თამაშგარე

12:55 | 17.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

რაულს გერმანელი ქალები ეტრფიან

გერმანელმა ქალებმა საფეხბურთო ბუნდესლიგაში მობურთალთაგან, ყველაზე სასურველ მამაკაცად, გელზენკირხენის ”შალკეს” ლეგენდარული ესპანელი თავდამსხმელი – რაულ გონსალეს ბლანკო დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ რაული ათ წელზე მეტია, რაც ცოლ-ქმრულ უღელშია გაბმული და შესაბამისად, მისი მექალთანეობაც წარსულს ჩაბარდა, გერმანელ ფროილაინებში იგი მაინც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

სხვათა შორის, რაულ გონსალეს ბლანკოს ამჟამინდელი ნავთსაყუდელი - გელზენკირხენული კლუბი, გერმანიაში მიუნხენის ”ბაიერნის” შემდეგ, ქომაგთა სიჭრელითა და მრავალრიცხოვნობით ყოველთვის გამოირჩეოდა. ამ კლუბს ხუმრობით ”დიასახლისების გუნდსაც” კი უწოდებენ ხოლმე.

შარშან გერმანელმა ქალებმა ყველაზე სასურველ და სექსუალურ ბუნდესლიგელად არიენ რობენი დაასახელეს. შარშანწინ კი, ეს პატივი ბასტიან შვაინშტაიგერს ხვდა წილად. როგორც ხედავთ, სასურველ ფეხბურთელებს ”დოიჩლანდელი” ქალბატონები მხოლოდ გარეგნული სილამაზის გამო არ ასახელებენ და კარგად ჩატარებულ საფეხბურთო სეზონსაც ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონია.

გერმანელების პრაქტიკული გონება იმაშიც ჩანს, რომ როდესაც იტალიაში მსგავსი გამოკითხვები ტარდება, ქალების უმეტესობა გარეგნულად განსაკუთრებულად ლამაზ ფეხბურთელებს ირჩევს (რაც გამოკითხვის ერთ-ერთი მთავარი პირობაცაა). გერმანიაში კი, როგორც ჩანს, მამაკაცის სილამაზე მის მიერ გაკეთებული საქმეების პროპორციულად ითვლება.

0.149308