წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ფაბრიციო რავანელის ნაცვლად საფრანგეთის ,,აიაჩომ’’ დროებით მწვრთნელად კრისტიან ბრაკონი დანიშნა. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით ბრაკონი უკვე წარადგინეს ჟურნალისტების წინაშე, სადაც იგი მცირე კომენტარით შემოიფარგლა.
,,არავის სურდა ამჟამინდელი ვითარების შექმნა, მაგრამ ამ სიტუაციას გამოსწორება სჭირდება, პასუხისმგებლობა კი კლუბის ხელმძღვანელობას ეკისრება. ფეხბურთი, უპირველესად თვალსასეირო თამაშია. გუნდის ფეხბურთელებში სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენების უნარს ვხედავ. მათ უნდა ირწმუნონ თავიანთი ძალები და შედეგი აუცილებლად მოვა. იმედი მაქვს, მდგომარეობას გამოვასწორებთ და თავს დავაღწევთ ცხრილის ფსკერს’’ _ განაცხადა კრისტიან ბრაკონმა.
შეგახსენებთ, ფაბრიციო რავანელი შაბათს საკუთარ კედლებში ,,ვალენსიენთან’’ დამარცხების შემდეგ გაათავისუფლეს (1:3). რაც შეეხება კრისიტან ბრაკონის, იგი ,,აიაჩოს’’ ბავშვთა აკადემიის ხელმძღვანელად მუშაობდა.
დიმიტრი შარიქაძე