მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა მცველმა რაფაელ ვარანმა, რომელიც ესპანეთის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ კატალონიურ “ბარსელონასთან” (1:1) საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ესპანურ გამოცემა AS-ს ინტერვიუ მისცა.
19 წლის ფრანგმა თქვა, რომ მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ისეთ მნიშვნელოვან მატჩებშიც კი, როგორიც “ელ კლასიკოა”, მღელვარებას არ განიცდის. ამასთან, ვარანმა აღნიშნა, რომ მადრიდის “რეალის” გამარჯვებისთვის და “სამეფო თასის” ფინალში გასასვლელად “ნოუ კამპზე” იბრძოლებს.
- სულაც არ შემშინებია. იმას, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე “ბარსელონა” იყო, ჩემზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ჩვენ ხომ “რეალი” ვართ! ჩვენი გუნდის ნებისმიერი ფეხბურთელი მზადაა ასეთი თამაშებისთვის.
- სულ რაღაც 19 წლის ხართ და როგორ მოახერხეთ სიმშვიდის შენარჩუნება?
- მუდამ ასეთი ვიყავი და ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობაა. ფეხბურთი ჩემი პროფესიაა და უნდა ვიცოდე სირთულეებზე და ზეწოლაზე გამკლავება.
- არ გაქვთ ისეთი შეგრძნება, რომ იმ დღეს ჩვენ დიდებული ფეხბურთელის დაბადება ვიხილეთ?
- შესაძლოა (იცინის). ვცდილობდი საუკეთესო თამაში მეჩვენებინა, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა მართლაც რაღაც განსაკუთრებულია. ჩემი ოცნება ახდა და გარკვეული დრო დამჭირდება, რათა მომხდარი გავიაზრო.
- როგორი განწყობა გაქვთ “ბარსელონასთან” განმეორებითი მატჩის წინ?
- პირველი მატჩის შედეგი საერთო გამარჯვებულის საკითხს ღიად ტოვებს. “ნოუ კამპზე” მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.