ბლოგი

12:00 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისური დარდები

მოგესალმებით, ჩემო შაქარივით ტკბილო და ოქროსავით ლამაზო ხალხო. ზაურია ვარ მე, მიქელაძე. ჩემი ავყია მეზობლები მეტსახელად “კუნტრუშასაც” მეძახიან, მაგრამ ნამეტანი არ მომწონს აი მეტსახელი და თუ ღმერთი გწამთ, თქვენ მაინც დამიძახეთ ზაურია. ასე ჯობია, თქვენ ნუ მომიკვდებით. ქუთეისში, “ზავოდის” დასახლებაში ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება და მოსწრება, ამ უბედური “ტორპედოს” სიყვარულში და მეობაში გავატარე. ამიზაა, რომ გულზე ორი მიკროინფარქტი მაქვს გადატანილი და საქმეს იმფერი პირი უჩანს, ადრე იქნება თუ გვიან, “ტორპედო” მომიღებს ბოლოს.

ჩემს ორ შვილს გეფიცებით, ყველაფერი მიპატიებია ამ გუნდისათვის. “საიუზის” დროს უხეირო თამაშები იქნებოდა ეს თუ, აგერ, ჩვენი ჩემპიონატის მეორე ლიგაში ფაფხური. სიყვარული იმფერი რამეა, არც ასაკი იცის და არც მეორე და მესამე ლიგა. ჰოდა, კაცმა რომ თქვას, უკვე შეჩვეულიც უნდა ვყოფილიყავი უბედურებასა და ვიშვიშს, მაგრამ ის რაც “ტორპედო”-“ჟილინას” თამაშის დროს ვნახე, უფრო უარესი იყო, ვიდრე ხანძარი, მიწისძვრა, ან ხოშკაკალა.

არა, განსაკუთრებულად მაგრად რომ არ ითამაშებდნენ ეს ჩვენი ბედოვლათები, მაგი ქე ვიცოდი, მაგრამ ასე უბედურები და საცოდავები თუ იყვნენ, ნაღდად არ მეგონა. გუშინ ერთმა ჩემმა ნაცნობმა მითხრა: “რაი გინდა ზაურიე, პირველ ტაიმში არა გვიშავდა. მეორეშიც ცოტა რომ გაგვეძლო, ფრეს მოვახერხებდით რაცხანაირადო”. ისე გავბრაზდი, კინაღამ შემომაკვდა ის მამაძაღლი. რა გაძლება? რის გაძლება? პირველივე ტაიმში იღბალი იმათ მხარეს რომ ყოფილიყო და ღმერთს ჩვენთვის რომ არ გადმოეხედა, სლოვაკებს ერთი 3 გოლი უნდა გაეტანათ, მეორე ტაიმშიც შეეძლოთ სამ ბურთზე მეტის გატანა. არ შეეძლოთ თუ?! ვინმე უშლიდათ ხელს თუ?!

მამაჩემის, ცხონებული პარმენიეს სულს გაფიცებთ, იმ თამაშზე რომ ვიგრძენი, მასეთი სირცხვილი იმის მერეც კი არ მიგრძვნია - ხვიჩაიას ქორწილში ოთხმა კაცმა რომ გამიდო მხარზე გალურწყული და გაუბედურებული. მამაჩემი პარმენია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ახლანდელი “ტორპედოს” ფეხბურთელების დანახვაზე ხელახლა გაჭიმავდა ფეხს. იმან დაიდო ჩემი ცოდვა და იმან შემაყვარა ეს დასაწვავი ფეხბურთი. მარა ბედი არ გინდა? ზოგნი ბარსელონაში და მიუნხენში იბადებიან და ჰყავთ კაი-კაი გუნდები “საბალეიშჩიკოდ”. მიდიან, ჩემო ბატონო, სტადიონზე, ნახავენ კაი მშვენიერ ფეხბურთს, ჩოურტყამენ ვორ-ვორ ბოკალ ხოშიან ლუდს და ბრუნდებიან სახლში ღიღინით. ჩვენ კიდევ, დაგვსაჯა გამჩენმა. ქუთეისში გაგვაჩინა და ეს უბედური “ტორპედო” გადმოგვიგდო ძუნწი მეზობლის მიერ ახალ წელს კარებში შემოგდებული მჟავე საწუწნი კანფეტივით.

არც კი ვიცი, რა ვუთხრა “ტორპედოს” ფეხბურთელებს. ჩხუბი და ნამუსზე შეგდება მაგათთან რომ არ ჭრის, მაი ამბავი კაი ხანია ვიცი მე. გინებას კიდევ, ამ ხნის კაცი ვარ და, საკუთარ შვილებს ვერ ვაკადრებ და უცხო ბოვშებს რავა შევკადრებ. მარტო იმას ვეტყვი რომე, შეგეშალათ ხელობის არჩევა ბიძიკოებო. წაით საცხა სოფელში. ან ბებია გეყოლებათ, ან ნათესავი ვინცხა, დეიჭირეთ ხელში ოროყიანი თოხი, დეიფარეთ თავზე ჭილობის ქუდი და მიხედეთ საქმეს. მარა, თქვენი უხეირობის ამბავი რომ ვიცი, იქაც გააფუჭებთ საქმეს და შეიძლება თოხნისას, სარეველა ბალახს სიმინდიც ქე გააყოლოთ.

ან თქვენს თავს რას ერჩით და ან მე რას მერჩით, რომ მიხეთქავთ გულს ამ ბებერ კაცს. სულ იმას წუწუნებთ, პირობები არ გვაქვენ და ფული არ გვაქვენო. ისემც თქვენ რა გითხარით მე! აპა ბრაზილიელებმა რა უნდა თქვან? მაგათი ფეხბურთელები სულ წვალებაში და შიმშილში არიან დაზრდილები, მარა ქე იცით, სტადიონზე რასაც შობიან! თქვენ კიდო, დაგიღიათ პირები შოშიებივით და ვერც კი ხვდებით, საკუთარ მინდორზე 3:0 მარცხი რაფერი სირცხვილი და თავის მოჭრაა. რა თქვენი საქმეა ევროპის ტურნირებზე თამაში. იყავით აწი აქანე და ყლაპეთ ქუთეისის მტვერი. მეტის ღირსები მაინც არა ხართ!


0.121924