თამაშგარე

11:27 | 10.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზის ავხორცობანი

სექს-სკანდალები, რომლებიც ბოლო პერიოდში, ”მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერან ფეხბურთელს – რაიან გიგზს ახვევია თავს, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი და გასაოცარია. ჯერ იყო და, ინგლისელმა ჟურნალისტებმა დაიწყეს მტკიცება, რომ რაიანი ჰომოსექსუალია და ამის დასტურად, მავანი გეიორიენტაციის ადამიანის ინტერვიუ გამოფინეს, სადაც იგი რაიანთან თანაცხოვრების დეტალებს იხსენებს. ამის შემდეგ კი, სულ სხვა ტიპის სკანდალური ”ბომბი” გასკდა და ამჯერად, რაიანი უკვე არასრულწლოვანი გოგონას - ემოჯენ ტომასის გარყვნაში დაადანაშაულეს.

მაგრამ, რაიან გიგზის გარშემო ატეხილი სკანდალები ასე მარტივად როდი შეწყვეტილა... ინგლისურმა ყვითელმა გამოცემა ”სანმა”, არც აცია, არც აცხელა და დაბეჭდა რაიან გიგზის ერთ-ერთი ინკოგნიტო ნათესავის ინტერვიუ, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ გიგზის ნამუსგარეცხილობამ მწვერვალს მაშინ მიაღწია, როდესაც ”მანჩესტერის” გარემარბმა, საკუთარი ძმის – როდრი გიგზის ცოლთან – ნატაშასთან დაიწყო კურკური და როდესაც ნათესავებმა რაიანის ამ უნამუსო საქციელის შესახებ შეიტყვეს, ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი ყველამ მოიძულა და დღემდე, გიგზს არც ერთ ნათესავთან მისასვლელი პირი აღარ აქვს.

ჩვენ არც სამართალმცოდნეები ვართ და არც თვითმხილველნი, რომ გიგზის მიერ  ჩადენილ-არჩადენილი ავკაცობანი შევაფასოთ და განვსაჯოთ, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ აქამდე, რაიან გიგზს (რომელიც ორი შვილის მამაა) საფეხბურთო სამყაროში პატიოსანი კაცის რეპუტაცია ჰქონდა და იმ საშინელებებს, რაც უელსელს ბრალდება, ეს ჩუმი და უთქმელი კაცი თუ ჩაიდენდა, ვერავინ წარმოიდგენდა.

0.138637