ინტერვიუები

10:54 | 5.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

რაულ ალბიოლი: “მეტი ყურადღებით თამაში გვმართებს”

ესპანურ გაზეთებში ჟოზე მოურინიოს “რეალში” გადასვლის თაობაზე ცნობამ გაიჟღერა. ცხადია, ამის თაობაზე ჟურნალისტები “სამეფო კლუბის” მცველს რაულ ალბიოლსაც შეეკითხნენ, მან კი პასუხს თავი აარიდა და დაადასტურა, რომ მადრიდელთა სადღეისო საზრუნავი პრიმერას დარჩენილი შეხვედრებია.

- გულშემატკივარს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს “რეალს” დანის პირზე სიარული მოსწონს და მატჩის ბედის გადაწყვეტა ასპარეზობათა მიწურულს აქვს გადაწყვეტილი...
- ცხადია, ამგვარად შეგნებულად სულაც არ ვიქცევით. “ოსასუნასთან” დაპირისპირებისას პრაქტიკულად მთელი მეორე ტაიმის მსვლელობისას ანგარიში საყაიმო, 2:2 იყო, რის გამოც ძალიან ვნერვიულობდით. გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოხერხდა, რამაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაგვიტოვა.
- მაყურებელს არ გამოეპარა თქვენსა და კასილასს შორის პირდაპირ მინდორზე გამართული დიალოგი. რა იყო თქვენი საუბრის თემა?
- 0:1-ს ვაგებდით, როდესაც ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენე. ამგვარ საპასუხიმგებლო მატჩში შეცდომის დაშვების უფლება არც ერთ ჩვენთაგანს არ აქვს. იმედია, პრიმერას დასკვნით ასპარეზობებში უშეცდომოდ ვითამაშებ. კასილასმა კი იმ მომენტში გამამხნევა, მირჩია დარჩენილ წუთებზე გამეკეთებინა აქცენტი და არასასიამოვნო ეპიზოდი დამევიწყებინა.
- “ოსასუნასთან” მატჩში “რეალის” დაცვის ხაზი საიმედოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ანალოგიური რამ სეზონის დასკვნით ასპარეზობებში ხომ არ განმეორდება?
- თამაში პირველ წუთებზე ოდნავ აგვერია, მობილიზება კი დროულად ვერ მოვახერხეთ. მეტი ყურადღებით გვმართებდა პაექრობა. გავიხსენოთ ჩვენს მიერ გაშვებული მეორე გოლი. მოწინააღმდეგის რამდენიმე ფეხბურთელი “ჩავკეტეთ”, მაგრამ ასპილიკუეტას მანევრი გამოგვეპარა.
- მოარულ ხმას თუ ვერწმუნებით, “სანტიაგო ბერნაბეუზე” მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს მისვლა იგეგმება...
- გუნდი მთლიანად პრიმერას დარჩენილ მატჩებზეა ორიენტირებული და წინასასეზონო ცვლილებებზე ფიქრის დრო და სურვილი არ გვაქვს.
- “მალიორკასთან” შეხვედრაზე რას გვეტყვით?
- კუნძულელები არაფერს დაგვითმობენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ 3 ქულა გვაწყობს.
 
 

0.122899