გულშემატკივრის სვეტი

11:51 | 29.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფას ახალი რომანი

მას შემდეგ, რაც ლონდონის “ჩელსი” რომან აბრამოვიჩმა იყიდა, ლონდონურ კლუბს სკანდალი და მსოფლიოს ყურადღება არასოდეს მოკლებია. დღევანდელი “ჩელსი” ზეთისხილივით არის. ან ძალიან მოსწონთ ან ეჯავრებათ. ამ კლუბისადმი ნეიტრალურად განწყობილ ადამიანს იშვიათად თუ ნახავს კაცი. მაგრამ, “ჩელსის” მოძულეებიც ალბათ აღიარებენ, რომ აბრამოვიჩის ხელში, შედარებით ნაკლებად ამბიციური გუნდი, მსოფლიოს მეგა-გრანდად ჩამოყალიბდა და შარშან ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების შემდეგ, გუნდის ისტორიაში უკვე სულ ახალი ფურცელი გადაიშალა.
ბოლო წლებში “ჩელსის” ერთ-ერთი მთავარი დამახასაითებელი ნიშანი, მწვრთნელთა გამუდმებული ცვლაა. რომან აბრამოვიჩმა გუნდიდან ერთმანეთის მიყოლებით გაუშვა ის მწვრთნელები, რომლებმაც “არისტოკრატებს” სხვადასხვა დროს, დიდი ტიტულები მოუტანეს. როგორც ევროპულ პრესაში წერენ., გუნდში მოსვლიდან დღემდე, ებრაელ მილიარდელს 70 მილიონ გირვანქაზე მეტი, მხოლოდ მწვრთნელთა ხელფასებში წაუვიდა. ასეთი მიდგომის მომწონებელიც ბევრი ვიცი და გამაკრიტიკებელიც... უკან მოტოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებები და ტიტულები მეტყველებენ იმაზე, რომ აბრამოვიჩის მიერ გადახდილი ფული წყალში ნამდვილად არაა გადაყრილი.
ფაქტია, რომ “ჩელსი” უდავოდ წარმატებული კლუბია, თუმცა სანამ რომან აბრამოვიჩი “არისტოკრატების” ბოსი იქნება, გუნდი ალბათ ვერასოდეს მოიშორებს “გასართობად შეძენილი გუნდის” სახელს. ფაქტია, რომ ებრაელ მილიარდელს “ჩელსი” ფულის საშოვნელად არ უყიდია და ეს თვითონაც არაერთხელ განაცხადა. ცხოვრებით გალაღებულ ბიზნესმენს ძლიერი საფეხბურთო კლუბის სახით, ლამაზი და “ბრჭყვიალა” გასართობი სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთი ძირშივე შეიცავს გართობისა და შოუს ელემენტებს, “ჩელსის” მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისათვის ალბათ არც ისე სასიამოვნო უნდა იყოს, როდესაც თავს ვიღაცის გასართობ საშუალებად გრძნობენ და ერთი კაცის ხვაშიადზე არიან დამოკიდებულნი. მით უმეტეს, რომ ამ “ერთ კაცს” არცთუ ნათელი წარსული აქვს...
ლონდონის “ჩელსის” ახალი მწვრთნელი, ესპანელი რაფაელ ბენიტესი, ევროპულ ფეხბურთში ცნობილი და დაფასებული ფიგურაა. ყოველ შემთხვევაში, ესპანეთსა და ბრიტანეთში საკმაოდ დიდი სახელი დაიგდო და რომან აბრამოვიჩის მხრიდან, ასეთი კაცის გუნდის მწვრთნელად მოყვანა საკმაოდ გონივრულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს. მაგრამ, რაფა ბენიტესის თავში თუ მართლა დიდი ჭკუაა ჩაბუდებული, ალბათ იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ რომან აბრამოვიჩის ხელქვეითობა სულაც არ ჰგავს ყვავილებით მორთულ მდელოზე კოხტად წამოწოლას და ჩიტების ჟღურტულით დატკბობას. ბენიტესსა და აბრამოვიჩს წინ მრავალი მძიმე დღე ექნებათ გადასატანი და პირველ რიგში ალბათ მაინც ესპანელ მწვრთნელს მოუწევს რომან აბრამოვიჩის ხუშტურების ატანა. შეგახსენებთ, რომ “ჩელსიდან” დათხოვნილი მწვრთნელების უმეტესობამ, გუნდიდან წასვლის მიზეზად, კლუბის მფლობელთან შეუთანხმებლობა დაასახელა.
მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გველის და ყველანი სულ მალე დავინახავთ, სად გადის ბენიტესის მოთმინებისა და აბრამოვიჩის “ოფოფების” ზღვარი. ისე კი, მთავარი ალბათ მაინც “ჩელსის” მიერ ნაჩვენები შედეგები იქნება. თუკი პუტკუნა ესპანელმა შეძლო და ლონდონური კლუბი ჯიგრიანად აათამაშა, აბრამოვიჩსაც ნაკლები მიზეზი მიეცემა ჩხუბისა და წიოკისათვის... თუმცა, რას გაუგებ ამ აბრამოვიჩს...

 

ლევან სეფისკვერაძე        

 

0.121368