რაიან ჯოზეფ გიგზის მიერ ჩემპიონთა ლიგის, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის მოპოვებულ თასებზე რომ არაფერი ვთქვათ, ის 12-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. მართლაც ფენომენალური შედეგია. ამ მაჩვენებლით რაიან გიგზს ვერცერთი ინგლისელი ფეხბურთელი ვერ გაუტოლდება. 9 ტიტული აქვს კიდევ ერთ მანჩესტრელ ლეგენდას პოლ სქოულზს, ლივერპულელების - ალან ჰანსენისა და ფილ ნილის კოლექციაში კი “მხოლოდ” რვა საჩემპიონო მედალია. აღტაცებასთან ერთად, რაიან გიგზის საფეხბურთო კარიერა განცვიფრებას იწვევს, ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ ათიოდე დღის წინ რაიან გიგზს მონაკოს უფლისწულმა Golden Foot-ის სიგელი გადასცა, ლეგენდარული ფეხბურთელის ტერფის ანაბეჭდმა კი ჯუჯა სახელმწიფოში მდებარე “ჩემპიონთა გალერეაში” თავისი ღირსეული ადგილი დაიკავა.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც Golden Foot - 2011-ის გამოკითხვის შედეგები გამომზეურდა და გამარჯვებულად გამოცხადდით?
- სიხარულისა და სიამაყის გრძნობის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის. ინტერნეტის მეშვეობით უამრავმა ადამიანმა დამიჭირა მხარი და თითოეულ მათგანს მადლობა მსურს გადავუხადო. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ გულშემატკივართა დიდ ნაწილს ჩემი სათამაშო სტილი მოსწონს. გამოდის ამდენი წლის განმავლობაში ტყუილუბრალოდ არ მირბენია (იცინის). ნებისმიერი სპორტსმენისთვის საპატიოა მონაკოში ჩასვლა და პრესტიჟული პრემიის მიღება უფლისწულ ალბერისგან .
- ამიერიდან თქვენი ტერფის ანაბეჭდი ჩემპიონთა გალერეაში დაიკავებს ადგილს, სადაც წარსულის ბევრი ვერსკვლავია წარმოდგენილი. პირადად თქვენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად რომელ დიდოსტატს მიიჩნევთ?
- დიეგო არმანდო მარადონას. შესაძლოა იმიტომაც,რომ მისი მონაწილეობით არაერთი მატჩი მინახავს, მათ შორის 1986 წლის მუნდიალის შეხვედრები. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მარადონამ მექსიკის მსოფლიოს ჩემპიონატი მარტომ მოიგო. მას “მუშა” მარცხენა ფეხი ჰქონდა, მე კი ყველა “დიდ ცაციას” ვეთაყვანები. მათ შორის მარადონა გამორჩეული ფიგურაა. არგენტინელს ვერავინ შეედრება, მათ შორის პელეც. კარიერის განმავლობაში უამრავი ფეხბურთელის წინააღმდეგ უმაღლეს საკლუბო დონეზე მითამაშია და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მარადონას მსგავსი ფეხბურთელი ჯერ არ ყოფილა.
- თანამედროვე მოთამაშეთაგან უპირველესად ვის გამოარჩევთ?
- “მანჩესტერ იუნაიტედელ” პარტნიორებს, სხვა კლუბებიდან თუკი ვინმეა გამოსაყოფი, ეს ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ არიან.
- 2 ათეული წელია, “მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველსეზონურად ტიტულებს იხვეჭს. ეს ფაქტორი რითაა განპირობებული?
- ეს ჩემი საანალიზო ნაკლებადაა. ჩვეულებრივი ბიჭები ვართ, რომლებიც პროფესიულ ფეხბურთს ვთამაშობთ და კოლექტივში მოქცევის წესებს ვემორჩილებით.
- ამ წესებს სერ ალექს ფერგიუსონი ადგენს?
- რასაკვირველია. იგი ხშირად გვხვდება და გვეთათბირება გამოცდილ ფეხბურთელებს. ჩვენ ხომ მაგალითი უნდა მივცეთ ახალგაზრდა მოთამაშეებს.
- ფერგიუსონის შესახებ უამრავი სტატია იწერება, რომლებშიც შოტლანდიელ სპეციალისტს ჟურნალისტები სხვადასხვაგვარი კუთხით ახასიათებენ. თქვენი აზრი ყველაზე კომპეტენტურია – მაინც როგორია სერ ალექსი?
- ფერგიუსონის პიროვნულ თვისებებზე მოკლედ მოგახსენებთ – იგი დიდი ადამიანია. პროფესიულ მხარეს რაც შეეხება, როგორც წესი, იგი პირველი ცხადდება გუნდის საწვრთნელ ბაზაზე და ვარჯიშის დასრულების შემდეგ შინ ყველაზე ბოლო მიემგზავრება. ფერგიუსონთან მუშაობა ძალიან მომწონს, ამასთან, მე და სერ ალექსი ერთმანეთისადმი პატივისცემით ვართ განმსჭვალულნი, მაგრამ უთანხმოება და უსიამოვნებაც არაერთხელ მოგვსვლია. თუმცაღა, ყოველთვის ერთადერთ საქმეს ვემსახურებოდით – “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვებას. თანაც, თუკი წავიჩხუბებთ, მომხდარი მეორე დღეს არც მე მახსოვს და არც ფერგიუსონს. მშვენივრად გვესმის, რომ გაუგებრობა მხოლოდ იმის შედეგია, რომ სულითა და გულით გუნდის ინტერესზე ვზრუნავთ. “მანჩესტერთან” ჩემ კონტრაქტს ვადა სეზონის მიწურულს ეწურება და დარწმუნებული ვარ, მაისის ბოლოს ერთ დღეში გადაწყდება ხელშეკრულების გახანგრძლივების საკითხი. საბოლოო დეტალებს კი საშობაო დღესაწაულის შემდეგ მე და ფერგიუსონი შევათანხმებთ.
- საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ოდესმე სხვა კლუბში გადასვლაზე არ გიფიქრიათ?
- არა. მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს გაზეთებში გაჩნდა ცნობა თითქოს მილანის “ინტერს” ჩემი გადაბირება სურდა. პირადად მე იტალიელებთან კონტაქტი არ მქონია.
- ჩემპიონთა ლიგაში წელსაც მხოლოდ თასის დასაუფლებლად იბრძოლებთ?
- “მანჩესტერ იუნაიტედი” მიზანს არ იცვლის – ყოველთვის ნებისმიერი ტურნირის მოსაგებად ვთამაშობთ.
- ფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაში გინდათ?
- ჩვენი ამოცანა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და თუკი გადამწყვეტ მატჩში “ბარსელონას” მოვუგებთ, ორმაგად სასიხარულო იქნება – კატალონელებმა ხომ ორ გადამწყვეტ მატჩში გვძლიეს.
- ორი ათეული წელია უმაღლეს დონეზე ასპარეზობთ. რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ასკეტური ცხოვრების წესის დაცვა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერა?
- აუცილებელია საყოფაცხოვრებო და საფეხბურთო საკითხების დაბალანსება. დისციპლინის დაცვას კი ყურადღება განსაკუთრებით 30 წლის გადაბიჯების შემდეგ უნდა მიაქციო. ასაკის მომატებასთან ერთად, ფიზიკური ძალის აღდგენა სულ უფრო და უფრო ძნელდება. თორემ 18-19 წლისამ თამაშის შემდეგ, შესაძლოა, გვიან საღამომდე ბარში დაჰყო, მეორე დღეს ვარჯიშზე კი მწვრთნელმა ვარაფერი შენიშნოს. ახლობელ ადამიანთა მხარდაჭერა და სიყვარული სათამაშო ტონუსს საგრძნობლად მაღლა მიწევს. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ჩემს ორ ვაჟთან დროის გატარების დეფიციტია. ამას მხოლოდ ჩემი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მოევლება.
გოჩა კაჭარავა