საბერძნეთის ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ, ამ პოსტის დაკავების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მისი უმთავრესი ამოცანა გუნდის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე გაყვანა და ახალგაზრდების განვითარებაა.
“ჩემმა წინამორბედებმა საბერძნეთის ნაკრებში ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარეს, ახლა კი, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მიზანი ევროპის 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე მოხვედრაა. ყველაფერი მარტივადაა - იქ ვერ მოხვედრა კატასტროფა იქნება” - გადმოგვცემს უეფას ოფიციალური საიტი რანიერის სიტყვებს.
“ჩელსისა” და “მონაკოს” ექს-თავკაცმა უკვე დაასახელა იმ 23 ფეხბურთელის ვინაობა, რომელთა იმედიც შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ექნება. გამოძახებულთა შორის ძირითადად გამოცდილი მოთამაშეები მოხვდნენ, რომელთაგან 17 საბერძნეთის ღირსებას ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე იცავდა და სადაც ბერძნები პირველად გავიდნენ პლეი ოფში. ახალბედა ორია: “ოლიმპიაკოსის” თავდამსხმელი დიმიტრის დიამანტაკოსი და “ლევანტეს” მცველი ნიკოს კარაბელასი.
“ნაკრების მწვრთნელს გუნდის მოსამზადებლად დრო არასდროს ჰყოფნის და ამიტომ, იძულებულია მოთამაშეთა გარკვეულ ბირთვს დაეყრდნოს. პირველი შეკრება ფეხბურთელების გაცნობის საშუალებას მომცემს. მსურს სრულად მოვახმარო საბერძნეთის ნაკრებს ჩემი ცოდნა და გამოცდილება და სამომავლოდ დიდი სამუშაო გავწიო. მინდა დავინახო ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესი, რომლებზეც მომავალში საბერძნეთის ნაკრები იდგება.
სწორედ ამიტომ, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მივმართე თხოვნით, რომ ახალგაზრდებთან მუშაობის საშუალება კვირაში ორ-სამჯერ მომეცეს. ჩემს სტრატეგიას კლუბებთანაც განვიხილავ და ისინიც მოგებულები დარჩებიან. სამომავლო პერსპექტივაში გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების შერწყმა უნდა მოხდეს. მოკლედ, აქ ვარ, მაქვს ჩემი ხედვა და მზად ვარ სამუშაოს დასაწყებად” - თქვა რანიერიმ.