ინტერვიუები

14:57 | 28.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

რაიან გიგზი: “თუკი მოგება წინასწარ ვირწმუნეთ, არასასურველი შედეგი არ აგვცდება”

დღეს ინგლისურ პრემიერლიგაში ერთმანეთს პრინციპული მოწინააღმდეგეები - “მანჩესტერ იუნაიტედი” და “არსენალი” შეხვდებიან. მიუხედავად იმისა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” დანიშნულ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები არიან მიჩნეულნი, არსენ ვენგერის გუნდი ხელწამოსაკრავი ოპონენტი რომ არაა, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც დამტკიცდა, რომელშიც ჩრდილოლონდონელებმა ორივე შეხვედრა მოუგეს იტალიურ “უდინეზეს”. “მანჩესტერი” ინგლისის პირველობაზე მიჯრით მესამე მატჩის მოგებას შეეცდება, თუმცა, მანკუნიანელთა ყველაზე ასაკოვან, ტიტულოვან და გამოცდილ წევრს რაიან გიგზს კარგად ესმის, დედაქალაქელები სამ ქულას უბრძოლველად რომ არ დაუთმობენ.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედმა” პრაქტიკულად ყველა ოფიციალური და ტესტ-მატჩი მოიგო. წესით, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გქონდეთ...
- დიახ, ასეა. იმედია, “იუნაიტედი” წარმატებულ სვლას განაგრძობს. წინასასეზონო პერიოდი ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენეთ, თანაც, რამდენიმე საჭირო ახალწვეული ავიყვანეთ და გუნდს განათხოვრებული ფეხბურთელებიც დაუბრუნდნენ. მათ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და დარწმუნებული ვარ, ხანგრძლივი სეზონის მსვლელობისას დიდ სარგებელს მოგვიტანენ. მთავარია, აღებული ტემპი არ დავაგდოთ და წარმატებული სვლა განვაგრძოთ.
- პრემიერლიგის 2 სასტარტო შეხვედრის მოგების შემდეგ, მესამე ტურში პრინციპულ მოწინააღმდეგესთან, “არსენალთან” მოგიწევთ დაპირისპირება. ჩრდილოლონდონელებს სადღეისოდ არ ულხინთ – გუნდი ფაბრეგასმა და ნასრიმ დატოვეს, ამასთან, ტრავმები და დისკვალიფიკაციებიც მიეძალათ. მანჩესტერელი ქომაგები “არსენალთან” მხოლოდ მოგებას ითხოვენ და ელიან...
- თუკი მოგება ჩვენც, ფეხბურთელებმა წინასწარ ვირწმუნეთ, არასასურველი შედეგი არ აგვცდება. “არსენალის” შემადგენლობაში არაერთი მაღალი კლასის მოთამაშე არ დარჩა, ამასთან, ვენგერის გუნდი მეტად გამოცდილი და სოლიდურია. “არსენალი” არა მარტო ინგლისში, ევროპის მასშტაბითაც ნებისმიერი გრანდისთვის ანგარიშგასაწევ ძალად რჩება. მართალია, ჩვენ მომავალ მეტოქეს შედარებით რთული პერიოდი აქვს, მაგრამ არსენ ვენგერის გუნდს არაერთხელ დაუმტკიცებია, კვლავინდებურად ტოპ-კლუბების სიაში რომაა. ყოვლად დაუშვებელია, ასეთი მდიდარი ისტორიის კლუბის იგნორირება.
- სადღეისოდ “იუნაიტედში” მრავლად ვარჯიშობენ ახალი თაობის ფეხბურთელები. თქვენ ახალგაზრდობასა და მათ შორის პარალელი რომ გაგავლოთ, რა საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს ხედავთ?
- დავიწყებ იმით, რომ ძალიან სასიამოვნოა ახალგაზრდა მოთამაშეების პროგრესისთვის თვალის მიდევნება. ჩემ გამოცდილ თვალს მათი წინსვლა არ გამოეპარება. თანაც, კლუბის ხელმძღვანელობამ მთხოვა, დამწყებ მოთამაშეებს პირადი მაგალითითა და რჩევით დავეხმარო. შეძლებისდაგვარად, ამას ვაკეთებ. ახალგაზრდობასთან ურთიერთობა მიყვარს და წვრთნების დროს მათ გვერდით ვუდგავარ.
- უპირველესად, ალბათ, დენი უელბეკსა და ტომ კლევერლის გულისხმობთ, რომლებიც “იუნაიტედში” ბავშვობის ასაკიდან ირიცხებიან. ბოლოხანს მათ ბევრს მიაღწიეს...
- მათ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შეგვპარვია. ორივე უნიჭიერესი ფეხბურთელია და თანდათან თავიანთი ტალანტის სრულად გამომჟღავნება დაიწყეს. დენი და ტომი ფიზიკურადაც მომძლავრდნენ, გარკვეული გამოცდილებაც უკვე მიიღეს და ჩემი აზრით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ძირითად შემადგენლობაში ფეხს მყარად კარგა ხნით მოიკიდებენ. უმთავრესი კი ისაა, რომ უელბეკი და კლევერლი მიღწეულს არ ჯერდებიან და ოსტატობის შემდგომ დასახვეწად დაუღალავი შრომა არ ეზარებათ.
- გასული სეზონის განმავლობაში “იუნაიტედის” ოფიციალური შეხვედრების ნახევარს სასტარტო შემადგენლობაში იწყებდით. თქვენი ასაკის გათვალისწინებით, ეს კარგი მიღწევაა. რა იქნება მიმდინარე სეზონში?
- ეს სერ ალექს ფერგიუსონის გადასაწყვეტია, მაგრამ ობიექტური რეალობის გათვალისწინებით, არათუ რეგულარულად მომიწევს სასტარტოში ასპარეზობა, ზოგიერთ მატჩში, ალბათ, მონაწილეობასაც ვერ მივიღებ. რა გაეწყობა, ასაკს თავისი მიაქვს. ჩემი უმთავრესი საზრუნავი “იუნაიტედისთვის” მაქსიმალური სარგებლობის მოტანაა და თავს არ დავზოგავ. ამასთან, როცა შევატყობ, რომ გუნდისთვის ჩემზე მეტის მოტანა ახალგაზრდებს შეეძლებათ, საფეხბურთო კარიერას დავასრულებ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

0.12295