ინტერვიუები

12:38 | 21.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: “ვან პერსი ქარიზმატული ფეხბურთელია”

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის მორიგი გათამაშება მარცხიანად დაიწყო. ლივერპულის “ევერტონთან” სასტარტო მატჩში ოლდ ტრაფორდელთა ახალწვეული რობინ ვან პერსი მინდორზე მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს გამოჩნდა და სადებიუტო შეხვედრაში თავის გამოჩენა ვერ მოახერხა. “მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანს ბევრი ვუტრიალეთ, მაგრამ მასში შედეგიანად შეჭრა ვერა და ვერ შევძელით. ამ პრობლემის გადაჭრა რობინ ვან პერსის შეუძლია, რომელიც მეტოქის მცველთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში, მეტად ეფექტურია, თუმცა, ამჯერად, ჩვენმა ფეხბურთელებმა ჰოლანდიელის საუკეთესო თვისებები ვერ გამოიყენეს”, - ამგვარი კომენტარი გააკეთა ნამატჩევს მანჩესტერელთა შოტლანდიელმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა.
ლივერპულის “გუდისონ პარკზე” არ უთამაშია ოლდ ტრაფორდელთა ვეტერან ფეხბურთელს რაიან გიგზს, რომელმაც “ევერტონთან” შეხვედრის წინ ინტერვიუ მისცა Manutd.com-ს და ვეგვერდის ჟურნალისტთან საუბრისას დიდი დრო სწორედ გუნდის ჰოლანდიელ ახალწვეულს დაუთმო.


- რობინ ვან პერსის გადაბირების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონს თავდასხმის ხაზში ვარირების საშუალება მიეცემა...
- ეს ყველა ჩვენთაგანს – მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს გვახარებს. ფერგიუსონი უდიდესი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამრიგებელია, ამიტომაც მას ყოველი კონკრეტული შეხვედრის წინ შემადგენლობისა და ტაქტიკის სწორად შერჩევა არ გაუჭირდება. “მანჩესტერ იუნაიტედი” ტრადიციულად ყოველ სეზონში ერთდროულად რამდენიმე ტურნირზე იბრძვის წარმატების მოსაპოვებლად, ამიტომაც სათადარიგოთა გრძელი სკამი აუცილებელია.…მომქანცველი და ურთულესი სატურნირო დისტანციის დროს ვერც მოთამაშეთა ტრავმებს ავიცილებთ თავიდან და ვერც გადაღლის ფაქტორს. აქედან გამომდინარე, თითოეულ პოზიციაზე კონკურენციაც აუცილებელია და სასტარტო ფეხბურთელის სათანადო შემცვლელის ყოლაც.
- სპეციალისტთა და ქომაგთა აზრით, რობინ ვან პერსის გვერდით ისეთი შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც დენი უელბეკი და ჩიჩარიტო არიან, ბევრს ისწავლიან და კიდევ უფრო დაოსტატდებიან. თქვენც ასე ფიქრობთ?
- მეც ამ აზრზე გახლავართ. დენიმ და ჩიჩარიტომ უკვე ბევრი რამ ისწავლეს უეინ რუნისგან, მათი პროგრესი თვალნათელია, ახლა კი ვან პერსის პარტნიორობით კიდევ უფრო აიმაღლებენ სათამაშო კლასს. ნებისმიერი მოთამაშე უფრო გამოცდილისგან მაგალითს იღებს და ეს ყველა კლუბში ბუნებრივი მოვლენა უნდა იყოს.
- პირადად თქვენ რა აზრის ხართ რუნისა და ვან პერსის ტანდემზე?
- ორივე მათგანი მინდორზე ბევრს გადაადგილდება, უნივერსალური ტიპის ფორვარდები არიან და მაღალი შედეგიანობითაც გამოირჩევიან. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა კონკრეტულ დავალებებს მისცემს რობინსა და უეინს ფერგიუსონი, მაგრამ მათი ერთდროულად ყოფნა მინდორზე პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, მოწინააღმდეგეთათვის კი სახიფათო.
- როგორ გგონიათ, “იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებთ?
- აკი მოგახსენეთ, წინ ხანგრძლივი სეზონი გველის და ყველა ჩვენთაგანს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მოგვეცემა. მეც შევეცდები საკუთარი შანსი გამოვიყენო და გუნდს სარგებლობა მოვუტანო.
- ვან პერსისთან ერთად რამდენჯერმე ივარჯიშეთ. როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე ჰოლანდიელმა?
- მე და რობინს ადრე პირისპირ ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ გვითამაშია და მისი თვისებები ჩემთვის აქამდეც კარგად იყო ცნობილი. ვან პერსი მობილური ფეხბურთელია, ბურთს უზადოდ ურტყამს მარცხენა ფეხით, ლამაზი გოლები კი უხვად გააქვს. რობინი ქარიზმატული ფეხბურთელია და მისი დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედი” საგრძნობლად გაძლიერდება. ამასთან, იგი კარგი პიროვნებაცაა, რაშიც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვან პერსის გაცნობისთანავე დარწმუნდა. “მენიუ” ყოველთვის თბილად ხვდება ხოლმე თავის ახალწვეულებს და ამ მხრივ გამონაკლისი არც რობინ ვან პერსი და სინჯი კაგავა არიან.


გოჩა კაჭარავა
 

0.11691