ფეხბურთი

13:27 | 6.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “მომავალ სეზონში “ჩელსი” უფრო ძლიერი გახდება”

 მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედის” ძლევის შემდეგ დასავლეთლონდონური “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის მომავალი გათამაშების ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა. “არისტოკრატთა” ესპანელი დამრიგებელი რაფა ბენიტესი მიღწეულით კმაყოფილია, თუმცა, კიდევ უფრო პრინციპულ შეხვედრად ოთხშაბათს “ტოტენჰემთან” საშინაო მატჩს მიიჩნევს.

 - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად წინ დიდი ნაბიჯი გადადგით. მანჩესტერი “ოლდ ტრაფორდზე” მოგება როგორც პრაქტიკული, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია...

- იმის გათვალისწინებით, რომ შაბათს “არსენალმა” და “ტოტენჰემმა” წყვილად მოიგეს, კვირას 3 ქულის მოპოვება გვესაჭიროებოდა. მეტად პრინციპულ შეხვედრაში ვიმარჯვეთ. ხუან მატას მიერ გატანილმა ბურთმა ჩემპიონთა ლიგასთან დაგვაახლოვა. “იუნაიტედმა” მორიგი საჩემპიონო ტიტული ვადაზე ადრე გაინაღდა, ამიტომაც, შესაძლოა, ჩვენთან დაპირისპირებისას მოტივაცია ოდნავ აკლდა. შესვენებისას ჩემს ბიჭებს ვუთხარი, რომ ტემპის აწევა გვესაჭიროებოდა. არც პირველ ნახევარში ვთამაშობდით ურიგოდ, მაგრამ ასეთი რანგის მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას მეტი კონცენტრაცია და მინდვრის ნებისმიერ წერტილში უშეღავათო ორთაბრძოლაა აუცილებელი. გუნდის ყველა ფეხბურთელმა სათანადო შედეგის მისაღწევად არაფერი დაიშურა. შეუძლებელია, ეს მომენტი მწვრთნელს არ ახარებდეს. ოთხშაბათს კიდევ ერთი მეტად პრინციპული მატჩის ჩატარება მოგვიწევს, ამჯერად “ტოტენჰემ ჰოთსპურზთან”. “სტემფორდ ბრიჯზე” სეზონის ლამის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობა გვაქვს გასამართი.

- უფრო კონკრეტულად რას გვეტყოდით ჩრდილოლონდონელ “მამლებთან” მომავალ დაპირისპირებაზე?

- მოგების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას პრაქტიკულად ვინაღდებთ. ამით ყველაფერია ნათქვამი. “ტოტენჰემს” რაც შეეხება, მისი სახით ურთულესი ოპონენტი გვეყოლება. ურთულესი პაექრობის ჩასატარებლად ვიქნებით განწყობილნი. შეიძლება ითქვას, რომ ოთხშაბათს უფრო რთული პაექრობა გველის, რადგან უშუალო კონკურენტთან გვიწევს ძალის მოსინჯვა. ორივე გუნდს მხოლოდ მოგება აწყობს, ამიტომაც “სტემფორდ ბრიჯზე” შეკრებილი მაყურებელი დაძაბულ და ბრწყინვალე საფეხბურთო სანახაობას იხილავს.

- “ჩელსი” ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანეთ, პრემიერლიგაში მესამე პოზიციაზე ხართ. ეს უპირველესად თქვენი სადამრიგებლო სამუშაოს დამსახურებაა?

- გუნდის წარმატების საკვანძო მომენტი მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული შემადგენლობაა. რაც არ უნდა ბევრი ისაუბრონ მწვრთნელის დამსახურებაზე, მინდორზე ყველაფერს მოთამაშეები წყვეტენ. მე ჩემ სამუშაოს ვასრულებ. “ჩელსიში” მოსვლის დროს გუნდის დიდი პოტენციალი დავინახე და ვფიქრობ, მის რეალიზებას ვახდენთ.

- როგორ შესფასებთ ხუან მატას თამაშს?

- მატა ბრწყინვალე ფეხბურთელია, რომელიც ზრდას განაგრძობს. ვფიქრობ, იგი გუნდის წლის ფეხბურთელის წოდებას იმსახურებს.

- ოთხშაბათს ედენ აზარი ასპარეზობას შეძლებს?

- მას ფეხის კუნთის პრობლემა ჰქონდა. მართალია, გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ “ოლდ ტრაფორდზე” მისი გაყვანა მაინც არ გავრისკეთ. აზარი მედიკოსთა ყურადღების ცენტრშია და სავარაუდოდ “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ითამაშებს.

- “ჩელსის” სამომავლო პერსპექტივას როგორ შეაფასებთ?

- კლუბში ამჯამად გარდამავალი პერიოდია. ზოგიერთ ახალგაზრდა ფეხბურთელს საკუთარი თამაში აქვს საპოვნი და ძირითად შემადგენლობაში ფეხის მყარად მოსაკიდებლად ზრუნვა მართებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში “ჩელსი” უფრო ძლიერი გახდება.

- “ჩელსის” მთავარმწვრთნელობამდე ლონდონში არ გიცხოვრიათ. ხომ არ გაგიჭირდათ თქვენთვის უცხო მეგაპოლისთან გაშინაურება?

- მადრიდიც დიდი ქალაქია, თუმცა, სიდიდით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ვერ შეედრება. ჩემი საცხოვრებელი ბინიდან კობჰემის “ჩელსის” საწვრთნელ ბაზამდე მგზავრობას დაახლოებით საათს ვუნდები, მაგრამ მკაცრი გრაფიკით მუშაობას მიჩვეული ვარ და ყველაფერი წინასწარ მაქვს გაწერილი. მეგაპოლისში ცხოვრებას კი ის უპირატესობაც აქვს, რომ ასეთ ქალაქებში რაც მოგესურვება, ყველაფერს შედარებით იოლად მიაგნებ. 

0.115427