კალათბურთი

16:11 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რა გადასძახა ვატო ნაცვლიშვილმა ლატვიელ მსაჯს სლოვენიასთან მატჩის დროს

 

საქართველოსთან მატჩის დროს არბიტრების ქმედების გამო სლოვენიელი ქომაგების და სპეციალისტების დიდი ნაწილი ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. შეხვედრის მსვლელობისას და მატჩის შემდეგაც ფანების  და სპეცილისტების ერთი ნაწილი ბოდიშსაც კი იხდიდა ასეთი მსაჯობის გამო. ისინი გულწრფელად უსვამდნენ ხაზს მსაჯების არაობიექტურობას და ამას ქართველი გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების დასამშვიდებლად სულაც არ აკეთებდნენ.  

 შეხვედრის მსვლელობისას, განსაკუთრებით მეორე და მეოთხე პერიოდებში, ქართველი  ფანები "რეფერი, შეიმ"  ("მსაჯი, სირცხვილი") სკანდირებდნენ. ამ შეძახილების შემდეგ სლოვენიელი ფანების ნაწილმა გაგებით  გადმოგვხედა.

  არბიტრთაგან სლოვენიელთა მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით ლატვიელი მსაჯი ოლეგს ლატიშევსი იყო განმსჭვალული.   მან ბევრჯერ იმდენად არამართლზომიერად ჩასტვინა ევრობასკეტის მასპინძელთა  სასარგებლოდ, ქართველებმა აღშფოთება ვერ დავმალეთ, სლოვენიელ გულშემატკივართა სოლოდურმა ნაწილმა კი უხერხულობისგან თვალი დახარა.  

   მეოთხე პერიოდის დასაწყისში კი ღია და ხმაურიანი პროტესტი გამოხატა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ამჟამად კი თბილისის კალათბურთის ფედერაციის და კლუბ "დინამოს" პრეზიდენტმა ვატო ნაცვლიშვილმა. ვატოს დიდი ხანია ვიცნობ. ის ყოველთვის გამოირჩეოდა  მოთმინებით და თავშეკავებულობით, მაგრამ საქართველო-სლოვენიის მატჩის არბიტრების აშკარა მიკერძოებამ ყოველგვარ საზღვარს გადაარჭარბა და ვატომ პროტესტი ორიგინალური ფორმით გამოხატა. ნაცვლიშვილი სავარძლიდან ადგა, ტრიბუნის კიბეები ჩაიარა, მივიდა ახლოს  მოედნის ზღუდესთან და მსაჯებს, კონკრეტულად ლატვიელ არბიტრს ოლეგს ლატიშევს, რამდენიმეჯერ შეჰყვირა. ეს მოხდა იმ მომენტში, როცა ერთ-ერთ გუნდს ტაიმ-აუტი ჰქონდა აღებული და მსაჯები იმ ტრიბუნასთან ახლოს იყვნენ, სადაც ჩვენ ვიჯექით. ვატომ სათანადო მომენტი შეარჩია საკუთარი პროტესტის გამოსათქმელად - აშკარად ჩანდა, რომ მსაჯებმა მისი სიტყვები კარგად გაიგეს. ცხადია, მათ რეაქცია არ ჰქონიათ... დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ბატონ ვატოს ხელი არ შეუშალეს. ისინიც კარგად ხვდებოდნენ, რომ მსაჯები სცოდავდნენ, თანაც ნაცვლიშვილი მოედანზე შეჭრას არ აპირებდა და ფორმალურად არაფერი დაუშავებია. პროტესტი თითქმის წუთს გაგრძელდა, სლოვენიელი მაყურებელი ამ ფაქტს ჩუმად შეხვდა. მატჩის შემდეგ ერთ-ერთმა სლოვენიელმა ჟურნალისტმა გამომკითხა ვატოზე - ეტყობა, კოლეგამაც  მიაქცია ყურადღება ამ ეპიზოდს.

 დღეს დილით შევხვდი ვატოს და შევეკითხე ამ მომენტის შესახებ. მან გვითხრა:" დიდი ხანი ვთამაშობდი კალათბურთს, ჩამიტარებია შეხვედრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ ასეთი მიკერძოებული მსაჯობა არსად მინახავს. ამიტომაც მეოთხე პერიოდში  ტრიბუნის პირველ რიგამდე ჩავედი  და არბიტრებს, კერძოდ ლატვიელ რეფერის მივუთითე, რომ ასე მსაჯობა არ შეიძლება".

 კითხვაზე, "მაინც რა უთხარით მსაჯს ისეთი, რომ იქვე  მჯდომმა სლოვენიელმა მაყურებლებმა სიმპათიით შემოგხედეს", ვატო ნაცვლიშვილმა გვიპასუხა: "მკაცრად, არგუმენტირებულად და კორექტულად გამოვხატე პროტესტი. მსაჯებს კარგად ესმით კალათბურთელების ენა და ზრდილობის ფარგლებში ვუთხარი სათქმელი".

 სხვათა შორის, ვატოს ამ პროტესტის შემდეგ ლატვიელი მსაჯი და მისი ბოსნიელი კოლეგა შედარებით ობიექტური გახდნენ, მაგრამ ეს გრძელდებოდა  ცოტა ხანი, მეოთხე  პერიოდის ბოლოს კი მათ იგივე სტილში იმოქმედეს, თუმცა უფრო შენიღბულად...

ცელიესა და ლაშკოში ფანები ამობენ, რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან ლამაზი და საინტერესო თამაში აჩვენა სლოვენიასთან და მათი სიმპათიაც დაიმსახურა. რაც შეეხება წაგებას, ამას, ალბათ, მარტო მიკერძოებულ მსაჯობას ვერ დავაბრალებთ, რადგან წაგება განპირობებული იყო კიდევ სხვა მიზეზებით, თუმცა, არბიტრების ასეთმა  მოქმედებამ  დიდი გავლენა იქონია შეხვდრაზე.

 

თენგიზ პაჭკორია,ცელიე-ლაშკო, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.128076