ფეხბურთი

19:36 | 11.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ სოღოლაშვილი: “როგორი შემადგენლობაც არ უნდა გვყავდეს, მიზანი ევროტურნირებზე გასვლაა”

“დილას” სავარაუდო ახალწვეულები: კოშკაძე, ჯიშკარიანი, კვარაცხელია, კორღალიძე, რაზმაძე, ორბელაძე...


როგორი სიტუაცია აქვს გორის “დილას”? გუნდმა ვარჯიში 10 იანვარს დაიწყო. გუნდიდან ბევრი ფეხბურთელი წავიდა, კონტრაქტი ყველას დამთავრებული ჰქონდა და ზოგიერთმა უყოყმანოდ  გადაწყვიტა სხვაგან წასვლა, ზოგიც იცდის და ელის, როგორი ფინანსური სიტუაცია იქნება “დილაში”. ეს ლოგიკურიცაა.

“მსოფლიო სპორტი” “დილას” მწვრთნელ რამაზ სოღოლაშვილს ესაუბრა:

-       15 იანვრამდე, ალბათ, გაურკვევლობა იქნება. გვყავს ახალი ფეხბურთელები, მაგრამ არ მინდა მათი დაკონკრეტება, რადგან არ ვიცი, დავიტოვებთ გუნდში, ან თვითონ დარჩებიან, თუ არა. როცა კონტრაქტი გაფორმდება, მაშინ უფრო შეგვეძლება საუბარი. ბიუჯეტი დამტკიცებულია. დასამალი რა არის, ისეთი ბიუჯეტი არაა, როგორიც ადრე იყო. ვიცით იმ თანხის ოდენობა, რომლითაც ეს ჩემპიონატი უნდა ჩავამთავროთ, შემდეგ კი, ალბათ, დაგვემატება. ჯერ ამ სეზონისთვის გათვლილი თანხაა ცნობილი.

-       ასეთ შემთხვევაში, მიზანი – ევროტურნირებზე გასვლა - დასახული აქვს კლუბს?

-       ცხრილს რომ გადავხედოთ, 9 გუნდს აქვს მაღალი ადგილების დაკავების შანსი. ოღონდ, აქ უკვე გააჩნია, ვინ როგორი მომზადებული შეხვდება საგაზაფხულო ეტაპს. კონკრეტულად ჩვენ კი, ახალ წლამდეც ვთქვით, რომ, როგორიც არ უნდა იყოს შემადგენლობა, მიზნად ევროტურნირებზე გასვლა გვექნება დასახული. ეს თასიდან  მოხდება, თუ ჩემპიონატიდან, არ დაგვიკონკრეტებია.  

-       “დილას” მთავარი მწვრთნელი პირველი ეტაპის შუაწელს გახდით. კმაყოფილი ხართ ამ შედეგით, რაც გუნდს აქვს?

-       უფრო, უკმაყოფილო ვარ, ვიდრე კმაყოფილი. ჩემი აზრით, უმაღლესი ლიგის 12 კლუბიდან, ყველაზე ბევრი ქულა “დილამ” დაკარგა.

-       ანუ, თამაშის სცენარის მიხედვით რომ უნდა მოგეგოთ და ვერ მოიგეთ, ამას გულისხმობთ?

-       შეიძლება ითქვას. ამის გათვალისწინებით, ჩვენ, მინიმუმ, 5-6 ქულით მეტი უნდა გვქონდეს. ამით ვარ უკმაყოფილო, თორემ ფეხბურთელებმა რომ თავი არ დაზოგეს და მონდომება არ დაუკლიათ, ამაზე ორი აზრი არაა. ამ მხრივ პირიქით, კმაყოფილი ვარ.

-       თქვენს მიერ ჩატარებული მატჩებიდან, განსაკუთრებით დამამახსოვრდა “ზესტაფონთან” 3:1 მოგება. პირველ ტაიმში “ზესტაფონს” აშკარა უპირატესობა ჰქონდა, იგებდა კიდეც და შესვენების შემდეგ 3 გოლი გაუტანეთ. რა შეცვალეთ თამაშში?

-       თავიდან, საწყის 15 წუთში გვქონდა უპირატესობა, თუმცა შემდეგ მართლაც მოიპოვა “ზესტაფონმა” უპირატესობა, გოლი გაგვიტანა და შესვენებამდე თამაშს აკონტროლებდა. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ მეტი აქტიურობა უნდა გამოეჩინათ შეტევისას. მაქსიმალურად ვეცადე, რომ თავდაჯერება შემემატა გუნდისთვის. საერთოდ, ქართული გუნდების სენია, რომ პირველი გაშვებული გოლის შემდეგ, თამაშის მოტრიალება უჭირთ. საბედნიეროდ, ასე არ დაგვმართნია. გადააადგილებებიც მოვახდინეთ, რაც საბოლოოდ, კარგად წაადგა გუნდს.

 

P.S. როგორც “მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, გორის “დილაში” ვარჯიშობს ლანჩხუთის “გურიას” ორი ფეხბურთელი: 32 წლის ალექსანდრე კოშკაძე და 23 წლის ნიკა ჯიშკარიანი. კოშკაძემ მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, ხოლო ჯიშკარიანს 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ჯიშკარიანი წინა სეზონშიც გახლდათ “დილაში”.

ასევე, “დილას” სავარაუდო ახალწვეულები არიან ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია, მცველი სერგი ორბელაძე და ნახევარმცველები – ლევან კორღალიძე და ლუკა რაზმაძე. ორბელაძე, კორღალიძე და რაზმაძე, როგორც იცით, რუსთავის “მეტალურგში” გამოდიოდნენ. იქ იყო კვარაცხელიაც, ოღონდ, გასულ სეზონში. მიმდინარე სეზონში კი, კვარაცხელია ისრაელის ლეუმით ლიგის “მაქაბი ალ-ჰამში” იყო.

მეკარის პოზიციას რაც შეეხება, ნუკრი რევიშვილის “დილადან” წასვლა გადაწყვეტილია, “დილაში” კი დარჩნენ ბექა შეყრილაძე და დავით ლეგაშვილი. დიდი შანსია, რომ “დილამ” ახალი გოლკიპერი დაიმატოს და ამაზე მუშაობენ, თუმცა კონკრეტულად ვინ იქნება ეს მეკარე, ჯერ უცნობია.   

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.129406