ფეხბურთი

20:25 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში ფეხბურთი უგოლოდ დაბრუნდა

ხანგრძლივი, იძულებითი შესვენების შემდეგ ქუთაისს დიდი ფეხბურთი დაუბრუნდა. ყველას ახსოვს სკანდალური მატჩი თბილისის “დინამოსთან”, რომლის შედეგადაც “ტორპედომ” ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. გასული სეზონის დასკვნითი ნაწილი ქუთათურებმა ნეიტრალურ მოედანზე, თბილისში “მიხეილ მესხზე” ჩაატარეს. ახალ სეზონში კი პირველი მეტოქე, რომელსაც ტორპედოელებმა უმასპინძლეს, გორის “დილა” იყო. ორივე გუნდმა XXVI ეროვნულის სასტარტო შეხვედრა წარმატებით ჩაატარეს. იმერლებმა გასვლით მატჩში, ლანჩხუთში 3:0 დაამარცხეს ფოთის “კოლხეთი”, ხოლო გორელებმა შინ 2:0 სძლიეს ცხინვალის “სპარტაკს”.

შეხვედრა ქუთაისში ნელ ტემპში დაიწყო, რომლის დროსაც ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ. ქარ-სიცხიან ამინდში მეტოქესთან შედარებით უფრო აქტიურად ქუთათურები გამოიყურებოდნენ. პირველი სახიფათო მომენტიც სწორედ მასპინძლებმა შექმნეს. მე-10 წუთზე ჩიკვილაძის მიერ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დარტყმული შეყრილაძემ ხელებში ვერ შეიმაგრა და ბურთი წინ გადაუვარდა. დამატებაზე კვერნაძე ცდილობდა უშედეგოდ გატანას, თუმცა ასისტენტმა თამაშგარე დააფიქსირა და საგოლე სიტუაციაც განიმუხტა. ამის შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში საინტერესო მოედანზე არაფერი მომხდარა. მოწინააღმდეგენი საფეხბურთო არენის ყველა მონაკვეთზე იბრძოდნენ, თუმცა შეტევაში ღირებულს ვერაფერს აკეთებდნენ.

 საერთო ჯამში პირველმა ტაიმმა ძალზე უსახურად ჩაიარა. მეტოქენი ყველაზე მეტად არაზუსტი გადაცემებით და გაუგებარი გადაწყვეტილებებით გამოირჩეოდნენ. შესაძლოა ამის მიზეზად აუტანელის სიცხეც დავასახელოთ, მაგრამ იმ შეცდომების რაოდენობას თუ დავაკვირდებით, მაშინ შეგვიძლია ის დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ჯერჯერობით გუნდები ოპტიმალურ ფორმაში არ იმყოფებიან. თუმცა ეს არცაა გასაკვირი, ჯერ მეორე ტურია და გუნდებს სასურველი სათამაშო ფორმისათვის ჯერ არ მიუღწევიათ. ტაიმი ისე დასრულდა, მოწინააღმდეგეებს სერიოზულად ერთმანეთის კარის დარაჯები არ შეუწუხებიათ.

მეორე ტაიმიც წინამორბედის მსგავსად დაიწყო. მცირეოდენ ტერიტორიულ უპირატესობას ისევ დასავლელები ფლობდნენ. ქუთაისელთა გამოცდილმა დამრიგებელმა პირველი ტაიმის მიწურულს და მეორე ნახევრის დასაწყისში სამივე შეცვლა გამოიყენა. გორელთა კარს 52-ე წუთზე შორეული დარტყმით ისევ ჩიკვილაძე დაემუქრა, რომლის მოგერიება შეყრილაძემ გაჭირვებით შეძლო, თუმცა ქუთაისელთათვის სამწუხაროდ, გადავარდნილ ბურთზე დამატება ვერავინ მოახერხა. ნელ-ნელა, თანდათანობით მასპინძელთა უპირატესობა იზრდებოდა, თუმცა ვერ ვიტყვით იმას, რომ ქუთათურებმა რაიმე გარდატეხაშეიტანეს პაექრობაში. უბრალოდ, მათ პროცენტულად უფრო მეტი ბურთის ფლობა ჰქონდათ და შეტევების მეტი მცდელობა ჰქონდათ მოწინააღმდეგესთან შედარებით. ტორპედოელთა შეტევითი ხაზი ფიფიას და ქებურიას გამოსვლის შემდეგ უფრო აქტიური გახდა, თუმცა ბოლო ფაზაში მასპინძელთა ფორვარდებს საქმე გადამწყვეტ დარტყმამდე ვერ მიჰყავდათ.

მატჩის ეპილოგში ტორპედოელები შეეცადნენ შეტევები გაეძლიერებინათ, თუმცა ძოძუაშვილის შეგირდებს არც საკუთარი კარს უსაფრთხოება ავიწყდებოდათ. რამდენიმეჯერ გორელებს კონტრშეტევების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ქუთაისელთა მცველებმა იოლად განმუხტეს მდგომარეობა. 82-ე წუთზე მასპინძლებს დაახლოებით 25 მეტრიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღეს. სტანდარტული ფიფიამ შეასრულა. ქუთაისელთა ნახევარმცველის დარტყმული შიდაქართლელთა კიპერისთვის ძნელად ასაღები იქნებოდა, მაგრამ გორელთა იღბლად ბურთმა მცირე მანძილით გადაუარა ხარიხას.

თამაშის უკანასკნელ წუთებზე მეტოქეებს ერთმანეთის კართან რაიმე ღირებული არ შეუქმნიათ. შესაბამისად მატჩიც უგოლოდ, ფრედ 0:0 დასრულდა. ბუნებრივია, თუ მატჩში ხეირიანად ვერ შეუტევ გოლსაც ვერ გაიტან. ასე რომ ქუთაისური მატჩის შედეგს ლოგიკური ნამდვილად ეთქმის.

 

უჩა სოსიაშვილი (“დილა): “ქუთაისში თამაში ყოველთვის ძნელია, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს “ტორპედო”. ორივე გუნდმა იბრძოლა, ბოლომდე ითამაშა მოგებისთვის, მაგრამ გატანა არ მოხერხდა. ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და ორ თვეში გუნდის დალაგება და  სანახაობრივად მაღალ დონეზე თამაში რთულია. ვფიქრობ თანდათანობით მოვუმატებთ და სასურველ თამაშსაც ვაჩვენებთ ქომაგებს”.

რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “დღეს თამაშობდა ორი გუნდი, რომელთაც შემადგენლობები გასულ სეზონთან შედარებით რადიკალურად შეცვლილი აქვთ. მოედანზე ქომაგებმა იხილეს ნამდვილი ბრძოლა, სპორტული წესების სრული დაცვით. ჯერჯერობით ვცდილობთ გუნდის შეთამაშება ჰარმონიულად მოვახდინოთ. მეტი მუშაობაა საჭირო შეტევის გასაძლიერებლად. შედეგი ლოგიკური იყო”.

 

15 აგვისტო. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1000 მაყურებელი

“ტორპედო” – “დილა” 0:0 (0:0)

 “ტორპედო”: ბობღიაშვილი, თოდუა, მახვილაძე, აბრამიძე, ჩაკვეტაძე, ელიავა, ტაბატაძე, ნიკო კვასხვაძე (ქებურია, 53), ტუღუში (მარკოზაშვილი, 43), კვერნაძე (ფიფია, 49, ჩიკვილაძე.

მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

“დილა”: შეყრილაძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, ჯაფარიძე, ხურცილავა, რაზმაძე, წიქარიძე, კვეკვესკირი (ლომიძე, 73), ახალკაცი, სეთურიძე, მოდებაძე (არაბული, 57).

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გაფრთხილება: რაზმაძე (56), თოდუა (84)

არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)

 

1.            ტორპედო                      2                    1                 1                 0                  3:0                4      
2. დილა                   2 1 1 0 2:0 4
3. შუქურა  2 1 1 0 2:1 4
4. ზესტაფონი          1 1 0 0 6:0 3
5. ვიტ ჯორჯია 1 1 0 0 2:0 3
6. დინამო  (თბ) 1 1 0 0 2:0 3
7. მეტალურგი          1 1 0 0 2:1 3
8. სიონი                 1 1 0 0 1:0 3
9. დინამო (ბთ) 2 1 0 1 2:2 3
10. სპარტაკი            2 1 0 1 1:2 3
11. გურია                 2 0 1 1 0:6 1
12. ზუგდიდი             1 0 0 1 1:2 0
13. ჩიხურა  1 0 0 1 0:1 0
14. სამტრედია         1 0 0 1 0:2 0
15. მერანი              2 0 0 2 0:3 0
16. კოლხეთი            2 0 0 2 0:4 0
0.060817