კალათბურთი

15:48 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რა უთხრა პოპოვიჩმა ლეონარდს?

ნბა-ს ფინალური სერიის მე-3 მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყდა, რომელშიც “სან ანტონიო სპურზის” კალათბურთელებმა შესაშური სიზუსტით ესროლეს და “მაიამი ჰითი” შოკში ჩააგდეს. აღნიშნულის შედეგი კი ის გახლდათ, რომ საფინალო სირენამდე 03:16 წუთით ადრე, როდესაც მასპინძლები 90:105 ჩამორჩებოდნენ, ფლორიდელმა ქომაგებმა ტრიბუნების მასობრივად დატოვება დაიწყეს.

საწყის ნახევარში სტუმრებმა 33-დან 25 ტყორცნა გამოიყენეს (საწყისი 21 სროლიდან ზუსტი 19 გახლდათ), რამაც 75.8% შეადგინა, აღნიშნული კი ფინალური სერიებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. “სან ანტონიომ” “ორლანდ მეჯიქის” მიღწევა (75%) გადაფარა, რომელიც 2009 წელს “ლეიკერსთან” ფინალში დაფიქსირდა.

“სპურზის” რიგებში საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც 29 ქულით პირადი რეკორდი დაამყარა. ამერიკელმა ფორვარდმა მოედანზე 39:16 წუთი გაატარა და თამაშიდან 13-დან 10 ტყორცნა (3 სამქულიანი) გამოიყენა, 7 საჯარიმოდან კი 6 ჩააგდო. ცნობისთვის, ფინალური სერიის გასულ ორ მატჩში კავაი საშუალოდ 9 ქულას აგროვებდა.

თამაშის შემდეგ, ლეონარდის და დენი გრინის (15 ქულა, 5 ჩაჭრა) გარჯა განსაკუთრებულად აღნიშნა სან ანტონიოელთა ვეტერანმა ცენტრმა ტიმ დანკანმა, რომელმაც თავად 14 ქულა მიითვალა.

“გამარჯვებას საფუძველი ლეონარდმა და გრინმა ჩაუყარეს. რაც შეეხება ზუსტი სროლების საოცარ პროცენტულ მაჩვენებელს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. თამაშის დროს აღნიშნულს ნამდვილად არ დავკვირვებულვარ”.

უკანასკნელ ფაქტზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა სტუმართა არგენტინელ მცველ მანუ ჯინობილის. “ასეთ რამეს თამაშამდე ვერ დაგეგმავ. ჩვენ საოცარი კომბინაციები ნამდვილად არ გვქონია. უბრალოდ, ბურთი კარგად მოძრაობდა და შეტევის ბოლოს მიზანში ხვდებოდა”.

და გრეგ პოპოვიჩის კომენტარიც, რომელსაც სერიის მე-3 მატჩამდე კავაი ლენარდთან პერსონალური საუბარი ჰქონდა და მის ტრანსფორმაციაზე დიდი გავლენა იქონია. “ლეონარდს რაზე ვესაუბრე, ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს ჩვენი საოჯახო საქმეა. შეტევაში კი მართლაც კარგები ვიყავით. არა მგონია, როდესმე აღნიშნული გავიმეოროთ და ტაიმში 76%-იანი სიზუსტით ვესროლოთ”.

და რა ქნეს მაიამელთა ლიდერებმა? ლებრონ ჯეიმსმა და დუეინ უეიდმა 22-22 ქულა ჩააგდეს, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ გამორჩეული თამაში ჰქონდათ. “მეფე  ლებრონმა” 5 მოხსნა და 7 პასიც მიითვალა, თუმცა, 40 წუთში 7 დაკარგვაც მოუგროვდა და ფინალური სერიებისთვის პირადი ანტირეკორდიც დაამყარა.

რაც შეეხება უიდს, მან პლეი ოფში 3 460 ქულა მოაგროვა და ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა შორის “დალას მავერიქსის” ფორვარდ დირკ ნოვიცკის (3 455) გადაუსწრო. ახლა, უეიდი პლეი ოფის საუკეთესო მექულეთა შორის მე-17 ადგილზეა, მე-16 კი ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი (3 607) გახლავთ.

“ჰითის” წევრებმა მარიო ჩალმერსმა და კრის ბოშმა გუნდის წარუმატებლობა დაცვაში სუსტი გარჯით ახსნეს, მაიამელთა მთავარმა მწვრთნელმა ერიკ სპოელსტრამ კი შემდეგი განაცხადა:

“მატჩის დასაწყისიდანვე მეტოქე უკეთეს ტემპში თამაშობდა და სიტუაციის შემობრუნება ძალიან გაგვიჭირდა. თუკი სერიის მოგება გვსურს, გაცილებით ეფექტურად უნდა გავისარჯოთ. ახლა, მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ სწრაფად გამოვხიზლდეთ, ფინალში მცირე ჩავარდნაც კი შესაძლოა ფატალური გამოდგეს”.

“სან ანტონიო” ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა, “მაიამის” კი რეაბილიტაციის შანსი 13 ივნისის დილას მიეცემა, როდესაც ტეხასელებს ისევ შინ დაუხვდება.

 

მაიამი – სან ანტონიო 92:111 (25:41, 25:30, 25:15, 17:25)

მაიამი: უეიდი (22 ქ.), ჯეიმსი (22 ქ. 7 პ. 5 ჩ.), ლუისი (14 ქ.), ბოში (9 ქ.), ჩალმერსი (2 ქ.); ალენი (11 ქ.), კოული (8 ქ.), ანდერსენი (3 ქ.), დუგლასი (1 ქ.), ჯონსი, ბატიე, ჰასლემი, ოდენი.

სან ანტონიო: ლეონარდი (29 ქ.), პარკერი (15 ქ.), გრინი (15 ქ. 5 ჩ.), დანკანი (14 ქ.), დიაო (9 ქ.); ჯინობილი (11 ქ.), სპლიტერი (6 ქ.), მილსი (5 ქ.), ბელინელი (3 ქ.), ბონერი (2 ქ.), ბეინსი (2 ქ.), ჯოზეფი, ეირსი.

სან ანტონიო” იგებს სერიას 2:1

0.112509