საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ბევრ მოედანს ნახავთ, რომლებიც გაპარტახებულია. ან მინდორი არ ვარგა, ან ტრიბუნები და გასახდელები არ აქვს. ან არც ერთია და არც – მეორე.
არის 80-მდე ისეთი ბაზა და მოედანი, სადაც უბრალოდ ხელის შევლებაა საჭირო. მაგალითად, მინდორი კარგია, მაგრამ თეთრი ხაზები კი არაა გავლებული, არამედ ნახერხი ყრია და ნახერხით უნდა მიხვდე, აუტზე გადავა თუ არა, კუთხურზე გადავა თუ არა...
არადა, რაიონებზეა ლაპარაკი. ვინ იცის, რამდენი ნიჭიერი ბავშვია კახეთში, მაგრამ სად იარონ ფეხბურთზე, როცა გარშემო 50 კილომეტრის რადიუსში არაფერი არ ფუნქციონირებს? კახეთი მაგალითად მოვიყვანეთ, თორემ ასეა უმეტეს რეგიონებში. რა დააშავა ბავშვმა, თუ ფეხბურთზე გიჟდება და სოფელში დაიბადა?
გიორგი ქვილითაია აბაშაში დადიოდა ფეხბურთზე და "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში აქვს ნათქვამი, გვიან მომიწია თბილისში წამოსვლაო. ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ხშირად ტრავმიანობს და მთავარი მიზეზი, ალბათ, სწორედ ისაა, რომ პირობები არ ჰქონდა, არასწორად იზრდებოდა.
დღეს, როცა მნიშვნელოვნად შემცირებულია ფეხბურთელი ბავშვების რიცხვი და როცა ლამის რაგბი შეიძლება დაეწიოს, გამოსავალი ეგებ ამ ბაზებისა და მოედნების რეკონსტრუქციაში ვეძებოთ? რამდენი ბავშვი ივლის რეგიონებში ფეხბურთზე, რამდენი მოსწყდება მავნე ჩვევებს, რამდენს ექნება ცხოვრების მიზანი და ოცნება, რომელიც შეიძლება რეალობად აქციოს.
ერთადერთი გასართობი თურქული სერიალები კი აღარ ექნება... დღეს რეგიონებში ბავშვებმა და მოზარდებმა იციან სავაშ ბალდარი თუ ბეჰლული, სამაგიეროდ, მესისა და რონალდუს გარდა, შეიძლება, ერთი ფეხბურთელიც ვერ გითხრან. მოქმედ ქართველ ფეხბურთელებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
იმიტომ, რომ ინტერესი არაა ფეხბურთის, ჩამკვდარია.
და სახელმწიფო პროგრამაში, რომელშიც ამხელა თანხა უნდა დაიხარჯოს, უპრიანი იქნება, ამ მოედნებისა და ბაზების მოწესრიგებაც იყოს გათვალისწინებული. ზოგან უბრალოდ ხელის შევლებაა საჭირო. არაუშავს, ცოტა მოაკლდეთ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი კლუბების ხელმძღვანელებს, როგორმე აიტანენ – სამაგიეროდ, ამ მოედნებით რამხელა საქმე გაკეთდება...
ფოტოები მოგვაწოდა მოძრაობა "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიხეილ ყაველაშვილმა. აქ არის თელეთის, ნატანების, ჩოხატაურის, წყალტუბოს, ხობის, დუისის სტადიონების ამსახველი ფოტომასალა.