ინტერვიუები

9:59 | 24.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “გოლის გატანაზე მნიშვნელოვანი, კარის მშრალად შენახვაა”

ევროპის ლიგაზე არცთუ ძლიერ “უნირეასთან” საკუთარ მოედანზე მხოლოდ ერთბურთიანი სხვაობით მოგების მიუხედავად, რაფა ბენიტესი დაფიქსირებული შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა. ხელიდან გაშვებული არაერთი სახიფათო მომენტის შემდეგ, მატჩის ერთადერთი გოლი, მის დასრულებამდე 9 წუთით ადრე, დავიდ ნგოგმა გაიტანა. ეს გოლი იქცა მხოლოდ მეექვსედ, მერსისაიდელთა მიერ ევროტურნირებზე ჩატარებულ მე-7 შეხვედრაში. “ლივერპულს” უფრო მეტის მიღწევა შეეძლო, სტივენ ჯერარდს პირველივე წუთზე რომ გაეტანა, მაგრამ “ლივერპულის” კაპიტნის დარტყმა რუმინელთა კიპერმა სასწაულებრივად მოიგერია.
ვინ იფიქრებდა, 11 თვის წინ, მერსისაიდელებმა მიწასთან გაასწორეს მადრიდის “რეალი”. “ლივერპულის” ესპანელი მწვრთნელი რაფა ბენიტესი აცხადებს, რომ ახლა სხვა დროა. ბენიტესი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, ახალი გამოცდაა.
-კმაყოფილი ხათ თქვენი გუნდის ევროპის ლიგაზე გამოსვლით?
-მატჩი ძალზე კარგად დავიწყეთ. საწყის წუთებში ჩემი შეგირდებით კმაყოფილი ვიყავი. მაგრამ ახლა არ შეგვიძლია ყველა მატჩი ისე გავმართოთ, როგორც გასულ წელს “რეალთან”. განსაკუთრებით მაშინ, თუ სტუმრები ასე კარგად იცავენ თავს.
-თქვენმა ფეხბურთელებმა, აჩვენეს ყველაფერი ის, რაც შეუძლიათ?
-ბევრი სახიფათო მომენტი ვერ გამოვიყენეთ. იმისათვის, რომ ნამდვილი გამარჯვებულის სტატუსი გქონეს, ყველა მოცემული შანსი უნდა გამოიყენო. ვფიქრობ, მოვლენები ჩვენთვის ბევრად უკეთ განვითარდებოდა, შეხვედრის სტარტზე რომ გაგვეტანა გოლი. ჯერარდს შესანიშნავი შანსი ჰქონდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და მოგვიწია გამოგვეჩინა მოთმინება, გვეკონტროლებინა მატჩი და განგვეხორციელებინა შეტევები.
-დავიდ ნგოგის გოლმა, განმეორებითი მატჩის წინ დამაჯერებლობა შეგმატათ?
-რა თქმა უნდა, მაგრამ მეტი რომ გაგვეტანა, უფრო მეტად ვიქნებოდით დაზღვეულნი.
-მეტოქის რომელმა ქმედებებმა განერვიულათ ყველაზე მეტად?
-“უნირეა” ძალზე კარგად თამაშობდა დაცვაში. როდესაც თამაშობ ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელიც დაცვაშია გამაგრებული, საჭიროა მოთმინება და ბურთის მაქსიმალურად დიდხანს კონტროლი. ასეთ სიტუაციაში, 1:0 მოგება ცუდი შედეგი არაა.
-რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი – უბრალოდ გამარჯვება, ხარისხიანი თამაშის ჩვენება, თუ მაქსიმალურად დიდი ანგარიშით მოგება?
-თუ საკითხს ასე დავსვამთ, პირადად ჩემთვის, მისაღები ვარიანტი იქნებოდა 2 ბურთის სხვაობით გამარჯვება. თამაშის ხარისხი და საბოლოო შედეგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ისეთ ტურნირებზე, როგორიცაა ევროპის ლიგა. ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, გოლის გატანაზე უფრო, საჭიროა საკუთარი კარის მშრალად შენახვა. სწორედ ამიტომ, კმაყოფილნი ვიყავით, როდესაც მატჩის მიწურულს ანგარიში გავხსენით. თუმცა ეს, შესაძლო ვარიანტებიდან საუკეთესო ანგარიში არ ყოფილა. მაგრამ დაფიქსირებული შედეგი იმითაა კარგი, რომ, თუ ბუქარესტში გატანა მოვახერხეთ, რუმინელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ჩვენი კარის სამჯერ დალაქვრა მოუწევთ.

მოამზადა მიშა ზაქარეიშვილმა

0.113417