სხვა

13:12 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისელ ჰოკეისტთა ორმაგი წარმატება

საქართველოს 2013 წლის თასის გათამაშება ინდორ(დარბაზის) ჰოკეიში როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა გუნდებს შორის ტურნირის მასპინძლების - ქუთაისელი ჰოკეისტების გამარჯვებით დასრულდა. წლევანდელი ქვეყნის ჩემპიონატის ტრიუმფატორებმა მეტოქეებს აღარც ეს საპატიო ჯილდო დაუთმეს.

ვაჟთა გუნდების ფინალში ერთმანეთს „ქუთაისი“ და აჭარის ნაკრები დაუპირისპირდნენ. მასპინძლებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეძლეს დაწინაურება -  სოსო კუხიანიძემ ზედიზედ 2-ჯერ დალაშქრა აჭარელთა კარი. მე-2 ნახევარში ქუთაისელთა უპირატესობა უფრო შესამჩნევი იყო. კუხიანიძემ 2 გოლიც მიითვალა, მერე კი დავით ტოფაძემ და გიორგი ჯიმშელეიშვილმა გამოიჩინეს თავი. ზღვისპირელებს მათი საუკეთესო მოთამაშის ანრი ქობულაძის „დუბლმა“ ვერ უშველა და საბოლოოდ „ქუთაისმა“(მწვრთნელები დავით მოდებაძე, ხვიჩა ჯავახაძე) 6:2 მოიგო.

მეტად დაძაბული გამოდგა ქალთა გუნდების გადამწყვეტი შეხვედრა. აბაშელმა გოგონებმა ტოლი არ დაუდეს გამოცდილ ქუთაისელებს, თუმც მაინც დამარცხდნენ - 3:4. ქუთაისის გუნდიდან(მწვრთნელი- ავთანდილ თევდორაძე, მოთამაშე მწვრთნელი- ბელა ბასილაძე)  ბელა ბასილაძემ(2), თამუნა სუპატაშვილმა და მარი ზირაქაძემ გაიტანეს, აბაშელთაგან მეტოქის კარი მარი ჯანელიძემ, სოფო ქორჩილავამ და ნინო თოფურიამ აიღეს.

საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეს სამსახური 


 

0.19318