მიმდინარე ზაფხულს უკვე იმდენმა ცნობილმა ფეხბურთელმა მოიყვანა ცოლი, რომ შეიძლება სათვალავიც კი აერიოს ადამიანს. ფეხბურთელთაგან ზოგმა დიდი და გრანდიოზული ქორწილის გადახდა არჩია, ზოგმა კი, შედარებით მოკრძალებული. რაც შეეხება მადრიდის ”რეალის” მცველ რაულ ალბიოლს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეუღლდა, მისი ქორწილი თამამად შეიძლება ითქვას, რომ უგრანდიულესი იყო და ეს გრანდიოზულობა უპირველესად სწორედ ალბიოლის სურვილმა განაპირობა.
რაულ ალბიოლმა ცოლად თავისი ძველი გულისსწორი – ალისია როიჯი მოიყვანა, რომელსაც მთელი ოთხი წელი ხვდებოდა და ამ ხნის განმავლობაში ორი საერთი შვილიც (ორივე გოგონა) ეყოლათ. მიუხედავად იმისა, რომ რაული და ალისია დაქორწინების გარეშეც ფაქტობრივად უკვე ცოლ-ქმარი იყვნენ, ესპანეთში მაინც ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჯვრისწერის ცერემონიალს და როგორც ერთ-ერთ ტრადიციულ კათოლიკურ ქვეყანაში, ჯვრისწერის რიტუალის გარეშე ცოლ-ქმრობა უბრალოდ წარმოუდგენელია.
რაულ ალბიოლისა და ალისია როიჯის ქორწილში 400-ზე მეტი ადამიანი იყო დაპატიჟებული. რაულის მეჯვარე მადრიდულ კლუბში მისი თანაგუნდელი - ალვარო არბელოა გახლდათ. ქორწილში ასევე თვით ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებიც კი იყვნენ დაპატიჟებულნი, თუმცა ამჟამად ესპანეთის მეფე დასასვენებლად ბალეარის კუნძულებზე იმყოფება და როგორც ჩანს, მონარქმა და მისმა ოჯახმა რაულ ალბიოლის ქორწილის გამო, ნეტარ დასვენებაზე უარი ვერ თქვეს.