ფეხბურთის ბევრ გულშემატკივარსა და სპეციალისტს ინგლისური პრემიერლიგის ამჟამინდელი გათამაშების წინ “ლივერპული” ჩემპიონობის ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად მიაჩნდა. მერსისაიდელთა მრავალრიცხოვანი მომხრეებისდა სამწუხაროდ, რაფა ბენიტესსა და მის ბიჭებს პირველობის მოპოვების პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგული აქვთ და საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ მეოთხე საფეხურზე თუ დამკვიდრდებიან, რაც მათ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლის უფლებას დაუბევებს. რთული მდგომარეობიდან თავის დასაღწევ გზებზე კი “გარდიანის” მკითხველს ენფილდელთა ესპანელი მთავარი მწვრთნელი მოუთხრობს.
- რა კომენტარს გაუკეთებთ თქვენი გუნდის ბოლოდროინდელ გამოსვლებს?
- “სტოკ სიტისთან” შეხვედრას რაც შეეხება, ბიჭებმა თავიანთი საფეხბურთო პოტენციალი მხოლოდ სანახევროდ თუ გამოავლინეს, თუმცა, ნამატჩევს უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ. საქმე ისაა, რომ მოთამაშეებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინეს, რომელიც უკანასკნელ პერიოდში გვაკლდა. გულშემატკივრებმაც დაინახეს, რომ ბიჭები ფრიად მოტივირებულები არიან, ხელები არ ჩამოუშვიათ და გულმოდგინედ ემზადებიან ნებისმიერი მატჩისთვის. მეორე საკითხია, ჩვენს ფეხბურთელებს დამაჯერებლობა რომ აკლიათ, მაგრამ თუკი ამგვარი მიდგომა იქნება, სასურველი შედეგი და ლამაზი ფეხბურთიც არ დააყოვნებს. გასულ სეზონში “ლივერპულმა” 119 გოლი გაიტანა, რითაც ყველანი კამყოფილები გახლდით. ჩვენ ორივე საპრემიერლიგო მატჩი მოვუგეთ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის”. იმედია, შარშანდელ დონეზე გასვლას მოვახერხებთ. ყოველმხრივ შევეცდებით, ეს მალე მოხდეს.
- ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ “ლივერპული” იმით გამოირჩეოდა, რომ გადამწყვეტი გოლები ასპარეზობათა მიწურულს გაჰქონდა. სადღეისოდ საპირისპირო ვითარებაა. შორს რომ არ წავიდეთ, “სტოკ სიტისთანაც” გამარჯვება ხელიდან შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე გაუშვით...
- მერწმუნეთ, თქვენს მიერ ნახსენები ნაკლის გამოსასწორებლად ვმუშაობთ. სამწვრთნელო შტაბი ბიჭებთან ბევრს საუბრობს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კონკრეტულად სტოკში დაკარგულ ორ ქულას რაც შეეხება, ეს არასამართლიანი შედეგი იყო. თუ მატჩი იხილეთ დამეთანხმებით, ასპარეზობის სადავეებს ჩვენ რომ ვაკონტროლებდით და მასპინძილთა გოლი ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარებოდა. ძალიან გამიკვირდა, როდესაც პეპე რეინას კარში ბურთი ვიხილე, რადგან საკმარისზე მეტ დროს ვუთმობთ სხვადასხვა სტანდარტული სიტუაციის დროს დაცვაში თამაშს. სამწუხაროდ, დრო პრაქტიკულად აღარ იყო დარჩენილი მეორე ბურთის გასატანად და მნიშვნელოვანი 3 ქულის ასაღებად. ნებისმიერმა მეტ-ნაკლებად გამოც-დილმა საფეხბურთო მწვრთნელმა მშვენივრად იცის, რომ გუნდის ცხოვრება იღბლიანი და უიღბლო პერიოდების მონაცვლეობაა. კვალიფიცირებული დამრიგებლის უპირველესი მისია კი ისაა, რომ მან სირთულეები დროულად გადაალახინოს ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს. ზუსტად საამისო მცდელობა მაქვს ამჟამად. კარგად ვიცი, რაც უნდა გაკეთდეს, ამიტომაც მშვიდად ვარ და ზედმეტი ლაყბობის გარეშე საქმეს ვაკეთებ.
- იქნებ ჩვენც გაგვანდოთ, უპირველესად რის გაკეთებას გეგმავთ რთული სიტუაციიდან თავის დასაღწევად?
- დღევანდელ “ლივერპულსა” და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც კლუბში რამდენიმე წლის წინ სუფევდა, დიდი სხვაობაა. ეს ფინანსური ასპექტითაც კარგად ჩანს და შედეგებითაც. როდესაც “ენფილდზე” მოვედი, გუნდს 21 წლიანი პაუზის შემდეგ მოვაგებინე ჩემპიონთა ლიგა. ამან ლივერპულელ გულშემატკივრებს სიამაყის გრძნობა დაუბრუნა. აბა დამისახელეთ მეორე ინგლისური კლუბი, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული 5-ჯერ აქვს მოგებული. თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ სადღეისო მდგომარეობით კმაყოფილები ვიყოთ. არაფერს დავიშურებთ პრემიერლიგაში საბოლოოდ მეოთხე საფეხურზე დასამკვიდრებლად და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად. ამასწინათ “ლივერპულის” ლეგენდარულ ფორვარდს კენი დალგლიშს ვესაუბრე. სამწუხაროდ იგი საკლუბო აკადემიაში მუშაობით ძალიან გადატვირთულია, ამიტომაც ჩემთან საკონტაქტო დრო ნაკლებად რჩება. დიალოგისას კი ორივემ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გუნდს “ახალი სისხლის გადასხმა” ესაჭიროება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, როცა მაქსი როდრიგესი ავიყვანეთ. სატრანსფეროდ დაახლოებით 30 მილიონი გირვანქას დახარჯვას ვაპირებთ. დალგლიშს კი ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა-დაფრთიანება ევალება და დარწმუნებული ვარ, ამ საპასუხისმგებლო საქმეს თავს კარგად გაართმევს.
- გულშემატკივარი ბუნებით მაქსიმალისტია და გუნდს წარუმატებლობის დროს ზურგას შეაქცევს ხოლმე. ამ მხრივ “ენფილდის” აუდიტორია სასიამოვნო გამონაკლისია – “ლივერპულს” გულმხურვალე მხარდაჭერა ყოველთვის გარანტირებული აქვს...
- ჩვენმა ფანებმა კარგად იციან, რომ მათი საყვარელი გუნდი ყოველ-თვის წარმატებას ვერ მოაღწევს. ამიტომაც ისინი ნებისმიერი სიტუაციის დროს გვერდით გვიდგანან და სირთულეების დაძლევაში გვეხმარებიან. ასე იყო “სტოკთან” მატჩის მსვლელობის დროსაც. ამ შეხვედრას ლივერპულიდან საკმარისი რაოდენობის ქომაგი დაესწრო და არც ერთ მათგანს ჩვენი მისამართით სასაყვედურო სიტყვა არ დასცდენია. არ გვაქვს უფლება, ასეთი მომხრეები გავაწბილოთ.
- ფერნანდო ტორესს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რის გამოც, ყველაზე ცოტა, თვენახევრის განმავლობაში ვერ ითამაშებს...
- ფერნანდოს მუხლი კარგა ხანი აწუხებდა და გითხრათ ნამდვილი მეშინოდა, რომ რთული ოპერაციის შემდეგ კარგა ხნით გამოგვაკლდებოდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მას მაღალკვალიფიციური ქირურგიული მანიპულაცია ჩაუტარეს და დაგვაიმედეს – აღდგენითი პერიოდი 5-6 კვირაზე მეტს არ გასტანსო.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ