იყო დრო, როდესაც ქართულენოვან სპორტულ არხებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. ამის მიუხედავად, უშუქობის, უპურობისა და ლამის უყველაფრობის ხანაში, რაღაც მანქანებით მაინც ვახერხებდით სასურველი მატჩების ნახვას და თუკი, გასულ ოცწლეულში გულშემატკივრებს რაიმე კარგის გახსენება შეგვიძლია, ეს დიდწილად, სწორედ იმ დღეებს მოიცავს, როდესაც ჩაბნელებულ ქალაქში ”დვიჟოკის” მბჟუტავ დენზე ფეხბურთის მატჩები გვინახავს და ამით, ცოტათი მაინც გაგვიხალისებია ჩვენი არცთუ საინტერესო ყოფა. დღეს, როდესაც ქართული სპორტული ტელეარხიც გაგვიჩნდა და მისი უდიდებულესობა – ინტერნეტიც გვეხმარება სპორტული სურვილების ასრულებაში, წესით, ქართველ ქომაგებს აღარ უნდა ჰქონდეთ სასურველი შეხვედრების ხილვის პრობლემა, მაგრამ არგენტინაში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშების დროს, კიდევ ერთხელ დავინახეთ ამ ქვეყანაში ცხოვრების მთელი უცნაურობა და მივხვდით, რომ ბნელი წარსული არც ისეთი შორია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
საქმეში ჩაუხედავი კაცი აუცილებლად იკითხავს: თუკი GMG-ის სახით, ქართული სპორტული არხებიც გვაქვს და მატჩების ნახვის სურვილს ინტერნეტიც გვიკმაყოფილებს, რაღას წუწუნებ და იცრემლებიო, მაგრამ თუ გადავხედავთ არსებულ რეალობას, დავინახავთ, რომ კოპა ამერიკის შეხვედრების ცქერა ჩვენს ქვეყანაში მართლაც არ არის ასეთი მარტივი და ხშირად ყველაფერი ტელევიზორის პულტზე თითის დაჭერით არ წყდება.
დავიწყოთ იმით, რომ ქართული სპორტული არხების არსებობამ გამოიწვია ის, რომ არაქართული არხების დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ მაუწყებლობს. სამამულო სპორტული არხები კი არათუ რეგიონებში, თბილისის მასშტაბითაც ბევრისათვის ხელმიუწვდომელია. აქ მხოლოდ ფასში და გადახდისუუნარობაში არაა საქმე. პრობლემა ისაა, რომ საკაბელო არხები საქართველოში, ბევრ ადგილზე, ტექნიკური სირთულეებისა და შეზღუდვების გამო, უბრალოდ არ არსებობენ და რაც არ უნდა ბევრი ფულის გადამხდელი იყო, საკმარისია თბილისის ზოგიერთ გარეუბანში, ანდა სხვა რეგიონში ცხოვრობდე, პრაქტიკულად შეუძლებელია გეღირსოს პატოს, მესის, ნეიმარის, ფორლანის, აგუეროს და კოპაზე მოჩაუქე სხვა ბიჭების ცქერა.
ახლა რაც შეეხება ინტერნეტს... 3 თვის წინათ, საქართველოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების დონესთან შედარებით, საკმაოდ ბევრი კომპიუტერია ჩართული ინტერნეტში. კონკრეტულად, საუბარია დაახლოებით 400 ათას კომპიუტერზე. თუმცა, ამ კომპიუტერების აბსოლუტური უმრაველსობა (300 ათასზე მეტი) ეკუთვნით ორგანიზაციებს, ფირმებს, კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებს. ანუ, ეს არის კომპიუტერები, რომლებიც სამსახურეობრივი მიზნებით გამოიყენება და იქ ჩილე-პერუს მატჩის ცქერა კაცს შეიძლება სამსახურის დაკარგვად დაუჯდეს. დანარჩენი კომპიუტერები კი, ძირითადად, საქართველოს ექვს დიდ ქალაქზე (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, გორი) მოდის. ქალაქებში მოგეხსენებათ, სხვა სიკეთეებთან ერთად, სადღეღამისო ლუდხანები და ტოტალიზატორებიც ფუნქციონირებენ, სადაც ქომაგს, სურვილის შემთხვევაში, ასე თუ ისე შეუძლია იხილოს სასურველი თამაში.
და ვინ დარჩა? ვინ და ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის არმქონე (ვერმქონე) ასეულათასობით საქართველოს მოქალაქე, რომლებიც ცხოვრობენ თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების გარეუბნებში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, რაჭასა და სვანეთში, გურიის, კახეთის, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლებში და მაღალმთიან აჭარაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ სამიოდე ქართული არხი მაუწყებლობს და ამ არხებით იგებენ ტყუილსა თუ მართალს. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ ნახევარს მაინც შეადგენენ და მათ შორის ისეთი გულშემატკივარიც ბევრია, ღამის თევას რომ არასოდეს დაიზარებს ლათინოამერიკული მუნდიალის სანახავად. სწორედ ამიტომაც, ჯერ ძალიან ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ საქართველოში ფეხბურთი ყველასათვის გახდა ხელმისაწვდომი და ბედნიერებისაგან უნდა ვცქმუტავდეთ იმის გამო, რომ ქართულ ენაზე კომენტირებული ევროპული თუ ლათინოამერიკული კლუბების, ანდა ნაკრებების მატჩების ხილვა შეგვიძლია. ამ კუთხით, გარკვეული ნაბიჯები ნამდვილად გადადგმულია, თუმცა, ეს საქმის მხოლოდ მცირედ ნაწილად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
და კიდევ ერთიც. გასაგებია, რომ არგენტინაში როდესაც დღეა, აქ ღამეა – და პირიქით... და კოპა ამერიკის მატჩებიც შესაბამისად მაშინ იმართება, როდესაც სრულიად ევროპა ძილსაა მიცემული. სწორედ ამიტომ, ახლა განსაკუთრებით თამაშების განმეორებით ჩვენებას აქვს დიდი მნიშვნელობა. იქნებ ვინმემ აგვიხსნას, საქართველოში ღამის მატჩებს რატომ აჩვენებენ ჩვენი დროით დილის 11 საათზე? ეს ხომ ის დროა, როდესაც ცოტა ვინმეს თუ ეფეხბურთება და ყველა როგორც წესი - სამსახურშია. GMG-ის პატივცემულმა მესვეურებმა ეს შეხვედრები საღამოს რომ გვაჩვენონ, ვითომ გაფუჭდება ამით რამე?
ლევან სეფისკვერაძე