მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მონაკოსა” და კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ რადამელ ფალკაოს შეძენას შეეცდება.
El Mundo Deportivo ირწმუნება, რომ ტრანსფერის განხორციელების ინიციატორი “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესია და მადრიდელები მონაკოელებს ოფიციალურ წინადადებით სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე მიმართავენ. ვარაუდობენ, რომ “რეალი” “მონაკოს” 35-40 მილიონ ევროს შესთავაზებს, არადა, ამ ზაფხულს მონაკოელებმა 27 წლის ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსგან” 60 მილიონ ევროდ შეიძინეს.
“რეალს” ფალკაოს შეძენა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ კონტრაქტში იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც მას “ატლეტიკოდან” პირდაპირ “სამეფო კლუბში” გადასვლა ეკრძალებოდა. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მონაკოში” თავს ბედნიერად ვერც თავად ფეხბურთელი გრძნობს და მადრიდში დაბრუნება უნდა. ფალკაომ საფრანგეთის ლიგა 1-ის საწყის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა.