ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე რაფა ნადალს რეიტინგში პირველი პოზიციის დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდა. საამისოდ კი სადღეისო ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პეკინის ტურნირზე თავისი საჩემპიონო წოდება ვერ უნდა დაიცვას. ამასთან, თუკი რაფამ ჩინეთის დედაქალაქში ნახევარფინალამდე გააღწია ან შემდეგ შანხაის შეჯიბრებაზე მეოთხედფინალში გავიდა, კლასიფიკაციაზე მოწინავე ადგილს გარანტირებულად დაიმსახურებს. ნადალს ხომ ამ 2 ტურნირზე ქულები დასაცავი არ აქვს.
ამასობაში, ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მოთამაშე შეიქნა, რომელმაც ზედიზედ 9 წლის განმავლობაში მოახერხა თუნდაც ერთი სადიდსლემო ტურნირის მოგება. თავისი პირველი სამეიჯორო წოდება მალიორკელმა 2005 წელს, “როლან გაროსის” მოგებით იზეიმა და მას შემდეგ მოყოლებული ყოველწლიურად მინიმუმ ერთ სადიდსლემო შეჯიბრებას იგებს. როჯერ ფედერერს რაც შეეხება, დიდი სლემის ასპარეზობების 17-გზის ტრიუმფატორი ზედიზედ 8 სეზონის განმავლობაში (2003-10) ახერხებდა დიდი სლემის შეჯიბრებებზე გამარჯვებას. როჯერს 2011 და 2013 წლები “გაუცდა”, 2012-ში კი უიმბლდონზე იმარჯვა.
წლეულს რაფამ თავი ჰონორარითაც გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მან პირველად მოახერხა 10 მილიონი საპრიზო თანხის მიღება. ამ მხრივ მეორე პოზიციაზეა ნოვაკ ჯოკოვიჩი (7.2 მილიონი), შემდეგ კი ენდი მარეი (5.4), დავიდ ფერერი (3.1) და ხუან მარტინ დელ პოტრო (2.3) მოდიან.