საქართველოს მოკრივეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ ფალიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. კრივის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ “მსოფლიო სპორტს” თავად ფალიანმა აუწყა და საკრივო სამყაროში არსებულ არაჯანსაღ ატმოსფეროზეც ისაუბრა. შიდა დაპირისპირება რომ მართლაც არსებობდა და თან არცთუ უმნიშვნელო, ჯერ კიდევ შარშან, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე გამოჩნდა. ნაკრების თავკაცს ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ოლიმპიური თამაშების აკრედიტაცია არ მისცა. ფალიანი ლონდონში ტურისტად ჩავიდა, მაგრამ ბილეთის არქონის გამო კრივის დარბაზში რიგითი მაყურებლის სტატუსით შესვლასაც ვერ ახერხებდა. ოლიმპიადის შემდეგ გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები მოხდებოდა, რადგან ფედერაციის შეფები გუნდის დამრიგებლის მიერ გაწეული მუშაობით უკმაყოფილონი იყვნენ. მით უმეტეს, ზაფხულში ფალიანი კოალიცია “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანდა და სამწვრთნელო პერსპექტივას ესეც უმცირებდა. რამაზ ფალიანი მართლაც გადააყენეს, ოღონდ რამდენიმე დღის წინ, ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელებმა. ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი “მსოფლიო სპორტის” რედაქციაში გვესტუმრა.
- ნაკრების მწვრთნელი აღარ ვარ, მაგრამ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები. ჩემს სიმართლეს ყველას დავუმტკიცებ.
- როდის დაგატოვებინეს თანამდებობა?
- ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან რამდენიმე დღეში ახალმა პრეზიდენტმა დავით კვაჭაძემ გამგეობის წევრები და მწვრთნელები შეკრიბა. ოღონდ მხოლოდ ისინი, რომლებიც ფედერაციის მუდმივმა გენერალურმა მდივანმა ვოვა ახალკაცმა გაიხსენა. ბევრ ღირსეულ სპეციალისტს კი რატომღაც არ შეატყობინეს. კრებაზე კვაჭაძემ გამოაცხადა, ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მე უნდა შევითავსოო. არადა, იქამდე პირადად ჰქონდა ჩემთვის ნათქვამი, რომ მწვრთნელად დამტოვებდა. იმავე კრებაზე გვითხრა, რომ ახალგაზრდულ ნაკრებს კუკური შავგულიძეს აბარებდა, ხოლო ჭაბუკთა გუნდს – თემურ ლორთქიფანიძეს. მაშინვე ვუთხარი, რომ უსამართლოდ იქცეოდა. ვკითხე, რა მიზეზით მათავისუფლებ-მეთქი და ზოგადად მიპასუხა – ასე მივიჩნევ საჭიროდო. ვიცეპრეზიდენტმა შუქრი ბურჭულაძემ შემახსენა, რომ ფედერაციის სათავეში ახალი ხალხი მოვიდა და საქმე ახალმა გუნდმა უნდა გადაიბაროს. თუ მართლა ასე გადაწყვიტეს, მაშინ კუკური შავგულიძე რაღა შუაშია? მწვრთნელი, რომლისთვისაც ოლიმპიურ თამაშებზე ნაწვნევი სირცხვილის გამო დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ, პირიქით დააწინაურეს და ჭაბუკთა გუნდიდან ახალგაზრდებში გადაიყვანეს. რამდენიმე ადამიანმა მხარი ხმამაღლა დამიჭირა. მათ შორის ყველაზე აქტიურად ნაკრების ყოფილმა წევრმა ბექა ლობჟანიძემ, რომელმაც გულისტკივილი გამოთქვა, რომ ფედერაციაში მომხდარი ცვლილებების მიუხედავად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თანამდებობაზე ისევ ვოვა ახალკაცი დაინიშნა და ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გენერალურმა მდივანმა ფული გამოსძალა, შემდეგ კი სულაც კარიერა დაასრულებინა. ამ განცხადების გაკეთებისას ლობჟანიძეს ახალკაცმა რამდენიმეჯერ მიანიშნა, რომ იარაღს ატარებს. ბოლოს კი სულაც ხელი წაიღო იარაღისკენ და მის ამ საქციელს დიდი გაწევ-გამოწევა მოჰყვა. კრება ჩაიშალა. კვაჭაძემ კი ფედერაციაში დამიბარა, დავილაპარაკოთო. შეხვედრა 4 იანვარს შედგა. აბსოლუტურად განსხვავებულად მესაუბრა – ნაკრების მთავარ მწვრთნელად დარჩები და ერთწლიან კონტრაქტს გაგიფორმებთო. ვადამ დიდად არ მომხიბლა, მაგრამ დავთანხმდი. საქართველოს ჩემპიონატის ჩატარების თარიღზეც ვკითხე და მიპასუხა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ძველით ახალი წლისთვის მიიღებდა, მას შემდეგ, რაც ფედერაციის ბიუჯეტი დამტკიცდებოდა. იქვე დასძინა, იქამდე შეგიძლია აღარც ამოხვიდეო. 3-4 დღეში ფედერაციის თანამშრომელ თამაზ ქართველიშვილს ველაპარაკე ტელეფონით, ისევ ხომ არ გადაიფიქრეს-მეთქი. მითხრა, შემოიარეო. რომ მივედი, კვაჭაძე და ახალკაცი საქართველოს ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე და ნაკრების მომავალ შეკრებაზე ლაპარაკობდნენ. მივხვდი, რაღაც ისე ვეღარ იყო და ფედერაციის პრეზიდენტს პირდაპირ ვკითხე, რა შეიცვალა-მეთქი. კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა, მაგრამ მიმანიშნა, რომ არ იცოდა, რა როგორ იქნებოდა. კაბინეტიდან გამოსულს ქართველიშვილი გამომყვა და მითხრა, შენთან მუშაობა არ უნდაო.
- მიზეზად რა სახელდება?
- როგორც ვიცი, კონკრეტული მიზეზი არც არსებობს. ერთ-ერთ არგუმენტად კი ასახელებენ, თითქოს ნაკრების წევრებს არ სურთ ჩემთან ერთად მუშაობა. ეს სისულელეა. შავგულიძის პირადი მოსწავლის, მერაბ თურქაძის პოზიცია მთლიანად ნაკრების აზრს არ ასახავს. სპორტსმენი, რომელმაც უნებისყოფობის და მწვრთნელის დაუდევრობის გამო ოლიმპიადაზე წონა ვერ ჩააბარა, თურმე ნაკრების მთავარი მწვრთნელის მუშაობითაა უკმაყოფილო და მის გადაყენებას მოითხოვს. სინამდვილეში ეს ახალკაცის ბინძური სცენარია, რომელიც, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობასაც მოახვია თავს. უკვე წლებია, ეს ადამიანი პირდაპირ მებრძვის.
- წლების წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელად სწორედ ახალკაცის ინიციატივით დაინიშნეთ. რამ შეცვალა გენერალური მდივნის შეხედულება?
- 2009 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა 17-წლიანი პაუზის შემდეგ მედალი მოიპოვა – კობა ფხაკაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და ახალკაცის და ჩემი პირველი დაპირისპირება სწორედ იმ შედეგისთვის გამოყოფილი პრემიების თემას მოჰყვა. ვიდრე ოფიციალური პრემია ჩაირიცხებოდა, ჯერ კიდევ მილანიდან დაბრუნებისთანავე, ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა 1500 ლარი გვაჩუქა. ამ ფულის ნახევარი ფედერაციის ერთი ოთახის მოსაწესრიგებლად გამოვიყენეთ, ნაწილი კი ისე მოვიხმარეთ, რომ პირადად სახლში ერთი თეთრიც არ წამიღია. მალევე შევიტყვე, რომ თურმე ახალკაცს თანხის წილის მიღება უნდოდა. მალევე დამიბარა და პირდაპირ მითხრა, შენ გგონია, შედეგი გააკეთე და სინამდვილეში კენჭისყრა ჩავაწყვეო. ძალიან გავბრაზდი და შევახსენე, რომ იმ პროცედურას საერთოდ არ დასწრებია. სინამდვილეში მე და თემურ ოჩიგავამ კენჭისყრის შემდეგ ბიჭები რომ შევკრიბეთ, მაშინ ახალკაცი გაბრაზებული გაიძახოდა, როგორც უნდოდათ, წილი ისე ყარესო. პირდაპირ მომახალა, რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, პრემიის ნახევარს აქ მოიტანო, თან დამემუქრა – შენ კი არა, შოთა ხაბარელი მოხსნესო. ამერიკიდან სულ რაღაც თვეების ჩამოსული ვიყავი და ვიფიქრე, ყველაფერი მიმეტოვებინა და ისევ იქ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ბოლოს მაინც დავრჩი.
- გენერალურ მდივანთან ურთიერთობა როგორ გაგრძელდა?
- რომ მივხვდი, სხვა გამოსავალი არ იყო, კუთვნილი 10 ათასი დოლარიდან წილი მივეცი. ამდენივე ერგო ზაალ ჯავახაძესაც – კობა ფხაკაძის პირად მწვრთნელს, ხოლო თავად ფხაკაძემ – 20 ათასი აიღო და ისინიც იძულებულნი გახდნენ, პრემიალური თანხა ვოვა ახალკაცისთვის გაეყოთ. ანალოგიურად მოხდა 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის პრემიალური თანხების დარიცხვისას, როდესაც სამი ბრინჯაოს მედალი ავიღეთ.
- ამ საკითხებზე თუ ისაუბრეთ დავით კვაჭაძესთან?
- რა თქმა უნდა, მაგრამ რატომღაც ჩემი პროტესტი დღემდე უყურადღებოდ რჩება. სპორტის სამინისტროშიც მივედი და მინისტრის მოადგილეებს ყველაფერი მოვახსენე. იმ საუბრიდან ორიოდ დღეში კი უკვე მინისტრმა დაგვიბარა. წინასწარი ინფორმაციით, ლევან ყიფიანს მე, შუქრი ბურჭულაძე და კვაჭაძე უნდა შევხვედროდით, მაგრამ რომ მივედი, ვოვა ახალკაციც იქ დამხვდა. მივხვდი, ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. კვაჭაძემ ჭაბუკთა ნაკრების ჩაბარება შემომთავაზა, რაზეც უარი ვუთხარი. თუ ფიქრობენ, რომ ეროვნული ნაკრების გაწვრთნა არ შემიძლია, მაშინ ჭაბუკებს რატომ მანდობენ? ფიქრობენ, რომ ნაკლებად საპასუხისმგებლო საქმეა? მე ასე ნამდვილად არ ვფიქრობ და შემოთავაზებაც არ მივიღე. ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო არ ერევა ფედერაციის საქმიანობაში და პრეზიდენტს თავისი სამუშაო გეგმის შესრულებაში ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. ამ შეხვედრაზე ისიც კი მითხრეს, “ქართულ ოცნებაში” საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოხვედიო. არადა, რეალურად ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად დაპირისპირებაში ვიყავი იმ რეჟიმთან. ძალიან გული მწყდება, რომ ასე ცუდად მექცევიან, მაგრამ ამაზე მეტად ვოვა ახალკაცის კრივში დარჩენა მანერვიულებს. მას აქ არაფერი ესაქმება. საერთაშორისო კრივიდან უკვე ორჯერ მოკვეთეს და იმედია ქართულ სპორტსაც მალე ჩამოვაშორებთ.
- რას გულისხმობთ?
- შარშან შემოდგომაზე, სომხეთში ჩატარებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს. ახალკაცი ამაყად გაიძახოდა, ჟიურის წევრად დამნიშნესო. სინამდვილეში, სპორტსმენებისთვის ხელის გადასახვევ მაგიდასთან იჯდა და ყოველ პროცედურას ბეჭდის დასმით ადასტურებდა. სულ ეს იყო მისი საქმე. იმავე შეჯიბრებაზე მსაჯისთვის ფულის შეთავაზების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. ანალოგიური ბრალდების გამო დაისაჯა გასული წლის ბოლოს, ევროპირველობაზეც, ოღონდ იმ შეჯიბრებაზე ზაალ კვაჭატაძის მიერ მოპოვებულ მედალში ჩვენს გენერალურ მდივანს წვლილი ნამდვილად არ მიუძღვის. წარმატება კვაჭატაძის დამსახურებაა. აქვე ერთ ტყუილშიც მინდა ვამხილო ახალკაცი. ბოლო დროს ის ძალიან სარგებლობს თამაზ თამაზაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სახელებით. გაიძახის, რომ მისი უახლოესი ადამიანები არიან. თუ მართლა ასეა, მაშინ რატომ არ იღებდა ხმას, როცა თამაზაშვილი ციხეში იყო და ახალკაცი ნაციონალი პეტრე ცისკარიშვილის გვერდით იდგა?
- ამჟამად რა ხდება ნაკრებში?
- დავით კვაჭაძემ გადაიფიქრა, თავად შეეთავსებინა მწვრთნელობა და ნაკრების თავკაცებად თავისი ძმა - როლანდ კვაჭაძე და ბონდო მამულაშვილი დანიშნა. ეს უკანასკნელი კრივში ბოლო 20 წელია, არსად გამოჩენილა. იქამდე საქართველოს ნაკრების სათავეშიც იყო და ამაყად აცხადებდა, ჩვენს ქვეყანაში სომხების, აზერბაიჯანელებისა და ქურთების კრივი მე მოვსპეო. ასეთი შეხედულებით მუშაობა როგორი სასარგებლოა, თავად განსაჯეთ.
- თავად რას საქმიანობთ?
- ძველებურად ვავარჯიშებ სპორტსმენებს. წინ საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც 10 თებერვალს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება სანაკრებო ამბებს, მომხდარ უსამართლობას არავითარ შემთხვევაში არ შევეგუები. ნაკრების წევრებსაც ველაპარაკე და მათაც ჯანსაღი პოზიცია აქვთ. მხარდაჭერას ველი რეგიონებიდანაც. ძალიან ბევრი თავისი პოზიციის ხმამაღლა გამოხატვას ერიდება, რადგან ეშინიათ, სიტუაციის ჩაწყნარების შემთხვევაში ვოვა ახალკაცის ხახაში არ აღმოჩნდნენ, მაგრამ იმედია, ბოლოს ყველა პირდაპირ იტყვის სათქმელს. თუ დავინახავ, რომ სპორტულ წრეებში სიმართლის გატანას ვერ ვახერხებ, პრემიერმინისტრთან შეხვედრას მოვითხოვ და იმედია, პირადად ავუხსნი, რა და როგორ ხდება. მჯერა, სიტუაციის სასიკეთოდ შემოტრიალებას შევძლებ, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებ, მაშინ საქართველოდან ისევ წავალ. კრივი ჩემი ცხოვრებაა და არცერთ ქვეყანაში არ დავიკარგები.
ოთარ მაღლაკელიძე