საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად რთული გზის გავლა მოუწია. რაიმონ დომენეკის გუნდმა მე-7 საკვალიფიკაციო ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა და მუნდიალზე მეცამეტედ სათამაშოდ ფლეი-ოფში ირლანდიასთან დაპირისპირება დასჭირდა. განვლილი საკვალიფიკაციო ეტაპი საფრანგეთისთვის წარუმატებლად ჩაითვალა, რაშიც მთავარ დამნაშავედ დომენეკი შერაცხეს. 58 წლის სპეციალისტი ამგვარ სიტუაციაში აქამდეც ყოფილა. დომენეკის მიმართ გულშემატკივრები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მსოფლიოს 2006 და ევროპის 2008 წელების ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების შემდეგ. მაგრამ ერთი რამ ფაქტია – დომენეკი არის საფრანგეთის ნაკრების ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც უმაღლესი საფეხბურთო ფორუმის ზედიზედ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი დააძლევინა გუნდს. ერთადერთი, რაც ფრანგ სპეციალისტს აკლია, არის ტიტული. მასთან ძალზე ახლოს დომენეკი 2006 წელს იყო, მაგრამ მისი საფრანგეთი მუნდიალის ფინალში იტალიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.
- ბატონო დომენეკ, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი რამდენიმე თვეში დაიწყება. როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პერიოდი?
- რასაც ამჟამად ვუყურებ, პრობლემები არ არის. მოედნები შესანიშნავ მდგომარეობაშია. ტურნირის დაწყებამდე 2 თვეზე მეტია დარჩენილი და საბოლოო შეფასებისთვის ადრეა.
- საკვალიფიკაციო ეტაპის დროს საფრანგეთის ნაკრებს ხშირად აკრიტიკებდნენ. დაეხმარა ეს გუნდს ერთიანობის მოსაპოვებლად?
- ფეხბურთელებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი ასპარეზობა არ ამართლებდა გულშემატკივართა მოლოდინს და შესაბამისად, იყო კრიტიკაც. ახლა კრიტიკა ძირითადად ჩემი მისამართით მოდის, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დროს განსაკუთრებით დეტალურად ფეხბურთელთა ქცევა იქნება განხილული. ჩემი მოვალეობაა ფეხბურთელებს პასუხისმგებლობის გრძნობა გავუღვივო იმისათვის, რომ ტურნირის მიმდინარეობისას მათ თავიანთი მოვალეობა კარგად შეასრულონ. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ფეხბურთელები დავიცვა და სათანადოდ მოვამზადო.
- როგორ უმკლავდებით პირადად თქვენი მისამართით წამოსულ კრიტიკას?
- ისევე, როგორც ყველა მწვრთნელი. მწვრთნელებს გამუდმებით უწევთ სტრესში ყოფნა. ასე ხდება ყოველთვის.
- მიუხედავად საფრანგეთის ნაკრებში მოთამაშე არაერთი ვარსკვლავისა, გუნდი ვერ ახერხებს გულშემატკივართა იმედების გამართლებას. რა უშლის მას ხელს პოტენციალის სრულად გამოვლენაში?
- გუნდი ამჟამად გარდამავალ პერიოდშია. ფეხბურთელთა ერთ თაობას ცვლის მეორე. ბრაზილიაში არის იმდენი საფეხბურთო ტალანტი, რომ შესაძლებელია გუნდის გამუდმებით განახლება და ეს პროცესი უმტკინვეულოდ მიმდინარეობს. დანარჩენ ქვეყნებში კი საჭიროა ცვლილებების ციკლი. ამ ციკლის დროს ნაკრებს თამაში შედარებით უჭირს. საფრანგეთის ნაკრებში წლების განმავლობაში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელმა თამაშს თავი დაანება და საჭიროა მათი ჩანაცვლება. ვინც ამას ვერ ხედავს, ის არასწორად ფიქრობს. ჩვენ თავდაუზოგავათ ვმუშაობთ თაობათა ცვლის უმტკინვეულოდ გადასატანად.
- მიუხედავად გუნდში მოთამაშე არაერთი გამოცდილი ფეხბურთელისა, ნოემბერში ირლანდიასთან გამართული ფლეი-ოფს მატჩის დროს ისინი თითქოს შეშინებულნი ჩანდნენ. გაგაკვირვათ ამ ფაქტმა?
- ეს გასაგებიცაა. განმეორებით მატჩში ირლანდიას დასაკარგი არაფერი ჰქონდა, რადგან პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 0:1 ჰქონდა წაგებული და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად აუცილებლად მართებდა კარგი თამაშის ჩვენება და გოლის გატანა. მეტოქეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. განსხვავებული სიტუაცია იყო ჩვენს გუნდში. ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ საკუთარი მომავლისთვის თამაშობდნენ. მათ იცოდნენ, რომ ყველაფერი შეიძლებოდა გადაეწყვიტა ერთ პატარა შეცდომას. მათ თავში ბევრი კითხვა უტრიალდებდათ და ასეთ დროს რთულია თამაში.
- თქვენი გუნდის წამყვან ფეხბურთელებს დიდი გამოცდილება აქვთ. ეს არ ცვლის სიტუაციას?
- ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს ფეხბურთელის გამოცდილებას და იმას, თუ რამდენად მომწიფებულია იგი. ეს არაფერს ცვლის. ნერვები ყველას აქვს და ყველას შეეძლო იმის დანახვა, რომ ირლანიის ნაკრებში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი თამაშობდა. ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა გუნდებს შორის სხვაობის დაბალანსება გამოიწვია. გაცილებით იოლია თამაში, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს და პირიქით, როცა შეიძლება ყველაფერი დაკარგო, ბევრი ნერვიულობა გიწევს.
- ჯგუფურ ეტაპზე მოგიწევთ მასპინძელ ქვეყანასთან დაპირისპირება. რას გვეტყვით სამხრეთ აფრიკასთან გასამართ მატჩზე?
- ეჭვგარეშეა, რომ ძალიან კარგი იქნება სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე მასპინძლებთან თამაში. ეს იქნება ჯგუფის ბოლო მატჩი და შესაძლოა მან გავლენა იქონიოს რომელიმე, ან ორივე გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლაზე. ეს არაა იმ ტიპის შეხვედრა, რომელსაც შეიძლება ზერელედ მიუდგე. არ შეიძლება სამხრეთ აფრიკასთან მატჩი განვიხილოთ, როგორც ერთი რიგითი თამაში, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
- გერმანიის 2006 წლის მუნდიალის წინ განაცხადეთ, რომ თქვენი გუნდი 9 ივლისს ფინალში ითამაშებდა. შეგიძლიათ ამჟამად თქვათ, რომ 2010 წლის 11 ივლისს კიდევ ერთხელ ითამაშებთ ფინალში?
- მხოლოდ ფეხბურთელებს შეუძლიათ ამაში დამარწმუნონ. როდესაც 2006 წლის მუნდიალის წინ ვუყურებდი და ვუსმენდი ფეხბურთელებს, ჩემს თავს ვუთხარი –ფინალში ვითამაშებთ, დარწმუნებული ვარ. როდესაც მომეცემა საშუალება ფეხბურთელების კვლავ ერთად შეკრების, მაშინ მეცოდინება თქვენს კითხვაზე პასუხი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჰგავს ერთ კონკრეტულ მატჩს – პირველი 5 წუთის შემდეგ ვიცი, როგორ წარიმართება მოვლენები. მოდით დავიცადოთ ტურნირის დაწყებამდე.
მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა