იტალიის საფეხბურთო ნაკრებისა და ინგლისური ”მანჩესტერ სიტის” ფორვარდი, მარიო ბალოტელი მსოფლიოს არწმუნებს, რომ მიუხედავად მისი განური წარმომავლობისა, თავს ჭეშმარიტ იტალიელად გრძნობს და მისი იტალიური პატრიოტიზმი წესით არავისში უნდა იწვევდეს ეჭვს.
მარიო ბალოტელის შვილის დედამ, იტალიელმა მოდელმა, რაფაელა ფიკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუხედავად მარიოს მხრიდან შეუვალობისა და სიჯიუტისა, ბალოტელის ბიოლოგიური განელი მშობლები მაინც ჯიუტად უკავშირდებიან და შერიგებას სთხოვენ. თუმცა, შავკანიანი თავდამსხმელი ძველებურად უარზეა.
მარიო ბალოტელი მშობლებმა ჯერ კიდევ მაშინ მიატოვეს, როდესაც იგი სამი წლის იყო და რომ არა ბალოტელების იტალიური ოჯახი, მარიოს ბედი გაურკვეველი იქნებოდა. რაფაელა ფიკო ამბობს, რომ იგი ამ თემაზე არაერთხელ ესაუბრა თავის სატრფოს და დარწმუნდა, რომ ბალოტელის განისაკენ და მისი მიმტოვებელი მშობლებისაკენ გახედვაც კი არ სურს.