ბლოგი

21:19 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამდენიმე რჩევა სოჭში წამსვლელ ქართველ სპორტსმენს

 

რაკი სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა გადაწყვეტილი გაქვს, ალბათ უკვე აზრიც აღარ აქვს ზედმეტ შეგონებას, მორალის კითხვას და იმის თქმას, რომ სოჭში საასპარეზოდ ქართველის ჩასვლა მინიმუმ თავმოყვარეობაზე უარის თქმას ნიშნავს. თუმცა ყველამ თავისი საქმისა იცის და იმედი ვიქონიოთ, რომ ისე მაინც არ შეირცხვენ თავს, რომ ჩვენი “კეთილი მეზობლების” დასაცინი გახდები.

პირველ ყოვლისა, როდესაც სოჭში ჩახვალ, უნდა დაივიწყო საქართველოში მოსმენილი არაფრის მომცემი მითები იმასთან დაკავშირებით, რომ ”რუსები ჩვენი ძმები არიან”, “ორი რუსეთი არსებობს”, “რუსებს ქართველები ძალიან ვუყვარვართ “ და მისთანანი. თუკი ამ მითებს არ დაივიწყებ, ძალიან დაგწყდება გული, როდესაც საკუთარი თვალით ნახავ თუ რაოდენ დიდი ”სიყვარული” აქვთ ჩვენ მიმართ და იმასაც ადვილად მიხვდები, ღირს თუ არა მათთან კეთილმეზობლობაზე ფიქრი და ოცნება.

სოჭში ჩასულს არ უნდა გაგიკვირდეს თუკი აღმოაჩენ, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მთავრობებს ოლიმპიურ ქალაქში საკუთარი ოლიმპიური სახლები ექნებათ წამოჭიმული, სადაც ხაჭაპურიდან ყაურმამდე ყველაფერს როგორც უნიკალურ აფხაზურ კერძს - ისე შესთავაზებენ უცხოელ სტუმრებს და არც ის უნდა გაგიკვირდეს, ამ აფხაზურ ”ძმობის სახლში” თავადაც თუ მიგიწვევენ მიღებასა თუ ბანკეტზე, სადაც იქნება დიდი მოფერება და ხვევნა-კოცნა. მთავარია ფიქრადაც კი არ გაივლო, რომ ჩვენი დები და ძმები  სოჭიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქართული კუთხიდან უსინდისოდ გამოაძევეს და მათი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ქართველებად დაიბადნენ!

როდესაც უშუალოდ სპორტულ ღონისძიებაში მიიღებ მონაწილეობას, იმედია, მართლა ძალიან მოინდომებ და თავს ისე მაინც არ შეირცხვენ, რომ შემდეგ რუსულმა შოვინისტურმა გაზეთებმა შენზე და ზოგადად საქართველოზე არ დაიწყონ ქილიკი, რაც ასე კარგად ეხერხებათ. შეიძლება სპორტის ამბებში ნაკლებად ჩახედული ჩვენი თანამემამულეები მოატყუოთ და დააჯეროთ, რომ თითქოს სოჭში მედლების (თან ერთი მედლის კი არა - მედლების!!) მოპოვების  შანსი გვაქვს და აბა ასე მედლების ასაღებად მომართული ჩვენი უძლეველი სპორტსმენებისათვის ოლიმპიადაზე წასვლის აკრძალვა როგორ შეიძლება! სხვებს შეიძლება მართლაც დააჯეროთ ეს სისულელე, მაგრამ მათ, ვინც ზამთრის ოლიმპიადის ავან-ჩავანი იცის და ისიც კარგად მოეხსენება, რომ ცაფირუზხმელეთზურმოხტოვანი საქართველოს სპორტსმენებს თეთრ ოლიმპიადაზე არასოდეს არაფერი მოუპოვებიათ, იმის იმედი მაინც უნდა მოგვცეთ, რომ თავლაფს არ დაისხამთ, რისი ალბათობაც სამწუხაროდ ძალიან დიდია.

სოჭის ოლიმპიადაზე წასვლა-არწასვლის თემასთან დაკავშირებით ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ერთ ჩემი აზრით სრულიად არასწორ პასაჟს, რომ სოჭში წაუსვლელობა მხოლოდ იმით უნდა განისაზღვროს, რომ ზამთრის ოლიმპიადაზე მედლების მოპოვების შანსი ნაკლებად გვაქვს და ეს ზაფხულის ოლიმპიადა რომ ყოფილიყო, მაშინ მართლაც ღირდა სპორტსმენების ქვეყნის სახელით გაშვება. ეს ლოგიკა რბილად რომ ვთქვათ საკუთარი ქვეყნით ვაჭრობას გავს და საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ღირსებასთან, რაც ბოლო დროს ყველას აკერია პირზე. საქართველო ჩვენი სამშობლოა ნებისმიერ შემთხვევაში და უთავმოყვარეოდ მოქცევას მედლები ვერ გაამართლებს.

ამიტომ, შენ ქართველო ოლიმპიელო, რომელსაც ალბათ უკვე ჩალაგებული გაქვს ბარგი და შეიძლება დღეებსაც ითვლი, როდის დაიწყება ”ესოდენ ნანატრი და დიადი ღონისძიება”, ამედია არ გეწყინება იმის შეხსენება, რომ გავა წლები, ათწლეულები, ასწლეულები და შენი სოჭში გამგზავრება (მით უმეტეს სრულიად არაფრის მომტანი გამგზავრება) საამაყოდ ნამდვილად არავის გაახსენდება. არადა არაერთხელ შეგახსენეს, რომ თუკი მაინცა და მაინც ასე ძალიან გსურდა ოლიმპიადაში მონაწილეობა, ეს ოლიმპიური დროშით შეგეძლო გაგეკეთებინა და საქართველო ამ საქმეში ელემენტარულად არც კი გაგერია. მაგრამ...

ვინმეს გჯერათ რომ დღეს მსოფლიოში და განსაკუთრებით კი რუსეთში სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულია? ვინმეს გჯერათ, რომ ეს ოლიმპიადა ოდენ სპორტულ ხასიათს ატარებს და პუტინი ამ ღონისძიებას თავისი იმპერიული მიზნებისათვის არ იყენებს? ვინმეს გჯერათ ორი რუსეთის?

0.116067