რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 65).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

გალათასარაი (4-3-1-2): მუსლერა, ებუე, კაია, ნუნკო, რიერა (ამრაბატი 83), ალთინთოფი (ბულუთი 78), მელო, ინანი, სნეიდერი (ზანი 46), ილმაზი, დროგბა.

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი.

გოლები: 1:0 რონალდუ (9), 2:0 ბენზემა (29), 3:0 იგუაინი (73).

გაფრთხილებები: ესიენი 84, რამოსი 90, მოდრიჩი 90+1 – ნუნკო 41, მელო 71, ილმაზი 78, დროგბა 88.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 9 (7)-11 (5), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 3-1, სეივი: 5-5, ჯარიმა: 16-17.

 

მალაგა-დორტმუნდი 0:0

მალაგა, “ლა როზალედა”

მალაგა (4-4-2): კაბალიერო, გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნესი, ხოაკინი, ტულალანი, იტურა, ისკო (დუდა 87), ბაპტიშტა (სანტა კრუსი 76), სავიოლა (პორტილიო სოლერი 67).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, პიშჩეკი, სუბოტიჩი, სანტანა, შმელცერი, გიუნდოგანი, კელი (ბენდერი 80), როისი (შიბერი 69), გიოტცე (კირხი 90+1), გროსკროიტცი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: იურგენ კლოპი.

გაფრთხილებები: ანტუნესი 19, ველიგტონი 31, იტურა 77 – გროსკროიტცი 17.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 6 (3)-12 (6), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-3, სეივი: 6-3, ჯარიმა: 10-14.

0.184981