ფეხბურთი

20:50 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” “რიასორზე” ბრუნდება

 

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ერთი შეხედვით გამოკვეთილად საინტერესო მატჩები არაა, მაგრამ სტაჟიანი ქომაგისთვის ძალიან საინტერესო და პრინციპული შეხვედრა შედგება ლა კორუნიას “რიასორზე”, რომელზეც “რეალს” თამაში სულ უჭირდა და წლების მანძილზე მოუთმენლად ელოდა ქომაგი “დეპორტივოსა” და “რეალის” დაპირისპირებას.

ამ შეხვედრის გარდა, ლა ლიგაში კიდევ 9 შეხვედრა გაიმართება, რომლებზეც დაწვრილებით ვისაუბრებთ.

ელჩე – ეიბარი

დასაწყისი: 19 სექტემბერი, 23:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ელჩე, “მარტინეს ვალერო”

ლა ლიგის მე-4 ტური ელჩეში გაიხსნება. ერთმანეთს ისეთი კლუბები ეთამაშებიან, რომელთა მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა. “ელჩესაც” და “ეიბარსაც” ძალიან მწირი დაფინანსება აქვთ, სტუმრები სულაც ლა ლიგის ყველაზე ღარიბ კლუბს წარმოადგენენ. სეგუნდას დონეზეც კი, “ეიბარს” ბევრი გუნდი აღემატებოდა ფინანსურად, მაგრამ გაისკა გარიტანოს შეგირდებმა ყველა გააოცეს და უმაღლეს ლიგაში აღზევდნენ.
“ელჩეს” გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის – კარლეს ხილის დათმობა მოუწია. ყველაზე გამოსარჩევი ტრანსფერი პოლონელი მეკარის, ჟემისლავ ტიტონის დამატებაა. ჯერჯერობით ვალენსიური მხარის გუნდი ნორმალურად გამოიყურება. “ბარსელონასთან” წაგება ყველას ეპატიება, დანარჩენ ორ შეხვედრაში კი 4 ქულის მოპოვება შეძლეს.
სტუმრებმა ორი ცნობილი მოთამაშე – დიდაკ ვილა და მანუ დელ მორალი დაიმატეს, რომლებიც დღეს ტრავმის გამო არ იქნებიან. სეზონის მოგებით დაწყების შემდგომ მათ ორი მატჩი წააგეს ზედიზედ. ასე, რომ საინტერესო იქნება რომელი აუტსაიდერის მდგომარეობა გაუმჯობესდება დღევანდელი შეხვედრის შემდეგ...

სავარაუდო შემადგენლობები

ელჩე: ტიტონი, დ.სუარესი, ლოკო, ლომბანი, ალბაკარი, მოსკერა, ადრიანი, გ.როდრიგესი, ვ.როდრიგესი, კორო, ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
დააკლდებიან: არავინ
ეიბარი: ირურეტა, აბრაჰამი, ნავასი, ალბენტოსა, ბოვედა, გარსია, ერასტი, ლარა, არუაბარენა, კაპა, ანხელი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
დააკდებიან: დელ მორალი, დიდაკ ვილა.

დეპორტივო – რეალი

დასაწყისი: 20 სექტემბერი, 18:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ლა კორუნია, “რიასორი”

მადრიდის “რეალი” თავისთვის ერთ-ერთ და შესაძლოა, სულაც ყველაზე არასასურველ სტადიონზე ჩადის სათამაშოდ. სტაჟიან ქომაგს ემახსოვრება გასული საუკუნის 90-იანი წლებისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის “დეპორტივო”, რომელიც “რიასორზე” შავ დღეს აყრიდა ხოლმე მადრიდის “რეალს”, ისევე როგორც ბევრ სხვა ძლიერ გუნდს. “ბლანკოსს” 2010 წლამდე “რიასორზე” 17 წელი არ ემარჯვა და ბოლოს აღნიშნული წლის 30 იანვარს “რეალმა” ნავსი გატეხა და რთულ მდგომარეობაში მყოფი “დეპორი” 3:1 დაამარცხა. ბევრ ემახსოვრება იმ მატჩში გუტის მიერ ქუსლით გაკეთებული გენიალური გადაცემა, რის შემდეგაც, კარიმ ბენზემამ ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. მას შემდეგ ეს გუნდები კიდევ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ამ სტადიონზე – ერთი მატჩი ფრედ დასრულდა და ერთიც “რეალის” სასარგებლოდ 2:1. იმ მატჩშიც ძალიან გაუჭირდა ”რეალს”. პირველ ტაიმში “დეპორი” დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ კლასმა თავისი ქნა და “რეალმა” ბოლოსკენ იმარჯვა.
მოკლედ, წარსულზე საუბარი შორს წაგვიყვანს... დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ “დეპორტივოსგან” სახელიღაა დარჩენილი და არავის გაუკვირდება, რომ მადრიდელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიოს, მაგრამ თუნდაც მარტო ამ სახელისა და ძველი ამბების გამო ელოდება ბევრი ამ კლუბების დაპირისპირებას.
გალისიელებს მწირი ფინანსები აქვთ. რის გამოც, სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი დიდად ვერ აქტიურობს. სალომაო, მედუნჯანი, პოშტიგა, ხუანფრანი, სიდნეი, კავალიერო და ფარინა – ამ მოთამაშეების დამატება ლა კორუნიელებმა მინიმალური დანახარჯებით მოახერხეს. მეტი კლუბს უბრალოდ არ შეუძლია. მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, ისინი დღევანდელ მეტოქეს ქულით უსწრებენ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს დროებითი მოვლენაა, მაგრამ მაინც აღსანიშნავია..
მადრიდელებმა ლა ლიგაში ზედიზედ ორი წაგების შემდეგ ხასიათი ჩემპიონთა ლიგაზე გამოიკეთეს და “ბაზელი” (5:1) გაანადგურეს. მადრიდელებს დანი კარვახალი უბრუნდებათ. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა “ბლანკოსი” მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ სტადიონზე, ჩემპიონატში ცუდი სერიის შეწყვეტას..

სავარაუდო შემადგენლობა
დეპორტივო: ლუქსი, ლაურე, ლოპო, სიდნეი, ლუსინიო, ბერგენტინოსი, ხუანფრანი, მედუნჯანი, დომინგესი, კუენკა, პოშტიგა.
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
დააკლდებიან: ფარინა, ინსუა, პერესი, სალომაო
რეალი: კასილასი, მარსელო, პეპე, რამოსი, კარვახალი, მოდრიჩი, კროოსი, ბეილი, როდრიგესი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
დააკლდებიან: ხედირა, ხესე

ბილბაო – გრანადა

დასაწყისი: 20 სექტემბერი, 20:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ბილბაო, “ნიუ სან მამესი”

ლა ლიგაში არადამაჯერებელ სტარტს, ჩემპიონთა ლიგაზე არასახარბიელო თამაში დაემატა. “ბილბაომ” შინ “შახტარი” ვერ დაამარცხა და საქმეები გვარიანად გაირთულა. ბასკებს ქომაგებთან რეაბილიტაციის მოხდენა მართებთ და ამისთვის, “გრანადა” აუცილებლად უნდა დაამარცხონ. ერნესტო ვალვერდე “შახტართან” თამაშით უკმაყოფილო იყო და პირობა დადო, რომ უკეთესად ათამაშდებიან. ვნახოთ, ვნახოთ...

სტუმრებს პირველ სამ ტურში არ წაუგიათ და 5 ქულა აქვთ. ხოაკინ კაპაროსის გუნდს დიდად არ უაქტიურია სატრანსფერო ბაზარზე და ბევრი მოთამაშე არ დაუმატია. სამაგიეროდ, გაუშვა ლიდერი იესინ ბრაჰიმი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე “ბილბაოს” კონკურენტ “პორტოში” გადავიდა და პირველივე შეხვედრაში ჰეთ-თრიკი გაიფორმა. რასაკვირველია, რომ “გრანადა” დაცვიდან ითამაშებს და ქულაზე კმაყოფილი იქნება.  

სავარაუდო შემადგენლობა
ბილბაო: ირაისოსი, სან ხოსე, ლაპორტე, ირაოლა, ბალენსიაგა, იტურასპე, მ.რიკო, ბენიატი, მუნიაინი, სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
დააკლდებიან: არავინ
გრანადა: რობერტო, მურილიო, ბაბინი, კარლოსი, ნიომი, იტურა, ფ.რიკო, როჩინა, პიტი, სუკეში, ორტუნო.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
დააკლდებიან: ელ არაბი

ატლეტიკო – სელტა

დასაწყისი: 19 სექტემბერი, 22:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში “ატლეტიკომ” ქულები უკვე დაკარგა, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი სტარტი აიღო, რადგან გასულ კვირას დერბიში “რეალის” დამარცხება მოახერხა. აი, იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით, ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მადრიდელებმა გასვლაზე წააგეს “ოლიმპიაკოსთან” 3:2.
მნიშვნელოვანი ქულების გარდა, “როხიბლანკომ” მარიო მანძუკიჩიც დაკარგა, რომელმაც ცხვირი გაიტეხა და მისი თამაში ამ შეხვედრაში გამორიცხულია. მის ადგილს, რაულ ხიმენესი დაიკავებს. კვლავ დისკვალიფიცირებულია დიეგო სიმეონე.
ლუის ენრიკეს ჯერჯერობით კარგად ცვლის ედუარდო ბერისო, რომლის გაწვრთნილ “სელტასაც” 5 ქულა აქვს და “სოსიედადთან” შეხვედრაში ბოლო წამებზე უფრო ყურადღებით რომ ყოფილიყო, კიდევ 2 ქულით მეტი ექნებოდა აქტივში. ძალიან კარგად მოერგო გალისიურ გუნდს “რაიოდან” გადმოსული ლარივეი, რომელმაც უკვე 2 გოლის გატანა მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობა
ატლეტიკო: მოია, ხუანფრანი, სიკეირა, გოდინი, მირანდა, გაბი, სუარესი, გარსია, კოკე, გრიზმანი, ხიმენესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
დააკლდებიან: კრისტიან როდრიგესი
სელტა: ალვარესი, პლანასი, ფონტასი, კაბრალი, ჯონი, ლოპესი, რადოხა, კრონ-დელი, ნოლიტო, ორელიანა, ლარივეი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერისო
დააკლდებიან: ა.ფერნანდესი, ბორხა უბინა

ესპანიოლი – მალაგა

დასაწყისი: 19 სექტემბერი, 00:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ბარსელონა, “ესტადიო კორნელია-ელ პრადი”

“კორნელია ელ-პრადზე” თანაბარი დონის გუნდების საინტერესო შეხვედრა შედგება. “ესპანიოლს” ცუდი სტარტი გამოუვიდა და მხოლოდ ქულა აქვს მოპოვებული. “ალმერიასთან” ფრის შემდეგ, კატალონიელებმა “სევილიასთან” და “ვალენსიასთან” წააგეს და ამჯერად, შინ ეცდებიან პირველი გამარჯვების მოპოვებას. უნდა ითქვას, რომ ხოსე კანიასის, ფილიპე კაისედოსა და სალვა სევილიას სახით საკმაოდ კარგი მოთამაშეები დაიმატა გუნდმა.
ანდალუსიელებმა სამი ტურის შემდეგ ყველანაირ შედეგს მოუყარეს თავი. გასულ ტურში “მედუზებს” საოცრად არ გაუმართლათ და უდიდესი უპირატესობის მიუხედავად “ლევანტეს” დამარცხება ვერ მოახერხეს ხესუსის დიდებული თამაშის გადამკიდე. ქომაგთა გაოცებას განაგრძობს ხავი გრაცია, რომელიც ჯიუტად არ ათამაშებს გილერმო ოჩოას და კარლოს კამენიზე აკეთებს არჩევანს..

სავარაუდო შემადგენლობა
ესპანიოლი: კასილია, ხ.ლოპესი, კოლოტო, ა.გონსალესი, არბილია, აბრაჰამი, ვ.სანჩესი, მონტანესი, სტუანი, სევილია, ს.გარსია.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
დააკლდებიან: მორენო
მალაგა: კამენი, არტუნეში, ველიტონი, ს.სანჩესი, როსალესი, დარდერი, კამაჩო, ხუანმი, ჰორტა, ლ.ალბერტო, სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრაცია
დააკლდებიან: ტისონე, დუდა

სოსიედადი – ალმერია

დასაწყისი: 21 სექტემბერი, 14:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: სან-სებასტიანი, “ანოეტა”

ცუდი დასაწყისის შემდეგ, ბასკები ევროპა ლიგას გამოეთიშნენ, მაგრამ ნელ-ნელა თამაში გამოსწორეს და “რეალის” დამარცხება მოახერხეს შინ, ხოლო გასულ ტურში “ბადაიოსიდან” ბოლო წამებზე წამოიღეს ქულა. “ალმერიასთან” შეხვედრაში არესატეს გუნდი უპირობო ფავორიტია. მასპინძლები როგორც ყოველთვის, “ანოეტაზე” ძალიან ძლიერები არიან.
სტუმრები ლა ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერად ითვლებიან და ბევრი მათ გავარდნასაც ვარაუდობს. ამის მიზეზი ნამდვილად არსებობს. ანდალუსიურმა კლუბმა ორი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე ალექს ვიდალი და სუსო დაკარგა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში. სათანადო შევსება კი, ნამდვილად არ მიუღია...

სავარაუდო შემადგენლობა
სოსიედადი: ზუბიკარაი, ზალდუა, ელუსტონდო, ი.მარტინესი, დე ლა ბელა, პარდო, ბერგარა, გრანერო, პრიეტო, კანალესი, ველა.
მწვრთნელი: ხაგობა არესატე
დააკლდებიან: ზურუტუზა, რული
ალმერია: რუბენი, დუბარბიერი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ხავი ნავარო, ტომასი, ვერზა, ე.მენდესი, ვ.სილვა, სორიანო, ჰემედი.
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი
დააკლდებიან: არავინ

ვილიარეალი – რაიო ვალეკანო


დასაწყისი: 21 სექტემბერი, 19:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

“ელ მადრიგალის” მკვიდრმა სეზონი ნორმალურად დაიწყო. “ვილიარეალმა” ლა ლიგაში ყველა შედეგის თამაში მოასწრო. “ყვითელმა წყალქვეშა ნავებმა” მეორე ტურში “ბარსელონასთან” წააგეს შეხვედრის ბოლოს და უნდა აღინიშნოს, რომ მასპინძლებს თავისუფლად შეეძლოთ სხვა შედეგის დაფიქსირება. მასპინძლებმა ორჯერ გაარტყეს მეტოქის კარის ძელს. ხუთშაბათს ვალენსიურმა გუნდმა გერმანიაში “გლადბახთან” ითამაშა ფრედ. ტორალის გუნდი შარშანდელის მსგავსად არასტაბილურობით გამოირჩევა. ამის მიზეზი ახალგაზრდული შემადგენლობა და მოკლე სათადარიგოთა სკამია. უახლოესი ტურები გვაჩვენებს, რა შეუძლია “ვილიარეალს” წელს.
არასტაბილურია “რაიო ვალეკანოც”. “დეპორტივოსთან” და “ატლეტიკოსთან” ყაიმების შემდგომ, მადრიდული კლუბი შინ “ელჩესთან” დამარცხდა, რაც მოულოდნელი შედეგი იყო ბევრისთვის. “რაიოს” კოზირი ისიცაა, რომ სტუმრებს მხოლოდ ორი დღე აქვთ დასვენებისთვის და შესაძლოა, დაღლამ იჩინოს თავი.

სავარაუდო შემადგენლობა
ვილიარეალი: ასენხიო, ა.მარინი, მუსაჩიო, გაბრიელი, მარიო, პინა, ბრუნო, კანი, ჩერიშევი, ვიეტო, მორენო.
მწვრთნელი: მაურისიო გარსია ტორალი
დააკლდებიან: დოს სანტოსი, კოსტა, ჯოკიჩი, უჩე, პერესი
რაიო ვალეკანო: კ.ალვარესი, ინსუა, ბა, კასტრო, ტიტო, ტრაშორასი, ბაენა, კაკუტა, ბუენო, პოზუელო, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
დააკლდებიან: ამაია

კორდობა – სევილია

დასაწყისი: 21 სექტემბერი, 21:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი:კორდობა, “ნუევო არკანხელი”

ცხრილს რომ გადავხედოთ, “კორდობაზე” კარგს ვერაფერს ვიფიქრებთ ალბათ, მაგრამ ვინც ამ გუნდის თამაშს თვალს ადევნებს, იტყვის, რომ ცუდი გუნდი არაა.
პირველ ტურში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლა ლიგის დებიუტანტმა საკმაოდ კარგად ითამაშა და რამდენიმე ძალიან კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ კლასმა თავისი ქნა და მადრიდელებმა ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს. მომდევნო ორ ტურში, ერთნაირი შედეგით 1:1 ითამაშა “კორდობამ”. გამოიკვეთა, რომ ანდალუსიური კლუბის ლიდერი არგენტინელი ფეხბურთელი ფედე კარტაბიაა, რომელიც “ვალენსიადან” არის განათხოვრებული. სწორედ ფედეზე მოდის “კორდობას” მიერ გატანილი ორი გოლი. მის გარდა, “კორდობაში” კიდევ ორი ცნობილი ფეხბურთელი ირიცხება – ჰავენაარი და გილასი. მთლიანობაშიც საინტერესო გუნდია და ვნახოთ რას მოუხერხებს თავის მხარის წამყვან კლუბს “ნუევო არკანხელზე”.
“სევილიამ” სეზონი მოლოდინისამებრ კარგად დაიწყო და 7 ქულით მესამე პოზიციაზეა. გუშინ “დალაქებმა” გადახალისებული შემადგენლობით ევროპა ლიგაზე უპრობლემოდ დაამარცხეს “ფეიენოორდი” და კვირის მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.

სავარაუდო შემადგენლობა
კორდობა: ხ.კარლოსი, გუნინო, ი.ლოპესი, პანტიჩი, კრესპო, ლ.გარაი, ფ.როსი, ბორხა, ფიდელი, ფედე კარტაბია, ჰავენაარი.
მწვრთნელი: ალბერტ ფერერი
დააკლდებიან: კარლოსი, ლუსო, კაბალიერო
სევილია: ბეტო, ტრემულინასი, კარისო, პარეხა, კოკე, კრიჩოვიაკი, იბორა, ვიტოლო, დ.სუარესი, ალექს ვიდალი, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
დააკლდებიან:ბარბოსა, გამეირო, კრისტოფორო

ლევანტე – ბარსელონა

დასაწყისი: 21 სექტემბერი, 23:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

“ლევანტემ” სეზონი საშინლად დაიწყო და 1 ქულა რომ აქვს გრაფაში, მხოლოდ იღბალსა და მეკარეს ხესუს ფერნანდესს უნდა უმადლოდეს, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა “მალაგასთან” და პირადად მოიპოვა ქულა. აშკარაა, რომ “ბაყაყები” წინა სეზონთან შედარებით ძალიან დასუსტებულები არიან და ასე თუ განაგრძეს აუტსაიდერების რიგებში გადაინაცვლებენ აუცილებლად. მხოლოდ მეკარის იმედად ყოფნა, ვალენსიურ კლუბს კარგ არაფერს მოუტანს.


სავარაუდო შემადგენლობა
ლევანტე: ხესუსი, პ.ლოპესი, დ.ნავარო, ვინტრა, ნიკოსი, კამარასა, სიმაო, ხუმეტრა, ვ.პერესი, მორალესი, ბარალი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
დააკლდებიან: ივანშიცი, კარაბელასი, გავილანი, ელ ადუა, ხუანფრანი

ბარსელონა: ბრავო, ალბა, მატიე, მასკერანო, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, პედრო, მუნირი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
დააკლდებიან: მასიპი, ვერმაელენი, სუარესი

ხეტაფე – ვალენსია


დასაწყისი: 22 სექტემბერი, 22:45 წთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-4 ტური
ადგილი: მადრიდი, “კოლიზეუმ ალფონსო პერესი”

ტურის ბოლო შეხვედრა “კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” გაიმართება, სადაც “ხეტაფე” მეორეადგილოსან “ვალენსიას” მიიღებს. მასპინძლებს ერთი გამარჯვება და 2 წაგება აქვთ. ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი “ხეტაფემ” ნაყოფიერად გამოიყენა და ვისენტე გუაიტას, მიჩელის, ბაბას, ნალდოს, იოდას, ვასკესისა და ველასკესის დამატება მოახერხა. ორშაბათს გუაიატა და მიჩელი იმ კლუბს დაუპირისპირდებიან, რომელთა აღზრდილებიც არიან და რამდენიმე წელი ირიცხებოდნენ მის რიგებში.
“ვალენსია” გასულ ზაფხულს ძალიან გაძლიერდა და გაახალგაზრდავდა. კლუბში მომხდარ ცვლილებებზე არაერთხელ დაგვიწერიან და აღარ შევჩერდებით ამის განხილვაზე. უბრალოდ იმას გეტყვით, რომ ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდი 7 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. თუმცა, “ღამურებს” გამარჯვება გასვლაზე არ აქვთ მოპოვებული და ვნახოთ რა იქნება ორშაბათს...

სავარაუდო შემადგენლობა
ხეტაფე: გუაიტა, აროიო, ნალდო, ალექსისი, ესკუდერო, ხ.როდრიგესი, მიჩელი, სარაბია, სამირი, ლაფიტა, ალვარო.
მწვრთნელი: კოსმინ კონტრა
დააკლდებიან: პედრო ლეონი
ვალენსია: ალვეში, გაია, ოტამენდი, ვეზო, ბარაგანი, ფუეგო, პარეხო, გომეში, პიატი, როდრიგო, ალკასერი.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
დააკლდებიან: დე პაული


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.11966