ცნობილი ფაქტია - მადრიდის “რეალის” საფეხბურთო სკოლა ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. “სამეფო კლუბის” საფეხბურთო აკადემია, ყო¬ველწლიურად, არაერთ მაღალი კლასის ფეხბურთელს უშვებს სხვადასხვა კლუბში, მათ შორის, ევროპულ გრანდებშიც. მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში ვერც ერთი ფეხბურთელი ახერხებს “კასტილიიდან” (“რეალის” მე-2 გუნდი) პირველ გუნდში გადასვლას და იქ წარმატებით თამაშს. ამ და სხვა არაერთ საკითხზე ჟუნრალისტებს ესაუბრება რამონ მარტინესი – ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია “რეალის” კანტერაზე. წლეულს მარტინესი მადრიდულ კლუბში მესამედ დაბრუნდა და როგორც ყოველთვის, მის მუშაობას ამჯერადაც ახლავს კრიტიკა. კრიტიკოსთა კითხვებზე პასუხის გაცემას მარტინესი უახლოეს მომავალში აპირებს...
- როგორც იქნა, “კასტილიამ” დაიწყო დადებითი შედეგის ჩვენება. რა პრობლემა იყო აქამდე?
- პრობლემა იყო დრო. გუნდს ათამაშება სჭირდებოდა. პირველ მატჩში, “ატლეტიკოსგან” გოლი შეცდომის შედეგად გავუშვით, შემდეგ კი ჩაგვეძინა და ახლახანს მოვახერხეთ გამოღვიძება.
- მზად იყავით გუნდიდან დაგეთხოვათ “კასტილიის” მწვრთნელი, ალეხანდრო მარტინესი?
- არაფერია იმაზე ცუდი, როდესაც მწვრთნელს მხოლოდ ნაჩვენები შედეგების მიხედვით განსჯი. მითუმეტეს, როდესაც საქმე კანტერას ეხება. მის გაშვებაზე არც ვფიქრობდით, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა. საქმე ისაა, რომ ჩვენ გუნდის ფორმირება ვერ მოვახერხეთ. “კასტილია” 15 ივლისს ჩავიბარეთ, სეზონი კი 20 ივლისს დაიწყო. ჩვენი მიზანი იყო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება და ეს ერთ დღეში არ ხდება.
- რამდენი ფეხბურთელი დარჩა “კასტილიაში” და “რეალ მადრიდ ც”-ში?
- ჩვენ გუნდიდან გავუშვით 32 ფეხბურთელი. დავიტოვეთ ისინი, ვინც გვსურდა, მაგრამ ერთ კვირაში ახალი ფეხბურთელების დამატება შეუძლებელი იყო.
- გუნდში მოსვლის შემდეგ, დაითხოვეთ 18 მწვრთნელი. მათ შორის იყო პეინადო, რომელმაც ესპანეთის ნაკრებს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. რატომ გაატარეთ ასეთი აგრესიული პოლიტიკა?
- იმიტომ, რომ ჩვენ მოგვწონს იმ ხალხთან მუშაობა, რომლებსაც ვენდობით. პეინადო კარგი მწვრთნელია და მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ახლა მის ადგილას მუშაობს მწვრთნელი, რომელიც გუნდში ჩვენ მოვიყვანეთ და მას ვენდობით. წინა ხელმძღვანელობიდან მხოლოდ რამდენიმე მწვრთნელი დარჩა. მათ შორის არიან ტორილი, რამისი, დიესმა... დანარჩენებს კლუბი პირადი მიზეზების გამო არ დაუტოვებიათ.
- იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელ წლებში “კასტილია” ტალანტებისგან დაიცალა...
- გასულ სეზონში გუნდში იყო მხოლოდ 2 ფეხბურთელი, რომელთა დატოვებაც გვინდოდა, მაგრამ ისინი მაინც წავიდნენ. ესენი არიან “ვალიადოლიდში” გადასული ბუენო და აგუსი, რომელსაც დუბლებში თავისი ასაკის გამო აღარ შეეძლო თამაში. ასევე წავიდა პალანკა, რომელსაც სეგუნდა ბ-ში თამაში არ სურდა. ჩვენ იგი “კასტელონში” გავანათხოვრეთ.
- შეგიძლიათ აგვიხსნათ, თუ რა მოხდა მატას შემთხვევაში? თქვენ ის გაყიდეთ “ვალენსიაში”, სადაც ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.
- როგორც წესი, ყველა ფეხბურთელს კონტრაქტს ვუფორმებთ 5 წლით. მატას მამამ შეგვატყობინა, რომ მას სურდა მხოლოდ 3-წლიანი კონტრაქტი, რადგან მისი შვილი სწავლის დასრულების შემდეგ გადაწყვეტდა, განაგრძობდა თუ არა ფეხბურთის თამაშს. კონტრაქტის ამოწურვამდე დაახლოებით წელიწადნახევრით ადრე, დავურეკეთ მატას მამას და მან გვითხრა, რომ ნერვიულობის საბაბი არ გვქონდა. როდესაც კლუბიდან ფლორენტინო პერესი წავიდა, მატას მამამ განაცხადა, რომ მზად იყო ახალ ხელმძღვანელობასთან მოსალაპარაკებლად. თუ რა მოხდა შემდეგ, ამაზე უკვე ჩემს შემდეგ კლუბში მოსულმა პიროვნებამ უნდა ისაუბროს - მას, დაახლოებით, ერთი წელი ჰქონდა კონტრაქტის გასაგრძელებლად.
- თქვენი შემცვლელი გადანაშაულებთ იმაში, თითქოს რაღაც ფურცელზე მოაწერეთ ხელი, რო¬მელიც მატას გუნდიდან ათავისუფლებდა...
- ჩემი ხელმოწერა მხოლოდ მატას კონტრაქტზეა. სხვა არანაირი საბუთი არ არსებობს.
- იგი ასევე გადანაშაულებთ იმაში, რომ კანტერას ყველა წევრის კონტრაქტი თან წაიღეთ და მას არ შეეძლო მუშაობის გაგრძელება...
- თან არაფერი წამიღია. არც არაფერი ყოფილა წასაღები, რადგან ყველა დოკუმენტი კომპიუტერში ინახება.
- რა მდგომარეობაა დანიელ ოპარესთან დაკავშირებით? იგი მსოფლიოს 20 - წლამდელთა ჩემპიონია, “კასტილიაში” კი, სათადარიგო ფეხბურთელად ითვლება.
- ასე იმიტომ ხდება, რომ მწვრთნელი თვლის საჭიროდ. ოპარეს კლუბთან ადაპტაცია უჭირს. მადრიდში, მისი გარეუბნიდან და განიდან მოსვლა სხვადასხვა რამაა.
- ყოველთვის საკუთარ წარმატებად თვლით იმ ფაქტს, რომ თქვენი დროის “კასტილია”, რომელსაც სათავეში მიჩელი ედგა, სეგუნდა დივიზიონში თამაშობდა. ეს საკუთარი თავის რეკლამაა?
- არბელოა, ნეგრედო, დიეგო ლო¬პესი და მატა – ესპანეთის ნაკრების ეს 4 მოთამაშე ფეხბურთელებად სწო¬რედ ჩვენ აღვზარდეთ. მაგალითად, კასილიასი ჩვენმა წარმომადგენლებ¬მა ერთ-ერთ ტურნირზე შეამჩნიეს. პირადად მე მისი თამაში ნანახი არ მქონდა, მაგრამ მაშინ “კასტილიაზე” მე ვიყავი პასუხისმგებელი. რაც შეეხება რაულს, იგი პირადად ვნახე და ისე ვიყიდეთ. ამჟამად, კლუბის პრიორიტეტი ფეხბურთელების მადრიდში მოძებნაა. ადრე ჩვენ 5 სკაუტი გვყავდა, ახლა კი 14 გვყავს.
- პელეგრინი თუ ადევნებს თვალს ახალგაზრდა ფეხბურთელთა ასპარეზობას?
- იგი იცნობს “კასტილიის” ფეხბურთელებს, რადგან მიმდინარე სეზონში ყველა მათგანს აქვს მასთან ნამუშევარი.
- რატომ თამაშობს “ბარსელონაში” ამდენი კანტერანო?
- კატალონიელები ბოლო 2 წელია კარგად თამაშობენ, მანამდე კი, 20 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ამაზე. წინასწარ გაფრთხილებთ, რომ მალე ჩვენს აკადემიაში სასიამოვნო სიურპრიზები იქნება.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა