ესპანური პრესის ცნობით, მადრიდის "რეალი" ნახევარმცველ ასიერ ილიარამენდის თამაშით უკმაყოფილოა და ფეხბურთელს ყოფილ კლუბ "სოსიედადს" სთავაზობს.
"სამეფო" კლუბი მზადაა ილიარამენდი ერთი წლით გაასხვისოს "სოსიედადში". მეორე გეგმის თანახმად, "რეალი" სან სებასტიანურ კლუბს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს - 24 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ, ანტუან გრიზმანს ან კარლოს ველას ითხოვს.
ერთი წლის წინ მადრიდელებმა ესპანელ ნახევარმცველში 30 მილიონი ევრო გადაიხადეს, თუმცა ილიარამენდიმ "რეალის" იმედები ვერ გაამართლა. ზუსტად მსგავს თანხას ითხოვს "სოსიედადი" გრიზმანში. ფრანგი ფეხბურთელისადმი ინტერესს ლონდონის "არსენალი", "ჩელსი", "იუვენტუსი" და პსჟ იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ ასიერ ილიარამენდიმ გასულ სეზონში პრიმერადივიზიონში 29 მატჩში ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
გიორგი ბალახაძე