მადრიდის “რეალის” კრიშტიანუ რონალდუს “ბილბაოსთან” გამართულ მატჩში მოედნიდან გაძევებას გაასჩივრებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
“ბილბაოსთან” გამართულ მატჩში (1:1), რონალდუ მოედნიდან იმის გამო გააძევეს, რომ მან მეტოქეს სახეში ხელი დაარტყა. არბიტრის მატჩისშემდგომი მოხსენების თანახმად, მოედნიდან გასვლის დროს, რონალდუმ შუბლზე ხელი რამდენჯერმე დემონსტრაციულად მიირტყა, რითიც მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა. ამ ქმედების გამო, პორტუგალიელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მადრიდული პრესის ცნობით, “რეალი” რონალდუს წითელი ბარათის გასაჩივრებას აპირებს. გარდა ამისა, “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები არბიტრის მოხსენებასაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ რონალდუს მიერ მსაჯის შეურაცხყოფის მტკიცებულება არ არსებობს.
ცნობისთვის, ესპანეთში, არბიტრის მატჩისშემდგომ მოხსენებას, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით მეტი ყურადღება ექცევა და რიგ შემთხვევებში, უტყუარ მტკიცებულებადაც მიიჩნევა.