ინტერვიუები

17:27 | 26.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “მთავარი საწვრთნელი პროცესისადმი პოზიტიური განწყობაა”

რაფა ბენიტესმა დასავლეთლონდონური “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ჩაატარა, შეხვედრის შემდეგ კი ჟურნალისტებს გაესაუბრა.

 
- სენიორ რაფა, რა კომენტარს გააკეთებთ “ჩელსის” მთავარმწვრთნელად დანიშვნისა და ამ კლუბში პირველი სადამრიგებლო მატჩის ჩატარების შემდეგ?
- პროფესიონალი ვარ და ახალ გამოწვევას ინტერესით შევხვდი. ყველაფერს გავიღებ საიმისოდ, რათა “ჩელსის” მაქსიმალური წარმატება მოვუტანო. კონკრეტულად “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრას რაც შეეხება, ბიჭებს ცდა და მონდომება არ დაუკლიათ, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს,  მეორე ტაიმში კი სულაც უპირატესობას ვფლობდით. ჩემი ახალი შეგირდების ასპარეზობაში პოზიტიურიც ბევრი შევნიშნე. ფერნანდო ტორესის თამაშითაც კმაყოფილი დავრჩი. სამწუხაროდ, მან გოლის გატანა ვერ მოახერხა. ცხადია, ხარვეზებიც გვაქვს, მაგრამ ეს გარდაუვალია, როდესაც გუნდი კვირაში ორჯერ მნიშვნელოვან მატჩებს ატარებს. მთავარია, ბიჭები პოზიტიურად განეწყონ საწვრთნელი პროცესისადმი, დანარჩენს მოევლება.
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში უფეხბურთოდ ცხოვრობდით. ყოველ შემთხვევაში აქტიურ საფეხბურთო პროცესებს ჩამოშორებული იყავით...
- კატეგორიულად ვერ დავეთანხმები თქვენ თვალსაზრისს იმის თაობაზე, თითქოს საფეხბურთო პროცესებს ჩამოშორებული ვიყავი. ძალიან ბევრ მატჩს მივადსევნე თვალყური, საკუთარი ვებგვერდი მიმყავდა, წიგნი დავწერე, საკუთარი სამწვრთნელო პროგრამა განვავითარე. ახლა თავად განსაჯეთ, ვიყავი თუ არა აქტიური. როდესაც სადამრიგებლო საქმიანობას ჩამოშორებული ხარ, უფრო მეტად გწყურია წარმატების მიღწევა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფეხბურთი საკმაოდ შეიცვალა. ამის შემჩნევა “გვერდიდან” უფრო იოლია. მოხარული ვარ ისეთ კლუბში რომ დავიწყე მუშაობა, რომელიც ჩემ ამბიციას შეესაბამება. სულ რაღაც ერთი კვირის წინ წარმოდგენაც არ მქონდა, ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი რომ გავხდებოდი, ამიერიდან კი სტემფორდ ბრიჯელების წარმატებაზე უნდა ვიზრუნო. 
- როგორც ამბობთ, ბოლო წლებში ფეხბურთმა საკმაო ტრანსფორმაცია განიცადა. თავად თქვენ თუ შეიცვალეთ?
- ცხადია, ბევრს ვფიქრობდი გასულ სამწვრთნელო მუშაობაზე. ვაანალიზებდი მომხდარს და ვცდილობდი მიმხვდარიყავი, როდის, რატომ და სად დავუშვი შეცდომები. თუმცა, სწორი ნაბიჯიც ბევრი გადამიდგამს და შევეცები ისინი გავიმეორო, შეცდომები კი დავიწყებას მივცე. 
- რამდენად კმაყოფილი ხართ პრემიერლიგაში დაბრუნებით?
- უზომოდ. ამ დროის განმავლობაში ესპანეთშიც ვცხოვრობდი, გარკვეული დრო გერმანიაშიც გავატარე, მაგრამ ყველაზე დიდი ხანი ინგლისში დავყავი. აქ ჩემი ოჯახის წევრებიც თავს მშვენივრად გრძნობენ, ამიტომაც პრემიერლიგაში მუშაობის განახლება პრიორიტეტული იყო. 
- აქამდე ლონდონში არ გიცხოვრიათ. ხომ არ გაგიჭირდებათ ამ მეგაპოლისთან შეგუება?
- მადრიდიც დიდი ქალაქია, თუმცა, სიდიდით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ვერ შეედრება. ჩემი საცხოვრებელი ბინიდან კობჰემის “ჩელსის” საწვრთნელ ბაზამდე მგზავრობას საათი ვუნდები, მაგრამ გრაფიკით მუშაობას მიჩვეული ვარ და ყველაფერი წინასწარ მაქვს გაწერილი. მეგაპოლისში ცხოვრებას კი ის უპირატესობაც აქვს, რომ ასეთ ქალაქებში რაც მოგესურვება, ყველაფერს მიაგნებ.
- “სიტისთან” მატჩის დროს “ჩელსის” ფანებმა რობერტო დი მატეოს მხარდასაჭერი ბანერები გამოკიდეს...
- ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. კარგია, გულშემატკივრები დი მატეოს ჩემპიონთა ლიგის მოგებას რომ უფასებენ, მაგრამ “ჩელსის” ახალი ამოცანები აქვს გადასაჭრელი.
 
 
გოჩა კაჭარავა
 
0.1047